ბს-1355-930(კ-05) 10 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ლ. დ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. კ-ძის უფლებამონაცვლე _ ნ. კ-ძე
მოპასუხეები: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიურო (ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფლებამონაცვლე), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 20 ივნისს ი. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს (ამჟამად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს) მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003 წლის 29 აპრილს მისმა წარმომადგენელმა ჩაიბარა ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 24 ივნისის განკარგულება აუქციონზე ქონების შეძენის უფლებამოსილების შესახებ, რომლითაც მის საკუთრებაში რიცხული ბინა ნატურით საკუთრებაში გადაეცა ლ. დ-ძეს. მოსარჩელემ მოითხოვა მასში ცვლილებების შეტანა და აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 771-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი იყო, რომ ნივთის ნატურით გადაცემისას მისი ფასი განისაზღვრებოდა აღსრულების პროცესში დადგენილი ნივთის საბაზრო ღირებულებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ლ. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 8 120 აშშ დოლარი. ამდენად, აღმასრულებელს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ზემოაღნიშნული ნორმით და დაედგინა ლ. დ-ძისათვის სახლის ნატურით გადაცემა, მას შემდეგ, როცა მისი მხრიდან მოხდებოდა სახლის ღირებულებასა და ვალს შორის სხვაობის _ 17 448 აშშ დოლარის დაფარვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 24 ივნისის განკარგულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ი. კ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
მოგვიანებით, ი. კ-ძემ დამატებითი სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც დამატებით მოპასუხეებად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური და ლ. დ-ძე დაასახელა. აპელანტმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის მიხედვით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ლ. დ-ძე, რაც არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას, აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. კ-ძემ ხსენებული სააპელაციო საჩივრით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნათა ოდენობა და დამატებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ლ. დ-ძის რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობა და სახლის მესაკუთრედ მისი რეგისტრაციის აღდგენა მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ძის სააპელაციო საჩივარი და დამატებითი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ძის სააპელაციო და დამატებითი სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეტანილ იქნა ცვლილებები ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 24 ივნისის განკარგულებაში იმ მიმართებით, რომ კრედიტორ ლ. დ-ძეს ნატურით გადაეცემოდა მოვალე ი. კ-ძის საკუთრებაში აღრიცხული ქ. ბათუმში, ... ქ. ¹51-ში მდებარე სახლი, მას შემდეგ რაც კრედიტორი მოვალეს გადაუხდიდა სახლის ღირებულებასა და ვალს შორის სხვაობას _ 17 448 აშშ დოლარს; გაუქმდა ქ. ბათუმის საჯარო რეესტრში ქ. ბათუმში, ... ქ. ¹51-ში სახლის მესაკუთრედ ლ. დ-ძის რეგისტრაცია და დადგინდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ი. კ-ძე ითვლებოდა, ხოლო ლ. დ-ძის მიერ ი. კ-ძისათვის სახლის ღირებულებასა და ვალს შორის არსებული სხვაობის – 17 448 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, საცხოვრებელი სახლი კვლავ ლ. დ-ძეზე აღირიცხებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. დ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. მოგვიანებით, მან დამატებითი საკასაციო საჩივარი წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელშიც მიუთითა, რომ დავის საგანი აღარ არსებობდა იმ მოტივით, რომ სადავო სახლი 2005 წლის 5 თებერვალს გასხვისებულ იქნა კანონით დადგენილი წესით და იგი საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღარ ირიცხებოდა, რის გამოც უკანონო და დაუსაბუთებელი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. კ-ძემ საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა წარმოადგინა, რომელშიც განმარტა, რომ მისთვის მხოლოდ ლ. დ-ძის საკასაციო საჩივრის ასლის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სადავო ბინა საქმის წარმოების პროცესში გაიყიდა. აღნიშნულის საფუძველზე მან სარჩელი წარადგინა სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და 2005 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, ამ საქმის განხილვის დამთავრებამდე კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის განჩინებით ი. კ-ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქმის წარმოება ი. კ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს, ლ. დ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ, მოპასუხეების _ ლ. დ-ძისა და მ. ქ-იანის მიმართ ი. კ-ძის სამოქალაქო სარჩელის განხილვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2007 წლის 24 აგვისტოს ი. კ-ძის მეუღლემ _ ნ. კ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენდა 2007 წლის 7 თებერვალს გარდაცვლილი ი. კ-ძის მემკვიდრეს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება. ნ. კ-ძემ განცხადებას დაურთო 2007 წლის 15 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის წერილით ნ. კ-ძეს განემარტა, რომ ¹ბს-1355-930(კ-05) ადმინისტრაციული საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელი იყო, ჯერ დამთავრებულიყო მოპასუხეების _ ლ. დ-ძისა და მ. ქ-იანის მიმართ ი. კ-ძის სამოქალაქო სარჩელის განხილვა და მერე განახლებულიყო ¹ბს-1355-930(კ-05) ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
2010 წლის 24 თებერვალს ნ. კ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 2009 წლის 11 დეკემბერს კანონიერ ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ძის უფლებამონაცვლის _ ნ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 5 თებერვალს ლ. დ-ძესა და მ. ქ-იანს შორის დადებული ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹51-ში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ. 2009 წლის 28 დეკემბერს კი სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ აღარ არსებობდა ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი და აღნიშნული საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით განახლდა ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება და ხსენებული საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 22 აპრილს, 13.00 საათზე. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით ი. კ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. კ-ძე.
მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კერძოდ, 2010 წლის 10 ივნისს კასატორმა _ ლ. დ-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ (საქმეში წარმოდგენილია სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა) უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რასაც წერილობით დაეთანხმნენ მოწინააღმდეგე მხარეები _ ი. კ-ძის უფლებამონაცვლე _ ნ. კ-ძე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, ლ. დ-ძის განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო წარმოება შეწყდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (თავი XLIX _ საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს, ანუ თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორმა _ ლ. დ-ძემ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო ასეევ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ლ. დ-ძეს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, უნდა შეწყდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. დ-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარზე წარმოება;
3. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება;
4. ლ. დ-ძეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.