საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1271-1235(კ-10) 22 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქ. ა-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების მიმართ, მესამე პირი _ შპს “...”.
2009 წლის 2 ნოემბერს ქ. ა-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების 2009 წლის 21 აგვისტოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფისა და სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ ¹4 გაფრთხილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების 2009 წლის 1 სექტემბრის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის (გამოსახლების) ოქმისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2009 წლის 3 ოქტომბრის (ქ. ა-ავას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ¹129 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება შპს “...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ა-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-ავამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით ქ. ა-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-ავამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ქ. ა-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და მ. გ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობა, ვინაიდან საქმეში არსებული მინდობილობის ვადა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის გასული იყო, ხოლო საკასაციო საჩივარს მხოლოდ მ. გ-შვილი აწერდა ხელს. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზად და ქ. ა-ავას დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი და მ. გ-შვილის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა ქ. ა-ავას საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მის ნათესავს _ ე. ლ-შვილს 2010 წლის 19 ოქტომბერს. ამასთან, გზავნილის მიმღებმა პირმა ჩაიბარა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება, იკისრა ვალდებულება, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის, რის თაობაზე შესაბამისი აღნიშვნაც გააკეთა საფოსტო გზავნილზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის ჩაბარება _ ე. ლ-შვილისათვის ითვლება, განჩინების კასატორი მხარისათვის ჩაბარებად. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ა-ავასათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 20 ოქტომბრიდან, შესაბამისად, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაწესებული ხარვეზები უნდა შეევსო 2010 წლის 29 ოქტომბრამდე. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ქ. ა-ავამ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი განცხადებასთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 12 ნოემბერს, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსებისათვის მიცემული ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ქ. ა-ავას დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და მ. გ-შვილის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. 2010 წლის 12 ნოემბერს ქ. ა-ავამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ხოლო მ. გ-შვილის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ა-ავამ არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის “თ” და “ი” ქვეპუნქტებისა, ასევე მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან ქ. ა-ავას საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი რჩება, ქ. ა-ავას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 185-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ქ. ა-ავას საკასაციო საჩივარი;
2. ქ. ა-ავას დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.