ბს-1296-1260(კ-10) 18 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ღ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 17 აპრილს ე. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. ღ-ძის მიმართ.
მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ რ. ღ-ძის სახელზე გაცემული ¹4755 საკუთრების უფლების მოწმობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 15 იანვრის ¹3 ოქმის ნაწილობრივ, კერძოდ, რ. ღ-ძისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის ნაწილში ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის რ. ღ-ძის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების დავალდებულება მოითხოვა.
2008 წლის 3 ივნისს რ. ღ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიისა და ფ. ვ-ძის მიმართ.
მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის ¹3269 საკუთრების მოწმობის და მის საფუძველზე ფ. ვ-ძესა და ე. ა-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ა-ძე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ¹3-330 და ¹3-503 საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა ერთიანი სარეგისტრაციო ნომერი ¹3-330.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ა-ძე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ღ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი Fფ. ვ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების ¹3269 მოწმობა; რ. ღ-ძის მოთხოვნა ფ. ვ-ძესა და ე. ა-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ე. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; 495 კვ.მ ნაწილში (2009 წლის 12 აგვისტოს ექპერტიზის დასკვნის შესაბამისად) ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება რ. ღ-ძის ნაწილში; 495 კვ.მ ნაწილში (2009 წლის 12 აგვისტოს ექპერტიზის დასკვნის შესაბამისად) ბათილად იქნა ცნობილი რ. ღ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების ¹4755 მოწმობა; გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების ¹4755 მოწმობის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი 495 კვ.მ ნაწილში (2009 წლის 12 აგვისტოს ექპერტიზის დასკვნის შესაბამისად).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ღ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, ე. ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილების და მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, რ. ღ-ძის სარჩელი 2008 წლის 11 იანვარს ფ. ვ-ძესა და ე. ა-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით რ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამარათლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ღ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.