Facebook Twitter

¹ბს-1311-1275(კ-10) 7 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი _ გ. ა-ის უფლებამონაცვლის შ. ა-ის კანონიერი წარმომადგენელი ნ. ს-ე; წარმომადგენელი _ ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია; წარმომადგენელი _ დ. კ-ე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური; ა. პ-ი; წარმომადგენელი _ თ. ი-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 30 ოქტომბერს გ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ა. პ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას 1990-1999 წლებში ხელვაჩაურის რაიონის ........ მეურნეობაში სარგებლობის უფლებით გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 27 მაისის ¹38 მაისის დადგენილების საფუძველზე კი მოსარჩელეს ჩაუნაცვლეს მიწის ნაკვეთი და შპს ,,...... მეურნეობის” მიწებიდან სარგებლობის უფლებით გამოუყვეს 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. 2000 წლის 15 თებერვალს სარეფორმო კომისიის მიერ ხელმოწერილი მიზომვის აქტის საფუძველზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა 2005 წლამდე, 2005 წელს კი შეწყდა საიჯარო ხელშეკრულების მოქმედება. ურეხის თემის საკრებულოს 2005 წლის 24 ოქტომბრის ¹210 მომართვის საფუძველზე მოსარჩელეს განემარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას საკუთრებაში სარეფორმო ფონდში ჩასმის შემდეგ გადაეცემოდა.

მოსარჩელის მოსაზრებით, 2007 წლის 28 დეკემბერს კანონის სრული დაცვით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 1472 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაიცა ¹....... მოწმობა, თუმცა ამავე კომისიის 2008 წლის 11 აპრილს ¹45 საოქმო გადაწყვეტილებითYბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სახელზე გაცემული ¹...... საკუთრების უფლების მოწმობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 11 აპრილს ¹45 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-, 53-ე, 54-ე, 58-ე 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლები, რაც აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 11 აპრილის ¹45 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 30 ივნისს ა. პ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის საოქმო განჩინებით გ. ა-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წამოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება; გ. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი შ. ა-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით გ. ა-ის უფლებამონაცვლე შ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლებით და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹535 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” პირველი მუხლით განისაზღვრებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და განმარტა, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს გ. ა-ს კომისიისთვის უნდა წარედგინა, მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმეთა ჩვენება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად და დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები გ. ა-ს კომისიაში არ წარუდგენია (წარადგინა მხოლოდ განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი), კანონის თანახმად კი იგი ვალდებული იყო დაედასტურებინა, სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობის და სარგებლობის ფაქტი, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით შეემოწმებინა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის თაობაზეც მხარეებს აცნობა კანონით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ გ. ა-ი არ წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელ პირს, რის გამოც კომისიამ მართებულად სცნო ბათილად მისი გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ა. პ-ის მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები სრულად ამაყოფილებდა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს (წარდგენილი იყო მოწმეთა განცხადებები სადავო ფართის ფლობასთან დაკავშირებით, საქვეიჯარო ხელშეკრულება, მიწის ექსპლიკაცია და აღწერა-მიზომვის აქტი, საკადასტრო აზომვითი სახაზი და აღიარების საფასურის გადახდის ქვითარი), რის გამოც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთზე ა. პ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კომისიის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, მისი მომზადების და გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის არსებით დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ის უფლებამონაცვლე შ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა _ ნ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის Dდაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, 2007 წლის 28 დეკემბერს კანონის სრული დაცვით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 1472 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაიცა ¹....... მოწმობა, თუმცა ამავე კომისიის 2008 წლის 11 აპრილს ¹45 საოქმო გადაწყვეტილებითYბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სახელზე გაცემული ¹...... საკუთრების უფლების მოწმობა.

კასატორმა აღნიშნა, რომ 2008 წლის 11 აპრილს ¹45 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-, 53-ე, 54-ე, 58-ე 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლები, რაც აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა-ის უფლებამონაცვლე შ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ის უფლებამონაცვლე შ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 3 თებერვალს 12:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემობებზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით გ. ა-ის მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ........ მეურნეობაში მდებარე 1472 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გ. ა-ის სახელზე გაიცა ¹...... საკუთრების უფლების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 33). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 11 აპრილს ¹45 საოქმო გადაწყვეტილებითYბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სახელზე გაცემული ¹....... საკუთრების უფლების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 35-36).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 11 აპრილს ¹45 ოქმის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გაიცა, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა შემდგომ კომისიისათვის ცნობილი გახდა, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთის გ. ა-ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დგინდებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში _ საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონი შეეხება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათ სარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია 2000 წლიდან 2005 წლამდე არსებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე დგინდება გ. ა-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, მაგრამ აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2005 წელს, შესაბამისად 2005 წლის შემდეგ გამოირიცხა მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, განსახილველ შემთხვევაში დასადგენია 2005 წლიდან 2007 წლამდე კასატორს მიერ სადავო მიწის ნაკვეთის არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის, კომისიისათვის მიმართვის პერიოდისათვის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენდა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დიფერენცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისაგან, ყველა ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში, საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში _ არამართლზომიერ მფლობელობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტმა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტში მოიაზრა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლო აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტები. ამდენად, ხსენებული ბრძანებულება ითხოვს შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც იქნება უდავო დასტური იმისა, რომ პირი ნამდვილად დაუფლებულია მიწის ნაკვეთს, ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ა-მა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც ბუნებრივია არ ადასტურებდა კასატორის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობის და სარგებლობის ფაქტს (ტ. II, ს.ფ. 49).

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით» დადგენილია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-10 მუხლის პირველი ნაწილით, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში _ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების მოწმობის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, როგორც ამ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის 11 აპრილს კომისიამ მიიღო ¹45 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹....... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებულ საკითხზე ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსარგებლე წლების მანძილზე იყო ა. პ-ი (ტ. I, ს.ფ. 35-36).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი განჩინება, რის გამოც არ არსებობს გ. ა-ის უფლებამონაცვლე შ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა-ის უფლებამონაცვლე შ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.