ბს-1238-1204(კ-10) 18 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. შ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2010 წლის 12 აპრილს ი. შ-ძემ სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მიმართ და მოითხოვა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალდებულება 2006 წლის 18 დეკემბრიდან საფინანსო სამსახურში მოსარჩელის აღდგენის შესახებ (იხ. ს.ფ. 4-12; ტ.I).
ი. შ-ძის სარჩელი არ ცნო მოპასუხე აბაშის მუნციპალიტეტის გამგეობამ უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 35-42; ტ.I).
აბაშის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ი. შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 113-121; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ძემ და მოითხოვა აბაშის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 134-142; ტ.I).
ი. შ-ძის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (იხ. ს.ფ. 12-19; ტ.II).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით ი. შ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 28-33; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 40-49; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ი. შ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 253-254; ტ.II).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.
კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38, აბაშის საფინანსო სამსახურის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹202 ბრძანებებზე და გამგეობის ლიკვიდაციაზე, მაგრამ აღნიშნული ბრძანებები არ ჩაჰბარებია ი. შ-ძეს. საფინანსო სამსახურის ლიკვიდაცია 2005 წლიდან არ მომხდარა.
კასატორის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეუსრულებიათ 2007 წილს 31 მაისის გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტი და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38 ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან. ასევე უკანონოა ¹202 ბრძანება, რომელშიც მითითებულია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლიკვიდაციაზე, მაგრამ არ არის აღნიშნული საფინანსო სამსახურის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების შესახებ, რის გამოც გაურკვეველია ი. შ-ძის გათავისუფლების საფუძველი. აბაშის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ, რომლის დაქვემდებარებაში შედიოდა საფინანსო სამსახური, ჩამოყალიბდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომლის დაქვემდებარებაშიც დარჩა საფინანსო სამსახური იგივე საშტატო ერთეულით, ფუნქციებითა და იმავე კადრებით. საფინანსო სამსახურს არ შეუწყვეტია ფუნქციონირება, რის გამოც არ მომხდარა მისი ლიკვიდაცია და არც შტატები შემცირებულა. გამგებელმა კონკურსის გარეშე დანიშნა იგივე თანამშრომლები. შესაბამისად, უკანონოდ მოხდა ი. შ-ძის გათავისუფლება და ასევე უკანონოდ ეთქვა უარი სამსახურში მიღებაზე.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნები, კერძოდ, მისი გათავისუფლებისას არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულმა ორგანომ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ გაითვალისწინა კვალიფიკაცია და სპეციალობა.
ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ მისი საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 260-262; ტ.II).
მოწინააღმდეგე მხარემ _ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები იურიდიულად დასაბუთებულია, ემყარება საქმის გარემოებების ობიექტურად შესწავლას და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ი. შ-ძის გათავისუფლება მოხდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი გამგეობისა და მისი სამსახურების, მათ შორის საფინანსო სამსახურის ლიკვიდაციის გამო. ი. შ-ძის გათავისუფლების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹38 ბრძანება გასაჩივრდა სასამართლოში, მაგრამ იგი კანონიერად მიიჩნია სასამართლომ. აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება აღსრულდა მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანებით და ი. შ-ძე აღდგენილ იქნა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროს სპეციალისტად 2005 წლის 1 თებერვლიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე, ანუ გამგეობის ლიკვიდაციის გამო სამუშაოდან მის გათავისუფლებამდე (იხ. ს.ფ. 276-281; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ ი. შ-ძის საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. შ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. შ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. შ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. შ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.