Facebook Twitter

ბს-1339-1303(კ-10) 8 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ს-ავას ნაწილში საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 8 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. და დ. ს-ავების კანონიერმა წარმომადგენლმა – ლ. ც-ძემ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირების – ჯ. ტ-ავასა და კ. ს-ავას მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2009 წლის 2 სექტემბრის ოქმის (ლ. ც-ძის, მ. და დ. ს-ავების ბინიდან გამოსახლების შესახებ) ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის – ლ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის – ლ. ც-ძის წარმომადგენელმა – ლ. ჩ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ლ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. და დ. ს-ავების წარმომადგენელმა – ლ. ჩ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მ. ს-ავას ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მ. ს-ავას ნაწილში საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა მასზე ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის ოდენობით). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მ. ს-ავას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2010 წლის 27 ოქტომბერს.

2010 წლის 2 ნოემბერს მ. ს-ავამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი კერძოდ, წარმოადგინა ადვოკატ – ლ. ჩ-ძის სახელზე გაცემული რწმუნებულება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მ. ს-ავას ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა გაუგრძელდა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელს – ლ. ჩ-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 13 ნოემბერს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 18 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. ს-ავას ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და დ. ს-ავების საკასაციო საჩივარი მ. ს-ავას ნაწილში დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.