ბს-1370-1334(კ-10) 18 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ფ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2009 წლის 6 ოქტომბერს ფ. ს-ძე-მ-ძემ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 15 აპრილის ¹131 ბრძანებისა და ზ. ნ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹248 მოწმობის ბათილად ცნობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალდებულება ქ. ახალციხეში, ... ქ. ¹54/39-ში მდებარე საცხოვრებელ ბინის ფაქტობრივი ფართის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 3-14; ტ.I).
ფ. მ-ძის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 63-70; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ზ. ნ-ძე (იხ. ს.ფ. 82-84; ტ.I).
ფ. მ-ძის სარჩელი არ ცნო მესამე პირმა _ ზ. ნ-ძემ (იხ. ს.ფ. 89-99; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ფ. ს-ძე-მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 198-208; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. მ-ძე-ს-ძემ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 214-222; ტ.I).
ფ. ს-ძე-მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (იხ. ს.ფ. 19-27; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით ფ. ს-ძე-მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 54-61; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ს-ძე-მ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 72-81; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ფ. ს-ძე-მ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 98-99; ტ.II).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.
კასატორმა _ ფ. ს-ძე-მ-ძემ მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 და 2008 წლის 30 აპრილის ¹219 ბრძანებულებების შესაბამისად, ზ. ნ-ძე მიიჩნია ფართზე მოსარგებლედ, რომელსაც არ უცხოვრია და 1995 წლიდან არ უსარგებლია სადავო ბინით. 1998 წლიდან ბინის ფაქტობრივ მფლობელს წარმოადგენს ფ. ს-ძე-მ-ძე.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ ისარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ შეაგროვა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლომ არასწორად შეაფასა გამგებლის სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი, არ გამოიყენა მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი. ასევე არასწორად განმარტა ¹219 ბრძანებულების 1.2 მუხლი და დებულების 3.1 მუხლი (იხ. ს.ფ. 107-110; ტ.II).
მოწინააღმდეგე მხარემ _ ზ. ნ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, იგი იყო სამხედრო მოსამსახურე 1992 წლიდან, მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილში, არის აფხაზეთის ომის მონაწილე და ომის ვეტერანი 1993 წლიდან, ომში მონაწილეობის დროს მიღებული აქვს ტრამვა.
სადავო ბინა მას 1993 წელს გადაეცა სამსახურებრივი დანიშნულებით, ხოლო 1994 წლის 24 იანვარს ამოიწერა ბინის ორდერი. მის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი იყო ყველა დოკუმენტი ბინის პრივატიზების მიზნით და მის სახელზე კანონიერად გაიცა საკუთრების უფლების ¹248 მოწმობა.
მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მოსარჩელე თვითნებურად შეიჭრა სადავო ბინაში და არ წარმოადგენს ბინაზე უფლებამოსილ პირს (იხ. ს.ფ. 112; 114-115; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ფ. მ-ძის საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ფ. მ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ფ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ფ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ფ. მ-ძეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ ფ. მ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.