Facebook Twitter

ბს-1242-1208 (კ-10) 22 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 27 იანვარს ნ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 22 იანვრის ადგილზე დათვალიერების აქტებისა და ამავე კომისიის 2009 წლის 23 იანვრის ¹1 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით, განმწესრიგებელ სხდომაზე, დაუშვებლობის მოტივით, შეწყდა საქმის წარმოება კომისიის ადგილზე დათვალიერების აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ძემ.

Aაპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ბ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ნ. ბ-ძეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.