ბს-1321-1285(კ-10) 9 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 6 იანვარს კ. ბ-შვილმა, მ. ხ-ძემ, ა. გ-შვილმა, ნ. ხ-ძემ, ა. ლ-ძემ, ქ. ყ-შვილმა, ვ. ს-შვილმა და ლ. ღ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – შპს ,,საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის” მიმართ.
მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების დავალდებულება მოითხოვეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება შპს ,,საქართველოს რკინიგზა”.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შპს ,,საქართველოს რკინიგზასა” და ელექტრომომარაგების ...ის დისტანციას მოსარჩელეების ხელფასიდან უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხების, კერძოდ, კ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 568.96 ლარის; მ. ხ-ძის სასარგებლოდ – 473.55 ლარის; ა. გ-შვილის სასარგებლოდ – 530.84 ლარის; ნ. ხ-ძის სასარგებლოდ – 513.57 ლარის; ა. ლ-ძის სასარგებლოდ – 395 ლარის; ქ. ყ-შვილის სასარგებლოდ – 239 ლარის; ვ. ს-შვილის სასარგებლოდ – 492 ლარისა და ლ. ღ-ძის სასარგებლოდ – 256 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,საქართველოს რკინიგზამ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შპს ,,საქართველოს რკინიგზის” სააპელაციო საჩივარი განსჯადობის შესაბამისად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს ,,საქართველოს რკინიგზის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ შპს ,,საქართველოს რკინიგზა” შეიცვალა სათანადო მოპასუხით – მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით; ხოლო შპს ,,საქართველოს რკინიგზა” საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში ჩაება მესამე პირად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2008 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიერ სარჩელის სარჩელის ტრანსფორმირების შემდეგ, მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხის _ შპს ,,საქართველოს რკინიგზის” მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მოსარჩელეებზე გავრცელება, მოსარჩელეთა ხელფასიდან არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, ხოლო მოპასუხის _ მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ მოსარჩელეთა ხელფასიდან უკანონოდ ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ნოემბრის საოქმო განჩინებით შპს ,,საქართველოს რკინიგზას” შეეცვალა საპროცესო-სამართლებრივი სტატუსი და საქმეში ჩაება მეორე მოპასუხედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შპს ,,საქართველოს რკინიგზას” მოსარჩელეებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათების გავრცელება და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში 2003 წლის 8 მაისიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო მ. ხ-ძის შემთხვევაში – 2002 წლის 25 დეკემბრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით პერიოდის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა დაევალა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას შპს ,,საქართველოს რკინიგზის” მიერ წარდგენილი კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე, კ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 660,40 ლარის, მ. ხ-ძის სასარგებლოდ – 631,30 ლარის, ა. გ-შვილის სასარგებლოდ _ 554.40 ლარის, ნ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 513.60 ლარის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ _ 394.90 ლარის, ქ. ყ-შვილის სასარგებლოდ _ 239.30 ლარის, ვ. ს-შვილის სასარგებლოდ _ 492.50 ლარისა და ლ. ღ-ძის სასარგებლოდ _ 128.20 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის საქალაქო სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით არასათანადო მოპასუხე – გორის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით; საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შპს ,,საქართველოს რკინიგზას” მოსარჩელეებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათების გავრცელება და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში 2003 წლის 8 მაისიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო მ. ხ-ძის შემთხვევაში – 2002 წლის 25 დეკემბრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით პერიოდის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა დაევალა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას შპს ,,საქართველოს რკინიგზის” მიერ წარდგენილი კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე, კ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 660,40 ლარის, მ. ხ-ძის სასარგებლოდ – 631,30 ლარის, ა. გ-შვილის სასარგებლოდ _ 554.40 ლარის, ნ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 513.60 ლარის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ _ 394.90 ლარის, ქ. ყ-შვილის სასარგებლოდ _ 239.30 ლარის, ვ. ს-შვილის სასარგებლოდ _ 492.50 ლარისა და ლ. ღ-ძის სასარგებლოდ _ 128.20 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, თანხის დაბრუნების შესაბამის მოპასუხეზე დაკისრება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.