ბს-1366-1330(კ-10) 31 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ დ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი _ ე. ს-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ მიუღებელი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 15 ივლისს დ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიანტია. 2008 წლიდან უნდა მომატებოდა სტიპენდია, რადგან გაიზარდა საჯარო მოხელის მინიმალური ხელფასი. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. 2009 წლის იანვრიდან მოსარჩელემ მომატებული სტიპენდია მიიღო. მაგრამ მოსარჩელის განცხადებით მას არ მიუღია განსხვავება 2008 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, რის თაობაზეც კვლავ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააგენტომ დ. ბ-შვილს აცნობა, რომ მას განსხვავება ეკუთვნოდა არა 2008 წლის აპრილიდან, არამედ 2009 წლის იანვრიდან.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური ხელფასის გარკვეული პროცენტით. საპენსიო კანონში მითითებულია, რომ პენსია, სტიპენდია და სოციალური სუბსიდიის ნებისმიერი სახეობა მოქალაქეს ენიშნება განცხადებით მიმართვის დღიდან, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, არსად არ იყო მითითებული, რომ სუბსიდიის მომატების შემთხვევაში მოქალაქემ განმეორებით უნდა მიმართოს განცხადებით შესაბამის ორგანოს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია სააგენტოს პოზიცია, როგორ უნდა მიმხვდარიყო იგი, რომ სტიპენდიამ მოიმატა და განცხადებით მიემართა აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, გაუგებარია სააგენტოს არგუმენტაცია თუ რატომ არ ეკუთვნოდა დ. ბ-შვილს 9 თვის განსხვავება.
მოსარჩელის განმარტებით მას სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია 69 ლარის ოდენობით დაენიშნა, ხოლო 2009 წლის იანვრიდან ღებულობს - 81 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2008 წლის აპრილიდან 2009 წლის იანვრამდე სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობაში არსებული განსხვავების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე დ. ბ-შვილმა დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ, 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 9 ივლისის ¹07/07-14573 წერილით, მოსარჩელე დ. ბ-შვილს სტიპენდიის ხელახლა დანიშვნაზე უარი ეთქვა 2008 წლის იანვრიდან.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით განისაზღვრება სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები, მათი ოდენობის გადაანგარიშების, შეჩერების და შეწყვეტის წესი და პირობები. ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, ხოლო მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს მიმართოს განცხადებით აკადემიური სტიპენდიის დანიშვნაზე შესაბამის ორგანოს. კომპეტენტური ორგანოს მიერ განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან, გარდა კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანებით, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის და გაცემის წესების თანახმად, კომპენსაციას და სტიპენდიას შესაბამისი ორგანო ნიშნავს განცხადების საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საჯარო მოსამსახურის მინიმალური ხელფასის ზრდასთან ერთად მოპასუხეს ვალდებულება ეკისრება ავტომატურად განახორციელოს მისთვის დანიშნული აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს კომპენსაციის, სტიპენდიის გადაანგარიშებას ავტომატურ რეჟიმში მხოლოდ “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და “საქართველოს საკუნსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობის გადაანგარიშებისას.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო მოსამსახურის მინიმალური ხელფასის ზრდასთან ერთად “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი ავტომატურ რეჟიმში კომპენსაციის, სტიპენდიის გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს. კომპენსაციის/ აკადემიური სტიპენდიის მიმღები უფლებამოსილია საჯარო მოსამსახურის მინიმალური ხელფასის ზრდის გათვალისწინებით წარადგინოს განცხადება შესაბამის ორგანოში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე მითითებით სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, აგრეთვე დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტრანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები. შესაბამისად, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოტივად მოყვანილია “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, რომელსაც არავითარი კავშირი აქვს განსახილველ საქმესთან.
საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე (სხდომის ოქმი თან ერთვის საკასაციო საჩივარს) მოსამართლის შეკითხვაზე, თუ როგორ ხდება პენსიების და სტიპენდიების გადაანგარიშება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა არასწორი პასუხი გასცა, რომ ისინი არ ახდენენ გადაანგარიშებას, რაც უკრიტიკოდ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.
კასატორი მიუთითებს “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, რომელიც კასატორის განმარტებით გასაგებად და არაორაზროვნად ავალებს კომპეტენტურ ორგანოს – სადავო შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 24 თებერვალს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ დ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: დ. ბ-შვილს სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია დაენიშნა 2006 წლის 20 ნოემბრიდან, როგორც მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მქონე პირს, საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს – 115 ლარის 60% - თვეში 69 ლარის ოდენობით. 2009 წლის 6 იანვარს დ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა მოპასუხეს საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით მისთვის დანიშნული აკადემიური სტიპენდიის ხელახალი დანიშვნის თაობაზე. განცხადების საფუძველზე დ. ბ-შვილს 2009 წლის 1 თებერვლიდან დაენიშნა აკადემიური სტიპენდია 81 ლარის ოდენობით. 2009 წლის 1 თებერვლიდან, კასატორი იღებს სტიპენდიას გაზრდილი ოდენობით, თუმცა სხვაობა ძველ და ახალ სტიპენდიებს შორის, 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, არ მიუღია, რის თაობაზეც 2009 წლის 29 ივნისის ¹17/27733 განცხადებით თავდაპირველად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა, რომლის პასუხად მოსარჩელე დ. ბ-შვილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 9 ივლისის ¹07/07-14573 წერილით, უარი ეთქვა სტიპენდიის ხელახლა დანიშვნაზე, 2008 წლის იანვრიდან; ხოლო სტიპენდიის სხვაობის ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის შემდეგ დ. ბ-შვილმა მიმართა სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, კანონის ძირითადი პრინციპებია სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია. ხოლო, დ. ბ-შვილი განეკუთვნება აღნიშნული კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ სუბიექტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე, მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ დ. ბ-შვილისათვის, როგორც მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირისათვის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 60%-ის ოდენობით.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹661 ბრძანებულებით “აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹43 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 135 ლარით, ხოლო აღნიშნული ბრძანებულება ძალაში შევიდა 2008 წლის 1 იანვრიდან.
ამდენად, თუ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებამდე სტიპენდიის დაანგარიშება 115 ლარიდან ხდებოდა, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹43 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად, სტიპენდიის ოდენობის განსაზღვრა 135 ლარიდან ხდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს სწორედ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დ. ბ-შვილისათვის სტიპენდიის სხვაობის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონის სწორ განმარტებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით.
ამდენად, კანონმდებლის ნებისა და მისი მიზნის სწორი განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს მომატება ავტომატურ რეჟიმში ახდენს თუ არა გავლენას სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობის ცვლილებაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დ. ბ-შვილისათვის მოთხოვნილი სტიპენდიის სხვაობის ანაზღაურება დამოკიდებული იყო მის მიერ განცხადების წარდგენაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა განცხადების წარდგენის ვალდებულებას სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს, სადავო შემთხვევაში კი დ. ბ-შვილის მოთხოვნას სტიპენდიის დანიშვნა არ წარმოადგენს, ვინაიდან მას სტიპენდია უკვე დანიშნული ჰქონდა.
“სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით განისაზღვრა მოცემულ კანონში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობა, რომლის თანახმად განცხადება განიმარტა შემდეგნაირად: კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ამ ნორმასთან მიმართებაში სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს პირთა ვალდებულებას საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს ცვლილებისას სტიპენდიის ოდენობის განსაზღვრაზე განცხადების შეტანას, არამედ ასეთი ვალდებულება ეკისრებათ სტიპენდიის დანიშვნისას და შეწყვეტისას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია კასატორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე პირის განცხადებით მიმართვის ვალდებულებას, რომ ამ უკანასკნელის წარდგენის აუცილებლობა დადგენილია, მხოლოდ სტიპენდიის დანიშვნის და შეწყვეტის შემთხვევაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში საქმე არ ეხება სტიპენდიის გადაანგარიშებას. გადაანგარიშება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას გულისხმობს, ხოლო განსახილველი შემთხვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ უკავშირდება, შესაბამისად, არ არსებობს სტიპენდიის გადაანგარიშების საფუძველი, ვინაიდან დ. ბ-შვილისათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, კერძოდ, მისი პროცენტული ოდენობა საჯარო მოხელის მინიმალურ თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებაში არ შეცვლილა. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებამდე და განხორციელებული ცვლილებების შემდეგაც მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირისათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 60%-ით განისაზღვრება. ცვლილება შეეხო მხოლოდ საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რომელიც 115 ლარიდან - 135 ლარამდე გაიზარდა. გადაანგარიშების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუ შეიცვლებოდა პროცენტული მაჩვენებელი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დ. ბ-შვილისათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობის განსაზღვრის საფუძველს საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო წარმოადგენს, რომელიც შესაბამისი ნორმატიული აქტით რეგულირდება. საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგო ძირი თანხაა, რომელზეც ავტომატურადაა მიბმული სტიპენდია. შესაბამისად, საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს ცვლილებას კასატორისათვის დანიშნული სტიპენდიის ავტომატურ რეჟიმში გაზრდა უნდა გამოეწვია.
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-შვილს დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით, როგორც მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირს, საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 60%-ის ოდენობით. სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელეს არ შეცვლია ფაქტობრივი გარემოება დანიშნული სტიპენდიის მიღებისას. შესაბამისად, მისი მხრიდან გაზრდილი ოდენობით კომპენსაციის მიღებისას საჭირო არ იყო განცხადების წარდგენა. პრეზიდენტის ბრძანებულებით გაიზარდა რა საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგო, მისი 60%-ის მიცემის ვალდებულება ავტომატურად წარმოეშვა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგოს ცვლილება აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც იმას გულისხმობს, რომ ბიუჯეტში ირიცხება შესაბამისი ოდენობის თანხა დანიშნული სტიპენდიების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება აღნიშნული კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ამასთან მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹661 ბრძანებულების გათვალისწინებით ავტომატურად მოეხდინა დ. ბ-შვილისათვის დანიშნული სტიპენდიის ოდენობის ცვლილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს დ. ბ-შვილის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ბ-შვილის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს აუნაზღაუროს დ. ბ-შვილს 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია - 144 ლარის ოდენობით.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.