¹ბს-1237-1203(კ-10) 8 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ამხანაგობა ,,...” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 თებერვალს ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹113-ში მდებარე ბინისა და საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ბათუმის მერიის, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის, ამხანაგობა ,,...”, შპს ,,...” და მესამე პირების ჯ. ზ-ძის, გ. ო-ძის, შპს ,,...” და შპს ,,...” მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა: 1)აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ¹473 ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებას; 2) ქ.ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე 280 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს ,,...” საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებას; 3) შპს ,,...” 2007 წლის 16 ნოემბრის ¹27 ბრძანების არარა აქტად აღიარებას, 2007 წლის 26 ნოემბრის სააუქციონო ვაჭრობის ¹8 ოქმისა და 2007 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას; 4) ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე 280 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჯ. ზ-ძის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებას; 5) ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე 43,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის გ. ო-ძის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებას; 6) ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე 326,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის - ,,...” საკუთრების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებას; 7) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 17 ივნისის ¹01-22/602 და 2008 წლის 4 სექტემბრის ¹01-22/930 ბრძანებების, აგრეთვე ამხანაგობის - ,,...” სახელზე გაცემული ¹242/08 მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე იმავე სამსახურის 2008 წლის 31 ოქტომბრის ¹01-22/1194 ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებას; 8) ამხანაგობა ,,...” უკანონო მფლობელობიდან ამხანაგობა ,,...” საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გამოთხოვასა და ამხანაგობა ,,...” დაბრუნებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და დამატებით მოითხოვა: ქ. ბათუმის 2009 წლის 16 მარტის ¹162 ბრძანების ბათილად ცნობა, აგრეთვე 2007 წლის 26 ნოემბრის სააუქციონო ვაჭრობის ¹8 ოქმისა და 2007 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,...” და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობა ,,...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინება ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის ¹162 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში; საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,...”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ამხანაგობა ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,...”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ამხანაგობა ,,...” საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარემ – ნ. მ-აიამ ქუთაისის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა 2010 წლის 26 ივნისს (ს.ფ. 287). აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბათუმის საფოსტო განყოფილების მეშვეობით 2010 წლის 27 ივლისს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარეს – ნ. მ-აიას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 26 ივნისს, ამდენად მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 26 ივლისის 24 საათამდე, ხოლო კასატორის წარმომადგენლის – გ. წ-ძის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა ბათუმის საფოსტო განყოფილების მეშვეობით 2010 წლის 27 ივლისს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,...” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ამხანაგობა ,,...” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.