ბს-1256-1220(კ-10) 17 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები (მოსარჩელეები) _ გ. თ-ური; დ. თ-ური; წარმომადგენელი _ ე. თ-ური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; წარმომადგენელი _ ლ. ბ-ძე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი _ ე. ო-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 2 ნოემბერს გ. და დ. თ-ურებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ.
2009 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელეებმა დააზუსტეს სარჩელი და დამატებით მოპასუხეებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენდნენ. 2008 წლის დეკემბერში ჩასახლდნენ მცხეთის რაიონის, სოფელ .... და ამავე წლის 19 დეკემბერს კანონით დადგენილი წესით ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დარეგისტრირდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში; გ. თ-ურის ოჯახი ¹1095 კოტეჯში, ხოლო დ. თ-ურის ოჯახი ¹1096 კოტეჯში.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის ¹731 განკარგულებით ახალ ჩასახლებულ ოჯახებზე გაიცემოდა ერთჯერადი ფულადი დახმარება, სულზე 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება 2008 წლის 30-31 დეკემბერს ორივე ოჯახმა მიიღო.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2009 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დადგენილების მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან გავრცელდა 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებიც არ იღებდნენ საარსებო შემწეობას, დადგენილი წესით აღრიცხულნი იყვნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განსახლებულნი იყვნენ სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელი იყო (ამ ადგილის ოკუპაციის გამო). ამასთან, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწეოდა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ საარსებო შემწეობის მიღების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს წეროვნის გამგეობას, შემდგომ კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თუმცა მიუხედავად ამ გარემოებისა, 2009 წლის 1 იანვრის ნაცვლად მათ საარსებო შემწეობა 2009 წლის ივნისიდან მიიღეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 23 ივნისის ¹10/10-13635 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2009 წლის 11 ნოემბრის ¹05/01-14/5579 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის _ 5 თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის თანხების, თითოეული ოჯახის სასარგებლოდ 390-390 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით გ. თ-ურისა და დ. თ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენდნენ. მოსარჩელეთა ოჯახებს 2009 წლის მაისიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ჰქონდათ საარსებო შემწეობის თანხები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 23 ივნისის ¹10/10-13635 წერილით მოსარჩელეებს განემარტათ, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წარდგენილი სია საარსებო შემწეობის თანხების გაცემაზე გადახედვას და გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2009 წლის 11 ნოემბრის ¹05/01-14/5579 წერილით კი მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ ვინაიდან, მათი თანხმობა საარსებო შემწეობის მიღების თაობაზე შეივსო 2009 წლის 27 აპრილს, ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდეს 2009 წლის მაისის თვეში და შესაბამისად, სააარსებო შემწეობის გაცემა დაიწყო 2009 წლის ივნისიდან.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სოციალური დახმარებების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით განისაზღვრებოდა სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშებისა და ანგარიშსწორების წესი. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლებას მოიპოვებდნენ ის პირები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლები იყო ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა იყო 57001.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,სოციალური დახმარებების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში 2009 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით ¹145 დადგენილების მე-11 მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან ერთი წლით გავრცელდა იმ ოჯახებზე, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენდნენ, არ იღებდნენ საარსებო შემწეობას, დადგენილი წესით აღრიცხულნი იყვნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, ცხოვრობდნენ სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელი იყო (ამ ადგილის ოკუპაციის გამო) და მათი ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწეოდა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე მუხლის მე-11 პუნქტით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან შეთანხმებით მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახთა სიის სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში კი არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და სიის შესაბამისად დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა გადახედვას და გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა, გარდა მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-14 პუნქტით კი განისაზღვრა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნაზე წერილობითი თანხმობის გაცემა, რომელშიც აღინიშნებოდა ეწეოდა თუ არა რომელიმე პირი საბიუჯეტო დაწესებულებაში ანაზღაურებად საქმიანობას.
Yსაქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეები «სოციალური დახმარებების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის მიმღებ სუბიექტებს წარმოადგენდნენ.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი თანხმობის მოპოვება და ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახთა სიის სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდება ევალებოდა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მართალია საქართველოს მთავრობის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან ერთი წლით გავრცელდა ზემოაღნიშნულ ოჯახებზე, მაგრამ ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის დანიშვნა ხორციელდებოდა მე-9 მუხლით გათვალისწინებული ოჯახების წერილობით თანხმობის შემთხვევაში, ამდენად, დადგენილი წესით ოჯახების აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, სახელმწიფოს მიერ შესყიდულ რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში მათი განსახლება და შესაბამისად, ამგვარი სიების წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ იწვევდა საარსებო შემწეობის დანიშვას, რადგან ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის დანიშვნის აუცილებელ და სავალდებულო წინაპირობად განისაზღვრა სამინისტროს მიერ წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილების მე-14 პუნქტის დათქმა ,,წერილობითი თანხმობის მოპოვება” გულისხმობდა არა სამინისტროს მიერ თითოეულ ოჯახთან მისვლას და წერილობითი თანხმობის მოპოვებას, არამედ უშუალოდ საარსებო შემწეობის მიმღები სუბიექტების მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის წერილობითი თანხმობის წარდგენას, რომლის შემდეგ სამინისტრო ამავე დადგენილების ხსენებული მუხლის პროცედურული წესების დაცვით უზრუნველყოფდა მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგებოდნენ «სოციალური დახმარებების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მოთხოვნებს და აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. თ-ურმა და დ. თ-ურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით გ. თ-ურისა და დ. თ-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და დ. თ-ურებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები არ დაეთანხმნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ საქალაქო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს მთავრობის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-14 პუნქტთან მიმართებაში, რადგან კანონში ნათლად ეწერა, რომ წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ევალებოდა. კასატორთა მოსაზრებით, კანონში არ იყო მითითებული, რომ დევნილ მოსახლეობას ოჯახის მონაცემები სამინისტროში თავად უნდა წარედგინა. კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ მათ საარსებო შემწეობის მიღებაზე წერილობითი თახმობები ჩააბარეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს, მათი სოფლის რწმუნებულს, ხოლო შემდგომ განცხადებით მიმართეს როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ამასთან, მათ უკვე მიღებული ჰქონდათ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის ¹731 განკარგულებით ახალ ჩასახლებულ ოჯახებზე გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. თ-ურისა და დ. თ-ურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, გ. და დ. თ-ურების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 27 იანვარს 12:30 საათზე.
2011 წლის 17 თებერვლის სასამართლო სხდომაზე კასატორებმა დააზუსტეს საკასაციო მოთხოვნა და საბოლოოდ მოპასუხეებისათვის თითოეული ოჯახის სასარგებლოდ, 5 თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის თანხების ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ. და დ. თ-ურები 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენენ. ისინი 2008 წლის დეკემბერში ჩასახლდნენ მცხეთის რაიონის, სოფელ ... და ამავე წლის 19 დეკემბერს კანონით დადგენილი წესით, ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დარეგისტრირდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. G. თ-ურის ოჯახი დარეგისტრირდა _ ¹1095 კოტეჯში, ხოლო დ. თ-ურის ოჯახი _ ¹1096 კოტეჯში (ტ. I, ს.ფ. 1-12). G. და დ. თ-ურების ოჯახებს 2009 წლის ივნისიდან 2009 წლის დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვთ საარსებო შემწეობის თანხები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 23 ივნისის ¹10/10-13635 წერილით კასატორებს განემარტათ, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წარდგენილი სია, საარსებო შემწეობის თანხების გაცემაზე გადახედვას და გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა (ტ. I, ს.ფ. 59-60). საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2009 წლის 11 ნოემბრის ¹05/01-14/5579 წერილით კი კასატორებს ეცნობათ, რომ ვინაიდან, მათი თანხმობა საარსებო შემწეობის მიღების თაობაზე შეივსო 2009 წლის 27 აპრილს, ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდეს 2009 წლის მაისის თვეში და შესაბამისად, სააარსებო შემწეობის გაცემა დაიწყო 2009 წლის ივნისიდან (ტ. I, ს.ფ. 37-38).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით განისაზღვრება სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშებისა და ანგარიშსწორების წესი. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლებას მოიპოვებენ ის პირები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლები არის ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ამჟამად საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დადგენილების მე-11 მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომლითაც მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან ერთი წლის ვადით გავრცელდა 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებიც არ იღებდნენ საარსებო შემწეობას, დადგენილი წესით აღრიცხულნი იყვნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და ცხოვრობდნენ სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელი იყო (ამ ადგილის ოკუპაციის გამო) და ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწეოდა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან შეთანხმებით მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში კი არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვისა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ კასატორები ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-9 პუქტით განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მიმღებ სუბიექტებს წარმოადგენენ.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საარსებო შემწეობის მიღებაზე წერილობითი თანხმობის წარდგენა მოსარჩელეების ვალდებულებას წარმოადგენს და მათ საარსებო შემწეობის თანხები, მხოლოდ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ უნდა აუნაზღაურდეთ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონის სწორ განმარტებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს _ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლის ნებისა და მისი მიზნის სწორი განმარტებისათვის საჭიროა ერთმანეთისაგან განვასხვავოთ პენსიის დანიშვნის და საარსებო შემწეობის დანიშვნის წესი და პირობები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში კანონმდებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პენსიის დანიშვნის სავალდებულო პირობას განცხადების წარდგენა წარმოადგენს და კომპეტენტური ორგანოს მიერ მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება მხოლოდ განცხადების წარდგენის დღიდან. ,,სოციალური დამხარების შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-12 პუნქტში კი კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებს საარსებო შემწეობა უნდა მიეცეს 2009 წლის იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კანონმდებელს საარსებო შემწეობის დანიშვნის სავალდებულო პირობად არ განუსაზღვრავს საარსებო შემწეობის მიმღები სუბიექტების მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნაზე წერილობითი თანხმობის (სადაც აგრეთვეE აღინიშნება ოჯახის რომელიმე წევრი ეწევა თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა. შესაბამისად, სამინისტროს მიერ წერილობითი თანხმობის დაგვიანებით მოპოვება და შემდგომ, აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება არ შეიძლება გახდეს საარსებო შემწეობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საარსებო შემწეობის თანხების გაცემა ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ოჯახებზე უნდა განხორციელებულიყო 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზემოაღნიშნული ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას ან სხვა მიზეზით ოჯახი უარს განაცხადებდა საარსებო შემწეობის მიღებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც გ., ისე დ. თ-ურის ოჯახმა 2008 წლის 30-31 დეკემბერს მიიღო საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის ¹731 განკარგულებით ახალი ჩასახლებული ოჯახებისათვის განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება და მათ აღნიშნული დახმარების მიღებაზე უარი არ განუცხადებიათ. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კასატორებმა საარსებო შემწეობის მიღების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოებს. ამდენად, წერილობითი თანხმობის დაგვიანებით წარდგენის მიზეზით მათთვის 5 თვის საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმა საფუძველს მოკლებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. თ-ურისა და დ. თ-ურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. და დ. თ-ურების სარჩელი დაკმაყოფილდება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალება გ. და დ. თ-ურების ოჯახებზე (ორ ოჯახზე) გასცეს საარსებო შემწეობა 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 ივნისამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და
G გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. და დ. თ-ურების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. და დ. თ-ურების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გ. და დ. თ-ურების ოჯახებზე (ორ ოჯახზე) გასცეს შემწეობა 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 ივნისამდე;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.