Facebook Twitter

ბს-1364-1328(კ-10) 22 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 16 ივნისს ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძემ” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 ოქტომბრის ¹3481 ბრძანების; თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 20 ივლისის კამერალური შემოწმების აქტისა და მის შესაბამისად გამოცემული 2009 წლის 20 აგვისტოს ¹52 ,,საგადასახადო მოთხოვნის” ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძემ”.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძემ”.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძის” საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კასატორის - ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძის” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძეს” მიეცა ზემოაღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (5903 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2010 წლის 8 ნოემბერს.

2010 წლის 18 ნოემბერს ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძემ” განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმავე საფუძვლებზე მითითებით, რაზეც საკასაციო საჩივარში მიუთითებდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინების ასლი ჩაიბარა 2010 წლის 8 ნოემბერს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 18 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზის გამოსწორების ნაცვლად კვლავ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდმეწარმე ,,ზ. კ-ძის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.