Facebook Twitter

ბს-1309-1252(კ-09) 24 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. კ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-შვილმა 20.02.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოპასუხის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – აა¹279612 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის), სახდელის დადების შესახებ მიღებული შესაბამისი დადგენილების გაუქმება და მოპასუხეებისათვის ქმედების განხორციელების – სახელმწიფო საპატრულო პოლიციის სატრანსპორტო საშუალებებიდან კერძო სამართლის იურიდიული პირების სასაქონლო ნიშნების დაუყოვნებლივ ჩამოხსნის და კანონით გათვალისიწნებული სახელმწიფო (სარეგისტრაციო) სანომრე ნიშნების მიმაგრების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.07წ. განჩინებით ა. კ-შვილის სარჩელზე სამართალდამცავთა სატრანსპორტო საშუალებებზე კანონით გათვალისწინებული სანომრე ნიშნების არსებობის ნაცვლად კერძო სამართლის იურიდიული პირების სასაქონლო ნიშნის განთავსების შესახებ მოპასუხეთათვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ა. კ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აა¹279612 ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ბათილად ცნობისა და მის მიერ ჯარიმის სახით გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.08წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. კასატორი მიუთითებს “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის სასამართლოების მიერ გამოყენების აუცილებლობაზე, რომლის თანახმად შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას გზაჯვარედინზე შესული მძღოლი მოძრაობს დასახული მიმართულებით გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის სიგნალების მიუხედავად, მაგრამ თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ “სდექ” ხაზებია, მძღოლი ხელმძღვანელობს თითოეული შუქნიშნის სიგნალით. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებულ შუქნიშანზე მოძრაობის წესს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ა. კ-შვილმა გარე კახეთის ჩიხიდან ქეთევან წამებულის გამზირზე შეხვევის შემდგომ დაასრულა 32.4 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გზაჯვარედინზე მოძრაობა და გზის გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდგომ არ დაემორჩილა ქვეითთა გადასასვლელზე არსებულის შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანს, რომელზე მოძრაობის წესს განსაზღვრავს “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-14 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად შუქნიშნის ან მარეგულირებლის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს “სდექ” ხაზთან, ხოლო თუ ის არ არის გზაჯვარედინზე – გადასაკვეთ სავალ ნაწილზე (ამ კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად) ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს. აღნიშნული ნორმები მძღოლს ავალდებულებს შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გაჩერებას, მით უფრო იმ შემთხვევაში როდესაც გზაჯვარედინზე ქვეითთა გადასაკვეთი სავალი ნაწილია. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ადგილზე არსებულ შუქნიშანთან მკრთალად, მაგრამ მაინც მძღოლისათვის შესამჩნევი იყო ქვეითთა გადასასვლელისა და “სდექ” ხაზის მაჩვენებელი ნიშნები, რაც ა. კ-შვილს ავალდებულებდა გაჩერებულიყო შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – ა. კ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 17.11.09წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.