Facebook Twitter

ბს-1248-1192(კ-09) 17 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ., გ., მ. ქ-შვილებისა და ლ. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ხ-შვილმა, გ. ქ-შვილმა და მ. ქ-შვილმა 26.08.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, კახეთის სააღსრულებო ბიუროს გურჯაანის რაიონის აღმასრულებელ გ. შ-შვილის მიმართ. მოსარჩელეებმა გურჯაანის რაიონის აღმასრულებლის გ. შ-შვილის მიერ 26.06.03წ. გაცემული განკარგულების გაუქმება და კუთვნილი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა მოითხოვეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.05.04წ. გადაწყვეტილებით ლ. ხ-შვილის, გ. ქ-შვილისა და მ. ქ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.10.05წ. განჩინებით ნ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.05.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნული საქმე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 03.02.06წ. განჩინების საფუძველზე განსახილველად გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 16.04.08წ. გადაწყვეტილებით ლ. ხ-შვილის, გ. ქ-შვილისა და მ. ქ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ., მ., გ. ქ-მა და ლ. ხ-შვილმა.

თბილისის სააპალაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.09წ. განჩინებით სააპალაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 16.04.08წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ., მ., გ. ქ-მა და ლ. ხ-შვილმა. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.03.09წ. განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ., გ., მ. ქ-შვილებისა და ლ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ., გ., მ. ქ-შვილებისა და ლ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1 თ., გ., მ. ქ-შვილებისა და ლ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.