Facebook Twitter

ბს-1345-1309(კ-10) 16 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. ს-შვილის, ლ. ფ-ძის, ზ. ქ-ძის, ლ. ნ-ძის, კ. დ-შვილის, ა. კ-შვილისა და დ. კ-უას წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-10).

მოპასუხე – შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 58-65).

2010 წლის 7 აპრილს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრებოდა 1998-2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების, კერძოდ: გ. ს-შვილის სასარგებლოდ - 4108,33 ლარის, ლ. ფ-ძის სასარგებლოდ - 2777 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ - 1207,10 ლარის, ლ. ნ-ძის სასარგებლოდ - 932,54 ლარის, კ. დ-შვილის სასარგებლოდ - 1334,43 ლარის, ა. კ-შვილის სასარგებლოდ - 1003,97 ლარისა და დ. კ-უას სასარგებლოდ - 1727,34 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 68-73).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-შვილის, ლ. ფ-ძის, ზ. ქ-ძის, ლ. ნ-ძის, კ. დ-შვილის, ა. კ-შვილის, დ. კ-უას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს დაეკისრა მოსარჩელეების: გ. ს-შვილის სასარგებლოდ - 3589,13 ლარის, ლ. ფ-ძის სასარგებლოდ - 1071,56 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ - 536,54 ლარის, ლ. ნ-ძის სასარგებლოდ - 357,54 ლარის, კ. დ-შვილის სასარგებლოდ - 759,15 ლარის, ა. კ-შვილის სასარგებლოდ - 795,97 ლარისა და დ. კ-უას სასარგებლოდ - 1235,42 ლარის ანაზღაურება, ხოლო კვების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 77-84).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ფ-ძესა და კ. დ-შვილს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სხვა თანხის ნაწილში (იხ. ს.ფ. 90-99).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 132-140).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების კ. დ-შვილისა და ლ. ფ-ძის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 149-156).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 160-161).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება მხარეებს არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.