ბს-1270-1234(კ-10) 21 დეკემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჯ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის _ ი. ჟ-ძის მიმართ და მოითხოვა ი. ჯ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმის სახით – 20944 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით – 5494,55 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 6283,2 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების სახით – 391,42 ლარის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:
საქმის გარემოებები:
ი. ჯ-ძემ 2005 წლის 13 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ნოემბრის ¹2735 ბრძანებით მოპასუხე ი. ჯ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს გამოყოფილი ასიგნებები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფის, წვრთნისა და აღჭურვისათვის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თითოეული ლარი განკარგოს დანიშნულებისამებრ ანუ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით.
კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ “სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი, “სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) ერთ წლამდე ან ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, დარჩენილი ვადის ხელფასის სახით, საშუალოდ 1400 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე – ი. ჯ-ძე სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ნოემბრის ¹2735 ბრძანებით 2006 წლის 2 ნოემბრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენს 10 თვესა და 20 დღეს, მასზე ვრცელდება კონტრაქტის 7.3 ,,ა” ქვეპუნქტი.
ამავე კონტრაქტის 7.4 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო მოსამსახურის” მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი) მეორე პუნქტის მიხედვით, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხიმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მისი გარეშე ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო ოდენობის 30%-მდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს არა კონტრაქტის 7.4 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, არამედ საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულებით შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კერძოდ, ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.1 361.1, 317.1, 417-ე, 394.1 407-ე, 414-ე მუხლით, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი და კონტრაქტის 7.1, 7.2, 7.3, 7.4 და 8.3 პუნქტების საფუძველზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ი. ჯ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით – 20944 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 6283,2 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით – 391,42 ლარისა და სწავლებაზე გახარჯული თანხის – 164,22 ლარის გადახდა, ხოლო ზიანის – 5330,33 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის ¹119 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებულების დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავით რეგულირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი. მითითებული თავის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე (იხ. ტ. 1 ს.ფ. 46-54).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება (იხ. ტ.1; ს.ფ. 47-58.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასკვნები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი (ტ.2; ს.ფ. 13-16).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, თავდაცვის სამინიტრო მოპასუხისგან არ ითხოვს მასზე გადახდილ ხელფასს, ეს თანხა არის მოპასუხის სანაცვლოდ დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეზე გადახდილი თანხა. სამინისტრო ითხოვს ზიანის სახით იმ თანხას, რომლის ხელახლა გადახდაც მას მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის იმ დონმედე გაწვრთნისათვის რა დონეზეც იყო მოპასუხე კონტრაქტის დარღვევის დროისათვის.
კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის ეტაპობრივ წვრთნასა და მომზადებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე დასახარჯი თანხების ისეთი აუცილებელი კომპონენტი, როგორც არის გადასახდელი ხელფასი. აღსანიშნავია, რომ ხელფასის ზრდა გამოწვეული იყო სწორედ იმ გარემოებით, რომ პირი, რომელიც ვალდებულებას იღებდა სრული 4 წლის ვადით ემსახურა სამხედრო მოსამსახურედ 4 წლის განმავლობაში - მიიღებდა შესაბამისი ოდენობის ანაზღაურებას, რომლის გაცემა ხორციელდებოდა ეტაპობრივად და ის არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ანალოგიური ოდენობის, თუ სამხედრო მოსამსახურე სხვა უფრო მოკლე ვადით სამსახურის გავლის ვალდებულებას იკისრებდა.
მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით განპირობებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტით, თავდაცვის სამინისტრომ ვერ მიაღწია მიზანს, კერძოდ, ვერ მიიღო პროფესიულად გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მის მომზადებაზე დახარჯული საბიუჯეტო თანხები (მათ შორის სახელფასო თანხები) უშედეგოდ დაიხარჯა და იგივე დონის სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე სამინისტრო იძულებული იყო კვლავ გაეწია შესაბამისი დანახარჯები.
კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კონსტიტუციის 98.3 მუხლის მიხედვით, სამხედრო ძალების რაოდენობას ყოვეწლიურად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 29.12.2004 წლის კანონით 2005 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა განისაზღვრა 23000-ით, ხოლო ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 09.12.2005 წლის კანონით 2006 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემედგენლობა განისაზღვრა – 28000.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, ი. ჯ-ძის საქართველოს შეიარღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის გამო ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართვლოს 29.12.2004 წლის და 09.12.2005 წლის კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის რაოდენობის შენარჩუნების მიზნით სამინისტროს მოუწია სხვა სამხედრო მომსამსახურესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და მოპასუხეზე მოთხოვნილი თანხის ხელახლა დახარჯვა (მათ შორის, ხელფასის და სხვა თანხების) ახალი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, რაც ჰქონდა მიღწეული მოპასუხის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ასკ-ის 34.3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად /დივენგერტული კასაცია/.
მხარეებს შესაგებელი საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ი. ჯ-ძისათვის ჯარიმის – 20944 ლარის, პირგასამტეხლოს – 6283,2 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით – 391,42 ლარის, სწავლებაზე დახარჯული თანხის – 164,22 ლარისა და ხელფასის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ი. ჯ-ძისათვის კვების კომპენსაციის – 532,96 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა სრულად ეთანხმება ხელშეკრულების შეფასების ნაწილში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის მინისტრის სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის თაობაზე და ადასტურებს სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების შესახებ წარმოდგენილი მოტივაციის მართებულობას.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ნოემბრის ¹2735 ბრძანებით ი. ჯ-ძე კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ, მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას, ამდენად, მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა სასურსათო ულუფის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (532,96 ლარი), საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვს კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი. ჯ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის _ 532,96 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი იაშა ჯობაძისათვის კვების კომპენსაციის – 532,96 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ჯ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის _ 532,96 ლარის ანაზღაურება;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.