Facebook Twitter

ბს-129-123(კ-10) 25 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. შ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 28 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, სასარჩელო განცხადებით მიმართა ხობის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ნ. შ-იას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლის 1 თებერვლის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების მოწმობის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც ნ. შ-ია გამოცხადებული იყო ქ. ხობში, ...… ¹3-ში მდებარე გზის ნაწილის მესაკუთრედ.

ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ განსახილველ საქმეზე განაცხადა თვითაცილება, რის შემდეგაც საქმე გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდგომ აღნიშნული საქმე განსახილველად გადაგზავნილ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოში.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხობის განყოფილების მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და 2006 წლის 1 თებერვლის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც ნ. შ-ია ცნობილი იყო ქ. ხობში, ... ¹3-ში არსებული გზების ნაწილის მესაკუთრედ; ნ. შ-იას ჩამოერთვა ნაწილობრივ ბათილად ცნობილი საკუთრების მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა და იგი დარჩა როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საერთო მისასვლელი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის დავალდებულების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხობის განყოფილების მიერ ნ. შ-იას სახელზე გაცემული 2006 წლის 1 თებერვლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და 2006 წლის 1 თებერვლის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. შ-იასათვის ქ. ხობში, ... ¹3-ში მდებარე 108 მ2 ფართის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ნ. შ-იას სახელზე განხორციელებულ სარეგისტრაციო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.