Facebook Twitter

ბს-1369-1308(კ-10) 21 აპრილი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ძე

მესამე პირები – ლ. თ-შვილი; აჭარის ა/რ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 იანვარს გ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის – ლ. თ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ¹5-ში, სადაც საერთო საკუთრებაში, მეზობელ თ. ღ-ტთან ერთად აქვს 960 კვ.მ მიწის ფართობი და საკუთარი სახლი განთავსებული 140,83 კვ.მ მიწის ფართობზე.

აჭარის სააღსრულებო ბიურომ კრედიტორ ლ. თ-შვილის ვალის დასაფარად აუქციონზე ორჯერ გაიტანა მხოლოდ გ. დ-ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. აუქციონზე მყიდველის გამოუცხადებლობის გამო, აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2006 წლის 14 ნოემბერს გაცემულ იქნა 2-1033 განკარგულება, რომლის თანახმად, კრედიტორს – ლ. თ-შვილს საკუთრებაში გადაეცა გ. დ-ძის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ¹5.

მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესწორების შეტანა იმ საფუძვლით, რომ აუქციონზე კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფიოლებლად მხოლოდ საცხოვრებელი სახლი იყო გატანილი და სააღსრულებო სამსახურის განკარგულებაც კრედიტორის საკუთრებაში სახლის და არა მთლიანი მიწის ნკვეთის გადაცემას ეხებოდა, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 4 იანვრის წერილით უარი ეთქვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გ. დ-ძე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა შესწორების შეტანა ლ. თ-შვილის სახელზე გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში და ლ. თ-შვილის სახელზე აღერიცხა მხოლოდ საცხოვრებელი სახლი, განთავსებული 140,83 კვ.მ ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებით თ. ღ-ტთან ერთად აღერიცხა გ. დ-ძის საკუთრებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით გული დევაძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ლ. თ-შვილისა და მოსარჩელე გ. დ-ძის მიმართ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის მიერ 2008 წლის 4 იანვარს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 16 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი ქ. ბათუმში, ... ¹5-ში მდებარე 960,0 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 140,83 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე მესამე პირის – ლ. თ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, 960,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის ლ. თ-შვილის საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ჩანაწერის შესრულება ქ. ბათუმში, ... ¹5-ში მდებარე 960,0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე მ. დ-ძის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს კანონის “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” მე-16 მუხლის, აგრეთვე ამავე კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია და შესაძლებელია მისი რეგისტრაცია რეესტრში ცალკე უფლებად.

აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. დ-ძის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ... ¹5-ში მდებარე 140,83 კვ.მ საცხოვრებელი ფართი არის მისივე თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს, აქედან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ის უნდა გაეტარებინა, როგორც ლ. თ-შვილის საკუთრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ –საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და ასევე, მესამე პირმა – ლ. თ-შვილმა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2008 წლის 3 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის “რ” პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს უფლების დამდგენი დოკუმენტი, ხოლო ასეთ დოკუმენტად ითვლება ადმინისტრაციული აქტი, სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტი. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

აჭარის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2006 წლის 14 ნოემბრის განკარგულებით კრედიტორ ლ. თ-შვილს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ... ¹5-ში და არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მთლიანი მიწის ნაკვეთი, 960 კვ.მ ფართი. შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წერილით, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, დაირღვა “უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ” კანონის ნორმები.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-შვილმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მის სააპელაციო საჩივარზე და ასევე იმას, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი ამ საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული ცნობილი გახდა მისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ.

კასატორი აგრეთვე აღნიშნავდა, რომ მითითებული საქმის განხილვა არ შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელე გ. დ-ძისათვის აღსრულების პროცესში იმთავითვე იყო ცნობილი ლ. თ-შვილის მიწის საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ, რაც დასტურდება საქმეში არსებული სასამართლო სააღსრულებო ბიუროს აქტის გასაჩივრების შედეგად მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით და თუნდაც იმითაც, რომ ამჟამად მოწინააღმდეგედ წოდებული – გ. დ-ძე იყო სწორედ ის პიროვნება, რომელმაც თავისივე ქონება დატვირთა იპოთეკით და რაც იპოთეკის საგანს მისივე ნების გამოხატვით წარმოადგენდა.

გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევდა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იპოთეკით წარმოშობილი ვალდებულების არსებობა არ არსებობის, მისი საგნისა და საფუძვლის შესახებ, რაც იმთავითვე სადავო შეიძლება გახდეს მხოლოდ სამოქალაქო განხილვის წესით წარმოშობილ დავაზე და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება სადავო საკითხის ადმინისტრაციული წესით განხილვა.

ასევე სასამართლოებმა აღსრულების მიღმა დატოვეს საჯარო რეესტრში ქონების აღრიცხვის საფუძვლები, რომლებიც არის იპოთეკის ხელშეკრულება, დარეგისტრირებული ამავე რეესტრში და სასამართლო სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტი, რომელიც თუმცა გასაჩივრდა გ. დ-ძის მიერ, მაგრამ არ დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ და შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით ლ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება; დამტკიცდა ლ. თ-შვილსა და გ. დ-ძეს შორის 2009 წლის 22 ივლისს გაფორმებული მორიგების აქტი. აქტი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს: 1) გ. დ-ძემ აიღო ვალდებულება 2009 წლის 30 ოქტომბრამდე გადაუხადოს ლ. თ-აშვილს 27000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც ლ. თ-შვილმა აიღო ვალდებულება გ. დ-ძეს საკუთრებაში გადასცეს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. ბათუმი, ... ¹5; 2) აღნიშნული შეთანხმების თანახმად ლ. თ-შვილმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე. 3) თუ გ. დ-ძე 2009 წლის 30 ოქტომბრამდე არ გადაიხდის 27000 აშშ დოლარს, მაშინ ლ. თ-შვილი გაყიდის საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს მდებარე ქ. ბათუმი, ... ¹5.

მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება ლ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა.

კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა გასაჩივრების შემდეგ საფუძვლებს: 1) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილის პროცესში საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება აპელანტ- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარზე, ასევე მას არ გაუთვალისწინებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არსებითად მიიჩნია იმის დადგენა, იყო თუ არა ცალკე უფლების ობიექტად აღრიცხული საჯარო რეესტრში ქ. ბათუმში, ... ¹5-ში განთავსებული 140.83 კვ.მ შენობა-ნაგებობა და რამდენად იყო შესაძლებელი ხელშეკრულების დადების მომენტში მისი ცალკე უფლების ობიექტად განხილვა. ასევე არსებითად იქნა მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ აუქციონის კანონიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებაც. 2) საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ გ. დ-ძემ მემკვიდრეობით მიიღო 140.83 კვ.მ შენობა ნაგებობები განთავსებული საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმში, ... ¹5-ში. ასევე ლ. თ-შვილსა და გ. დ-ძეს შორის 2005 წლის 11 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკის საგნად მითითებულია 140.83 კვ.მ. შენობა-ნაგებობები (მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრება), მდებარე ქ.ბათუმში, ... ¹5-ში. აღნიშნული გარემოებები არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული. 3) სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული “უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. დ-ძის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენს ხაზობრივ ნაგებობას და ამდენად იგი ცალკე უფლების ობიექტია. 4) სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით ლ. თ-შვილსა და გ. დ-ძეს შორის დამტკიცდა მორიგება. ე.ი. მორიგების აქტით სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრების უფლებით ეკუთვნის ლ. თ-შვილს და არა გ. დ-ძეს. ამასთან სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება.

კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე; 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები; 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება და რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმების საფუძველს.

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება და იმავე განჩინებით მორიგება დაამტკიცა მოსარჩელესა და მე-3 პირს შორის 2009 წლის 22 ივლისს გაფორმებული მორიგების აქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს განჩინების სარეზოლუციო ნაწილს და თვლის, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საპროცესო სამართალწარმოების პრინციპებთან.

როგორც სამოქალაქო ისე ადმინისტრაციულ სასარჩელო წარმოებაში, როგორც წესი, მონაწილეობს ორი მხარე: მოსარჩელე და მოპასუხე. მოსარჩელე არის პირი, რომელმაც სასამართლოში აღძრა სარჩელი თავისი დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო მოპასუხე პირი, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით, დაარღვია ან სადავოდ გახადა მისი უფლებები. ამდენად, სასარჩელო წარმოება აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებულ მხარეთა არსებობას და დავას მათ შორის.

წინამდებარე საქმეში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს _ გ. დ-ძე, ხოლო მოპასუხეს _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური. ამდენად, პროცესში მოდავე მხარე არის ორი, ხოლო ყველა დანარჩენი არის პროცესის მონაწილე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს მითითებულ ნორმაში არსებულ ჩანაწერს, სადაც საუბარია მხარეთა და არა პროცესის მონაწილეთა შესაძლებლობაზე საქმე დაასრულონ მორიგებით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე დავაში მხარეებს წარმოადგენენ გ. დ-ძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, რაც შეეხება ლ. თ-შვილს, ის განსახილველ საქმეში ჩართულია მე-3 პირად, რაც მას ანიჭებს პროცესის მონაწილის და არა მხარის სტატუსს.

საკასაციო სასამართლო დავის საგნისა და დავის საგნისადმი ლ. თ-შვილის ინტერესის გათვალისწინებით უდავოდ მიიჩნევს, რომ ლ. თ-შვილი საქმეში ჩაბმულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და წარმოადგენს ,,აუცილებელი”, ,,სავალდებულო” მოწვევის მე-3 პირს, რომელიც ამავე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მიუხედავად ლ. თ-შვილისათვის მინიჭებული განსაკუთრებული პროცესუალური სტატუსისა, ის არ წარმოადგენს მხარეს, ამასთან, იმავე ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად თვლის მორიგებას ამ უკანასკნელის ნების არარსებობის შემთხვევაში. რაც არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ შესაძლებელია მხარესა და პროცესის მონაწილე პირს შორის შესდგეს მორიგება იმ პირობებში, როდესაც მორიგებაში არ მონაწილეობს პროცესის ერთ-ერთი მხარე და მისი ნება დადგენილი არ არის.

საკასაციო სასამართლო უდავოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან დავის მორიგებით დასრულებას და თვლის, რომ სასამართლოს უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს არსებული კომფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, მაგრამ იმავდროულად შეუძლებლად მიიჩნევს განჩინების არსებული სახით ძალაში დატოვებას იმ პირობებში, როდესაც მორიგებაში არ მონაწილეობს მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური. ამავე გარემოებაზე მითითებით, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას და თვლის, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა;

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.