ბს-1236-1202(კ-10) 26 იანვარი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის – ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც ფოთის საგადასახადო ინსპექციის 04.01.06წ. გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების აქტისა და 28.02.06წ. საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და ¹04-01/54 საგადასახადო შეტყობინების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 30.10.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 04.01.06წ. გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების აქტი და 28.02.06წ. საგადასახადო მოთხოვნა შპს ,,...” 41161 ლარის დარიცხვის ნაწილში, მოსარჩელეს გადასახდელად დარჩა 6180 ლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,...” და ფოთის საგადასახადო ინსპექციამ. შპს ,,...” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილება, რომელზეც უარი ეთქვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ფოთის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.10წ. გადაწყვეტილებით ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს «...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 30.10.06წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 04.01.06წ. გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების აქტი, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. საგადასახადო მოთხოვნა შპს «...» 39374 (ოცდაცხრამეტიათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარის დარიცხვის ნაწილში და მას გადასახდელად დაურჩა 7967 (შვიდი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი) ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.10წ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.10წ გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.