Facebook Twitter
ბს-136-130(კ-10) 6 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე ) _ ლ. გ-ავა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.09წ. განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; რეგისტრაციის განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ავამ 05.05.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.04.09წ. და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.04.09წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ლ. გ-ავას საკუთრების უფლების აღიარება; ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე უძრავი ქონების ლ. გ-ავას საკუთრებად დარეგისტრირების და მის მიერ გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების თანხის გადახდილად ჩათვლის დავალება. სარჩელში აღნიშნულია, რომ ლ. გ-ავამ 12.03.09წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე, მდებარე ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში. მოსარჩელემ განცხადებას თან დაურთო მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან მიიღო მოქ. ვ. გ-ავას სამკვიდრო ქონება, რაც წარმოდგენილია აქტივებისა და პასივების სახით; სახლის გეგმა-ნახაზი; ცნობა არქივიდან შენობა-ნაგებობისა და მიწის რენტის გადახდის შესახებ და სხვა დოკუმენტაცია. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 17.03.09წ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებულ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 62-ე მუხლისა და “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად და ლ. გ-ავას დაევალა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა 30 კალენდარული დღის ვადაში. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 21.04.09წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ლ. გ-ავას მიერ სარეგისტრაციო შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. გ-ავას მიერ გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში. ვინაიდან ქ. ფოთის ტექბიუროს არქივი განადგურებული იყო და ვერ ხერხდებოდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, ლ. გ-ავამ მოითხოვა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმ მოტივით, რომ ლ. გ-ავას მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი დოკუმეტაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.04.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.08.09წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანების მე-10 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ბრძანების მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვილელებების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ვერ წარუდგინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი, მოპასუხეების მიერ მას სწორად ეთქვა უარი უძრავი ქონების საჯარო რეესტრის რეგისტრაციაზე და არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები-სამკვიდრო მოწმობა, სახლის გეგმა-ნახაზი, ცნობა არქივიდან მიწის გადასახადის გადახდის შესახებ და საბინაო წიგნაკი არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისთავის, რომ აღიარებულ იქნეს სადავო მიწის ნაკვეთზე ლ. გ-ავას საკუთრების უფლება, რამდენადაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ აწგარდაცვლილი ვ. გ-ავას გარდაცვალების დროისათვის ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე ქონება წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საკუთრებას, რამდენადაც ვ. გ-ავა გარდაიცვალა 10.09.93წ., საბინაო წიგნი კი შეიცავს მონაცემებს 1985 წლის მდგომარეობით, ხოლო ქ. ფოთის არქივის 31.07.08წ. ¹430 ცნობით დგინდება, რომ ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე შენობისა და მიწის რენტის გადასახადი ვ. გ-ავაზე დარიცხულია 1981-1983 წლებში. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ქონებას აწგარდაცვლილი ვ. გ-ავა საკუთრების უფლებით ფლობდა 1985 წლიდან 1993 წლამდე, მისი გარდაცვალების დღემდე. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ვ. გ-ავას გარდაცვალების დროისათვის ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე ქონება წარმოადგენდა ვ. გ-ავას საკუთრებას და შესაბამისად მის სამკვიდრო ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. გ-ავას მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე ქონება. შესაბამისად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ლ. გ-ავა აღიარებულ იქნეს ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე უძრავი ქონების მემკვიდრედ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.09წ. განჩინებით ლ. გ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.08.09წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტაციო სამსახურს ვერ წარუდგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მას სწორად ეთქვა უარი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტები – სამკვიდრო მოწმობა, სახლის გეგმა-ნახაზი, ცნობა არქივიდან მიწის გადასახადის გადახდის შესახებ და საბინაო წიგნაკი არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისთავის, რომ აღიარებულ იქნეს სადავო მიწის ნაკვეთზე ლ. გ-ავას საკუთრების უფლება, რამდენადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ვ. გ-ავას საკუთრება მისი გარდაცვალების დროისათვის. ვ. გ-ავა გარდაიცვალა 10.09.93წ., საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნაკი შეიცავს მონაცემებს 1985 წლის მდგომარეობით, ქ. ფოთის არქივის 31.07.08წ. ¹430 ცნობით კი დგინდება, რომ ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე შენობისა და მიწის რენტის გადასახადი ვ. გ-ავაზე დარიცხულია 1981-1983 წლებში. ლ. გ-ავას მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ვ. გ-ავა 1985 წლიდან 1993 წლამდე ფლობდა სადავო ქონებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ვ. გ-ავას უფლება გარდაცვალების დროისათვის და აღნიშნული ქონების ლ. გ-ავას, როგორც მემკვიდრის, საკუთრებაში გადასვლა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სზაკ-ის მე-601 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ავამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად გაიგო ამ კანონის აზრი და შინაარსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს სხვა სამართლებრივი აქტი, ასეთ დოკუმენტს კი წარმოადგენს საბინაო წიგნი და ცნობა მიწის რენტის გადასახადის შესახებ, რომლის საფუძველზე შესაძლებლებელია უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარება, ვინაიდან დამწვარია ტექბიუროს არქივი. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ფაქტობრივად უარი ეთქვა საკუთრების რეგისტრაციაზე, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. გ-ავას ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარადგინა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამავე საფუძვლით არ მოხდა ლ. გ-ავას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სადავო საქმის განხილვისას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხი არასრულყოფილადაა გამოკვლეული, ფორმალური მიდგომის შედეგად არ არის გამოყენებული ყველა სამართლებრივი საშუალება მოსარჩელის უძრავ ქონებასთან კავშირის დასადგენად. საქართველოს კონსტიტუციის 21.1 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ხსენებული ნორმა წარმოადგენს ერთის მხრივ საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, ხოლო მეორეს მხრივ პირის უფლების გარანტიას. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად თვლის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ ქ. ფოთში ტექინვენტარიზაციის ბიუროს შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად დოკუმენტაციის განადგურების გამო, ვერ ხერხდება დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა მოხდეს ყველა არსებული და საქმეში დაცული მტკიცებულებების სრულყოფილი ურთიერთშეჯერება და შეფასება, ზემოაღნიშნული ქონებისადმი მოსარჩელის სამართლებრივი კავშირის დადგენა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების შედეგად იურიდიული ფაქტის დადგენის გზით მსგავსი უფლებების განსაზღვრა შეიზღუდა, ამ მუხლში იურიდიული ფაქტების მოცემული ჩამონათვალი ამომწურავია, უდავო წარმოების წესით სხვა ფაქტებს სასამართლო ვერ დაადგენს, რის გამო მოსარჩელეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადასტუროს მოთხოვნის საფუძვლიანობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენებით უნდა გაირკვეს აწგარდაცვლილი ვ. გ-ავას სამართლებრივი კავშირი ქ. ფოთში, ... ქ. ¹93-ში მდებარე უძრავ ნივთთთან, ვ. გ-ავას გარდაცვალების შემდეგ მითითებული სახლის მაცხოვრებელი, უძრავი ქონების მიმართ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი, მესამე პირების პრეტენზიები და სხვ.. სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მოსარჩელე – ლ. გ-ავას მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, კერძოდ ქ. ფოთის საქალაქო არქივის 31.07.08წ. ცნობას, რომლითაც ირკვევა, რომ მოქ. ვ. გ-ავას სახელზე ქ.ფოთში, ... ქ. ¹93-ში ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, 20.11.08წ. სამკვიდრო მოწმობას, შეფასება უნდა მიეცეს საბინაო წიგნს, სახლის გეგმა-ნახაზს, დადგინდეს მისი შემდგენელი და გაცემის საფუძველი, უძრავ ქონებაზე გადასახადების გადახდის, დავალიანების არსებობის, სახლის ექსპლუატაციაში მიღების ან თვითნებურად აშენების მტკიცებულებები, საქმეზე უნდა დადგინდეს აგრეთვე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტუებელი სხვა დოკუმენტაციის მოსარჩელის მიერ მიღების ან აღდგენის შეუძლებლობის ფაქტი. შეფასება უნდა მიეცეს აგრეთვე ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ამ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს რა საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იმავდროულად აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად კასატორის და მისი მამკვიდრებლის უძრავი ქონებისადმი უფლებრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.09წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.