Facebook Twitter

ბს-1349-1288 (კ-09) 17 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; წარმომადგენელი – თ. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,...”; დირექტორი – ნ. ნ-ძე

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; წარმომადგენელი – მ. ნ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 21 მაისს შპს ,,…ის” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მესამე პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობაში, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. ¹48 და ...ის ქ. ¹8-ში 1996 წლიდან ჩასახლებულია აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული 215 პირი.

საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს, დადგენილი ტარიფით, თოთოეული დევნილის კომუნალური მომსახურებისათვის უნდა აენაზღაურებინა ყოვეთვიურად 3,5 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, 1996-2000 წლებში დევნილთა მომსახურებისათვის განკუთვნილი თანხები არ მიუღია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაკისრებოდა წლების განმავლობაში დევნილთა (აფხაზეთიდან იძულებით ადგილმონაცვლეთა) კომუნალური გადასახადების სახით 22100 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაეკისრა შპს ,,...ის” 9030 ლარის გადახდა; ხოლო სასარჩელო მოთხოვნა 1998-1999 წლების დავალიანების გადახდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შპს ,,...ის” სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 275 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2006 წლის 4 იანვრის ¹06.01-17/374 წერილის თანახმად, ...ის ქ. ¹48-ში მდებარე ,,...ისა” და ...ის ქ. ¹8-ში მდებარე ,,...ის” შენობაში რეგისტრირებულია 277 პირი.

აფხაზეთის დროებითი კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹48-ში და ...ის ქ. ¹8-ში მდებარე სასწავლო სამეცინერო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა მდგომარეობა, მათი სულადობის რაოდენობისა და ჩასახლების დროს დაზუსტების მიზნით, რის შედეგადაც 2006 წლის 25 ივლისს შედგა აქტი ¹1. შემოწმების შედგების მიხედვით, ...ის (ყოფილი ...ის) ქ. ¹48-ში 1996 წლიდან ჩასახლებულია – 123, ხოლო ...ის ქ. ¹8-ში – 92 დევნილი.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2003 წლის 27 მაისის წერილის შესაბამისად ობიექტზე, სადაც დევნილებია ჩასახლებული ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კომუნალური მომსახურებისათვის თითოეულ დევნილზე გათვალისწინებულია 3,50 ლარი.

შპს ,,...ის” 2003 წლის 29 აპრილის ¹21 წერილის საფუძველზე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დაადასტურა, რომ შპს ,,...ს” სარჩელის წარდგენის დროისათვის არ ჰქონდა მიღებული სახელმწიფოს მიერ დაწესებული და ბიუჯეტით გათვალისწინებული კომუნალური ხარჯები.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სასრჩელო მოთხოვნა 1998-1999 წლების დავალიანების ნაწილში ხანდაზმულია, ვინადიან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2006 წლის 4 იანვრის ¹06.01-17/374 წერილით დადასტურებულია, რომ შპს ,,...ში” ჩასახლებული არიან დევნილები. ,,ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულია მათი კომუნალური ხარჯების ანაზღაურების თანხები, მაგრამ იმის გამო, რომ ორგანიზაციას არ წარუდგენია საბანკო რეკვიზიტები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის 2003 წლის 4 ივნისამდე ფერხდებოდა თანხების გადარიცხვა, ამასთან, მოპასუხე წერილობით დაჰპირდა მოსარჩელეს, რომ მაისიდან საჭირო თანხას მიიღებდა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების კვალობაზე, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას და რომელიც გახდა მოსარჩელის კანონიერი ნდობის საფუძველი.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დაპირების საფუძველზე შპს ,,...მა” 2003 წლის 23 სექტემბრის ¹27 წერილით თანხის გადარიცხვის მოთხოვნით კვლავ მიმართა სამინისტროს და აცნობა თავისი რეკვიზიტები, თუმცა მოპასუხეს თანხები არ გადაურიცხავს. ამდენად, დევნილთა კომუნალური მომსახურებისათვის 2000 წლის დავალიანების, კერძოდ, ...ის ქ. ¹48-ში 123 დევნილისა და ...ის ქ. ¹8-ში 92 დევნილის კომუნალური გადასახადის ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თანხა, რომელიც ყოველწლიურად არის გაწერილი ,,ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში, წარმოადგენს სრული კომუნალური მომსახურების თანხას, აქედან 2 ლარი განკუთვნილია იმ პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის, რომელიც მომსახურებას უწევს დევნილებს (ანუ ორგანიზაციის ადმინისტრაციას), ხოლო დარჩენილი 1,5 ლარი განკუთვნილია საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების გაწევისათვის. კერძოდ, მომხმარებული წყლისათვის, ნარჩენების გატანისათვის დეზინფექცია-დერატიზაციისათვის, რომლის ანაზღაურებასაც სამინისტრო ახორციელებს უშუალოდ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც აღნიშნულ მომსახურებას უწევს დევნილებს და არა თვით ამ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის ადმინისტრაციასთან. ამდენად, სამინისტროს ვალდებულება კომპაქტური ჩასახლების ობიექტის ორგანიზაციასთან მიმართებაში განისაზღვრა 2 ლარით და არა 3,5 ლარით, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სქემაში მითითებული თანხის ოდენობა არასწორადაა დაანგარიშებული და მიუხედავად სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნული საკითხის არაერთგზის დაყენებისა, არც ერთი სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.

კასატორის განმარტებით, სამინისტროს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა მომსახურების ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გაწერილია ყოვეწლიურად ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში. აღნიშნული ვალდებულება უნდა განხორციელდეს კანონის მოთხოვნთა სრული დაცვით. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სავალდებულოა შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მოცემულ ორგანიზაციასთან, რაც სამინისტროს ვალდებულების შესრულების არსებითი პირობაა და რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, ხოლო სასამართლოს, აღნიშნული საკითხი, საქმის არსებითად განხილვის დროს არ გამუკვლევია.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ხანდაზმულობის ვადა ჩათავალა შეწყვეტილად, დაეყრდნო რა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2003 წლის 12 ივნისის წერილს, სადაც სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვაზე დაპირება გამოთქმულია სამომავლოდ შესასრულებელ ვალდებულებაზე და არა წინა პერიოდის დავალიანებაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომიდნარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსხილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2006 წლის 4 იანვრის ¹06/01-17/374 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹48-ში მდებარე ,,...ის” და ...ის ქუჩა ¹8-ში მდებარე ,,...ის” შენობაში რეგისტრიტრებულია 277 პირი.

აფხაზეთის დროებითმა კომისიამ 2006 წელს შეისწავლა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹48-ში და ...ის ქუჩა ¹8-ში მდებარე სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა მდგომარეობა, მათი სულადობის რაოდენობისა და ჩასახლების დროის დაზუსტების მიზნით. რაზედაც 2006 წლის 25 ივლისს შედგა ¹1 აქტი.

შემოწმებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹48-ში (ამჟამად ...ის ქუჩა) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით ცხოვრობდა 175 დევნილი, რომელთაგან 123 პირი აღნიშნულ მისამართზე ჩასახლებული იყო 1996 წლიდან, ხოლო დანარჩენი მაცხოვრებლები შესახლდნენ შემდგომ წლებში. ...ის ქ.¹8-ში მდებარე შენობაში ცხოვრობდა 102 დევნილი, რომელთაგან 92 პირი აღნიშნულ შენობაში ჩასახლებული იყო 1999 წლიდან, დანარჩენი მაცხოვრებლები შესახლდნენ შემდგომ წლებში.

ზემოაღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ ...ის ქ. ¹48-ში (ამჟამად ...ის ქუჩა) ჩასახლებული იყო 123 დევნილი, ხოლო ...ის ქუჩა ¹8-ში _ 92 დევნილი.

კასატორი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას და თვლის, რომ ლტოლვილთა რაოდენობა არ შეესაბამება სასამართლოს მიერ მითითებულ ოდენობას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ლტოლვილთა რაოდენობის ნაწილში და კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

საგულისხმოა, რომ კასატორი ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არა თუ არ წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, არამედ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ უზრუნველყო იმ მასალების მოძიება, რაც სადავოს გახდიდა საქმეში ლტოლვილთა რაოდენობის თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მითითებული, კი საკასაციო სასამართლოს ართმევს პროცესუალურ შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ლტოლვილთა ოდენობის თაობაზე დადგენილი ფაქრობრივი გარემოება და უდავოდ მიიჩნევს, რომ ...ის ქ. ¹48-ში (ამჟამად ...ის ქუჩა) 1996 წლიდან ჩასახლებული იყო 123 დევნილი, ხოლო ...ის ქუჩა ¹8-ში _ 92 დევნილი.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს წინამდებარე დავის სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე მითითებით გადაწყვეტას და თვლის, რომ არ არსებობს კანონის არასწორი გამოყენების მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2003 წლის 12 ივნისის ¹რ-01/01-17/498 წერილთან მიმართებაში და თვლის, რომ აღნიშნული წერილის საფუძველზე სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომლის მიმართაც შპს ,,...ს” წარმოეშვა კანონიერი ნდობა.

საკასაციო სასამართლო ასევე უდავოდ მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა მომსახურების ანაზღაურების უზრუნველყოფის ვალდებულება. აღნიშნული ანაზღაურება უნდა განხორციელდეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მხარეთა უფლებების სრული დაცვით. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს შპს ,,...ის” მიკუთვნებული თანხის ოდენობას და თვლის, რომ საკითხი სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლა-გამოკვლევას.

საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში თითქმის ყოველწლიურად ხდებოდა იმ თანხების გაწერა, რაც უზრუნველყოფდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებას. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნება ეძლეოდა, ორგანიზებულად ჩასახლებულ ადგილებში მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის მიემართა 2,0 ლარი, ხოლო დანარჩენი კომუნალური მომსახურებისათვის _ 1,5 ლარი. ამდენად უდავოა ფაქტი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომუნალური მომსახურებისათვის სულ გათვალისწინებული იყო 3,5 ლარი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კანონმდებლის მიერ კონკრეტიზირებულია, თუ რა რაოდენობის თანხა, რა სახით უნდა ყოფილიყო მიმართული. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ გამოკვლიოს, კანონით განსაზღვრული 3,5 ლარიდან რა წესით უნდა ყოფილიყო გადანაწილებული დანარჩენი კომუნალური მომსახურებისათვის გათვალისწინებული 1,5 ლარი. გადახდა უნდა მომხდარიყო უშუალოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახორციელებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა კომუნალურ მომსახურებას, თუ აღნიშნული თანხის გადახდა ხდებოდა ე.წ შუალედური რგოლის, ანუ იმ სუბიექტების მეშვეობით, რომელის საკუთრებაშიც მითითებული პირები იყვნენ ჩასახლებული.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ასევე ,,წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს ¹607 განკარგულებას, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა 13 069 900.0 ლარის ფარგლებში ¹1 და ¹2 დანართებით განსაზღვრული ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანების დაფარვა ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული კლასიფიკაციის კოდიდან _ ,,23 10 _ ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დაფარვა”.

ზემოაღნიშნული განკარგულების დანართი ¹1_ში, მე-12 ნომრად მითითებულია შპს ,,...”. საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დადგინდეს, ხომ არ მოხდა მითითებულ განკარგულებაში განსახილველი სადავო პერიოდის კრედიტორულ დავალიანებად ასახვა, რაც არსებითად ცვლის საქმის არსს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის შემდგომი გამოკვლევის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.