Facebook Twitter

¹ბს-1338-1302(კ-10) 13 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ლ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ნოტარიუსი ე. მ-ა

დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.10წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ბ-ემ 28.06.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თ. ქ-ისა და ნოტარიუს ე. მ-ას მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 31 000 (ოცდათერთმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.08წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელე ლ. ბ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე თ. ქ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.02.09წ. განჩინებით ლ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს ე. მ-ას მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ლ. ბ-ემ 28.04.09წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნოტარიუს – ე. მ-ას მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების – 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ლ. ბ-ესა და ვ. შ-ას შორის ქ. თბილისში, ........ ქ. ¹16-ში მდებარე ბინაზე 15.06.99წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დაამოწმა ნოტარიუსმა ე. მ-ამ. ვ. შ-ას გარდაცვალების შემდეგ მისმა ანდერძისმიერმა მემკვიდრემ თ. ქ-ემ აღძრა სარჩელი 15.06.99წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული დავა 2003 წელს დასრულდა და სადავო ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ნოტარიუსმა ე. მ-ამ დაარღვია «ნოტარიატის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 30.06.98წ. დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ვ. შ-ას არ დაუნიშნა თარჯიმანი და არ განუმარტა ხელშეკრულების დადების შედეგები. მოსარჩელის მოსაზრებით ნოტარიუს ე. მ-ას კანონის დაცვით რომ შეედგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, არ გაუქმდებოდა ლ. ბ-ის საკუთრება ქ. თბილისში, ......... ქ. ¹16-ში მდებარე ბინაზე, რის გამოც მოსარჩელის მოსაზრებით არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ე. მ-ას უკანონო ქმედებასა და ლ. ბ-თვის ბინის ჩამორთმევას შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.09 წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე – ლ. ბ-ეს უარი ეთქვა მოპასუხის – ნოტარიუს ე. მ-ას დავალდებულებაზე, აუნაზღაუროს მოსარჩელეს მატერიალური ზიანი 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა შესაბამისი სახის მტკიცებულება სარჩელში აღნიშნული ზიანის არსებობის დასადასტურებლად, ვერ იქნა დადგენილი ასევე მიზეზობრივი კავშირი ნოტარიუსის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ასევე ვერ წარმოუდგინა შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე ლ. ბ-ემ ნამდვილად განიცადა 30 000 (ოცდაათი ათასი) ა.შ.შ. დოლარის ღირებულების მატერიალური ზიანი და თანაც უშუალოდ მოპასუხის _ ნოტარიუს ე. მ-ას ბრალით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.10 წ. განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.09 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასაართლოს მოსაზრებებს და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო აპელანტის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 102.3. მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, ნოტარიუს ე. მ-ას განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით აპელანტისათვის 30000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ზიანის მიყენება. საქმის მასალების მიხედვით ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედება აპელანტის მონაწილეობით შესრულდა 15.06.99 წ., დავა აღნიშნული სანოტარო მოქმედების (ნასყიდობა) გაუქმების მოთხოვნით მოსარჩელე თ. ქ-ესა (ვ. შ-ას ანდერძისმიერი მემკვიდრე) და მოპასუხე ლ. ბ-ეს (აპელანტს) შორის სამოქალაქო სამართლებრივი წესით სხვადასხვა საფუძვლით მიმდინარეობდა 2000 წლის დეკემბრიდან, ხოლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე ლ. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს 28.06.05 წ., რის გამოც სააპელაციო პალტამ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არის ხანდაზმული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა აპელანტ ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.09 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.10 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2.02.11 წ. განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, და მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აწგარდაცვლილ ვ. შ-ასა და ლ. ბ-ეს შორის 15.06.99 წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ....... ქ. ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის თაობაზე, ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმდა ნოტარიუს ე. მ-ას მიერ (ტ. I, 75). თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 26.03.03 წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აწგარდაცვლილ ვ. შ-ასა და ლ. ბ-ეს შორის ქ. თბილისში, ........ ქ. ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის თაობაზე 15.06.99 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ვ. შ-ა არ ფლობდა ქართულ ენას, ხოლო ნოტარიუსს ხელშეკრულების დადების დროს არ მოუწვევია თარჯიმანი, არ განუმარტავთ ვ. შ-თვის ხელშეკრულების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 04.12.03 წ ¹ას-160-869-03 განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დამაყოფილდა, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 26.03.03 წ. გადაწყვეტილება (ტ. I ს.ფ. 4-8).

კასატორი ნოტარიუსის მოქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადასტურებლად მიუთითებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 26.03.03 წ. გადაწყვეტილებაზე და თვლის, რომ ნოტარიუსის ქმედებიდან გამომდინარე, დღეისათვის მას საკუთრებაში არ გააჩნია ბინა, რაშიც გამოიხატა მისთვის ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების არასწორად განხორციელებით მიყენებული ზიანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადება საჭიროებს კონტრაჰენტთა ორმხრივი ნების გამოვლენას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. საფუძვლს მოკლებულია ლ. ბ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზიანი აისახება იმ უძრავი ქონების ღირებულებაში, რომელიც საკუთრებაში ექნებოდა მას ნასყიდობის ხელშეკრულება რომ არ გაუქმებულიყო. აღსანიშნავია, რომ ბათილ გარიგებას არავითარი იურიდიული შედეგი არ მოჰყვება მისი დადების მომენტიდან და მხარე, რომელმაც მიიღო ქონება არ იძენს ქონებაზე უფლებას. ამდენად, ლ. ბ-ის საკუთრებაში ბინის არარსებობა რაიმე ზიანს არ წარმოშობს, ვინაიდან მას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია გამყიდველი პირის ნების არანამდვილობის გამო. ზიანის არარსებობა გამორიცხავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ნოტარიუსის ქმედებასა და ზიანს შორის. ნოტარიუს ე. მ-ას მიერ მოსარჩელე ლ. ბ-თვის ზიანის მიყენება არ დასტურდება თბილისის საოლქო სასამართლოს 26.03.03 წ. გადაწყვეტილებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში მყოფ თბილისის საოლქო სასამართლოს 02.11.04 წ. განჩინებით ე. მ-ას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 26.03.03 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული, განცხადების განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სასამართლოს 26.03.03 წ. გადაწყვეტილებით, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა განმცხადებელი, ე. მ-ას უფლებები და მოვალეობები რომელიმე მხარის მიმართ არ დადგენილა, უფრო მეტიც, 26.03.03 წ. გადაწყვეტილებაში იგი საერთოდ არ არის მითითებული.

ნების გამოვლენა გარიგების უმთავრესი ელემენტია, ადამიანის ცნობიერებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის მიღწევის განზრახვის გარეგნული გამოვლენაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად საჭირო ბინის მესაკუთრის ნება. ის გარემოება, რომ ვ. შ-ა არ ფლობდა ქართულ ენას, რომელზედაც გაფორმებული იყო ხელშეკრულების ტექსტი, ხელშეკრულების დადებას არ ესწრებოდა თარჯიმანი, ვ. შ-ას არ განემარტა ხელშეკრულების შინაარსი, ადასტურებს იმას, რომ მას არ გამოუვლენია ბინის გაყიდვის ნება და არ მიუღია ხელშეკრულების კონტრაჰენტის ნება ბინის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასად შესყიდვაზე. ამდენად, არ დასტურდება, რომ გარეგნულად ხელშეკრულების ტექსტში ასახული ნება ემთხვეოდა პირის სურვილს მოეხდინა ბინის მოსარჩელისთვის მიყიდვა, არ დასტურდება, რომ ვ. შ-ას მიერ 15.06.99 წ. ხელშეკრულების ტექსტის შინაარსის გაცნობა მისი მხრიდან უცილობლად გამოიწვევდა ბინის გაყიდვის ნების გამოვლენას, მყიდველის მიერAშეთავაზებული პირობის მიღებას, ამ მიმართებით მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, სახეზე არ არის თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე პირის ნამდვილი ნება ბინის გაყიდვაზე, რის გამო, სახეზე არ არის ზიანი, რომელიც ანაზღაურების დაკისრების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. აღნიშნულის შესაბამისად, არ დასტურდება უშუალოდ ნოტარიუსის ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, ნოტარიუსის მიერ სამართალწარმოების წესების ყოველგვარი დარღვევა არ უკავშირდება ქონებრივ პასუხისმგებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დელიქტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სავალდებულო პირობა _ ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც სსსკ-ის 410-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2010 წ. განჩინება;

2. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.