Facebook Twitter

ბს-1262-1226(კ-10) 11 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოსარჩელე) – გ. ტ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება

სარჩელის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ტ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 26 იანვრის ¹57 ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანებით გათავისუფლდა ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სასამართლო წესით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების მომენტიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ 2010 წლის 26 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2008 წლის 25 სექტემბრიდან, რაც არღვევს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 26 იანვრის ¹57 ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გ. ტ-ძის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ძემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით გ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლი, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, მიიჩნია, რომ გ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა დასაბუთებულ მოტივაციას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ამდენად ის არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა..

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კახაბერ მაქაცარიას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი გ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა _ გ. ტ-ძემ დააზუსტა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მოტივის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების თანახმად დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანებით გ. ტ-ძე გათავისუფლდა ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება მის მიერ გასაჩივრდა სასამართლო წესით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების მომენტიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ 2010 წლის 26 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2008 წლის 25 სექტემბრიდან.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა _ გ. ტ-ძემ დააზუსტა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველად, გ. ტ-ძემ სასარჩელო წესით სადავოდ გახადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის ბრძანება, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე, ამასთან აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვდა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, გ. ტ-ძეს უარი ეთქვა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა გ. ტ-ძისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე (იხ.ს.ფ. 23).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო (ხელფასი). ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად კი, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებულ შრომითი უფლებების დაცვისა და შრომის ანაზღაურების პრინციპებს. ამდენად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს კანონი აძლევს უფლებას, მოითხოვოს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) და 2005 წლის 28 ნოემბრის ¹ბს-1043-625(კ-05) განჩინებებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს, პირის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემიდან ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამასთან, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ითვლება, რომ მოხელე, კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან განთავისუფლებული არ არის, რის გამოც მას მიეცემა იძულებითი განაცდური ხელფასი, იმ ხელფასის შესაბამისად, რომელსაც იგი იღებდა სადავო ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემამდე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანება, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემომითითებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ტ-ძის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.