ბს-1373-1312(კ-09) 2 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტი, წარმომადგენელი ი. ჭ-ია (მინდობილობა ¹6, 26.04.10წ.)
თანამოსარჩელე – მ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი თ. გ-ძე (მინდობილობა 27.04.10წ.)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.09წ. განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა 20.01.09წ. სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 28.01.05წ. ¹46 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. ბ-ძის სასარგებლოდ 2006 წლის თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე ანუ მის სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აჭარის ა/რ ქობულეთის რაიონის გამგეობის 28.01.05წ. ¹46 ბრძანებრით მ. ბ-ძე გაათავისუფლეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობიდან და გადაიყვანეს ქობულეთის რაიონის გამგეობის ... განყოფილების ... თანამდებობის 0,5 განაკვეთზე. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონის გამგეობის 28.01.05წ. ¹46 ბრძანება და მ. ბ-ძე აღდგენილ იქნა იმ განყოფილების ... თანამდებობაზე, რომელიც ასრულებდა ... განყოფილების ფუნქციებს, ქობულეთის რაიონის გამგეობას ასევე დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 435 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, ქობულეთის რაიონის გამგეობა არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოპასუხე მიუთითებდა, რომ თანამდებობა, რომელზეც მ. ბ-ძე უნდა აღდგენილიყო რაიონის გამგეობაში არ არსებობდა, რაც მოსარჩელის მოსაზრებით არ შეესაბამებოდა რეალობას, ვინაიდან გამგეობის 30.05.06წ. წერილობითი შეტყობინებით აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული თანამდებობა გაუქმებული იყო, ამასთანავე ამავე თარიღით გამგეობის მიერ გამოიცა ბრძანება ... თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის შესახებ. მ. ბ-ძეს მიეცა იძულებითი განაცდურის თანხა 362 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გამგეობა სრულად არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, სასამართლოს მეშვეობით სამსახურში აღდგენის მცდელობის გამო გამგეობის 03.02.06წ. ბრძანებით მ. ბ-ძე დათხოვნილ იქნა ... განყოფილების ... თანამდებობიდანაც, სადაც იგი 0,5 განაკვეთზე მუშაობდა და მისი ყოველთვიური სარგო 75 ლარს შეადგენდა. ადმინისტრაციის ზემოაღნიშნული ქმედებით მ. ბ-ძეს მიადგა მატერიალური ზიანი, რადგან მან ვერ შეძლო მუშაობა და ყოველთვიურად ხელფასის მიღება.
მოსარჩელის წარმომადგენლებმა უარი თქვეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომლითაც ითხოვდნენ 28.01.05წ. ¹46 ბრძანების ბათილად ცობაზე, ვინაიდან ბრძანება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე იყო გაუქმებული.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 23.02.09წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.06.09წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლის 08.07.09წ. საოქმო განჩინებით თანამოსარჩელედ საქმეში ჩაბმულ იქნა მ. ბ-ძე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.09წ. განჩინებით საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 23.02.09წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა 19.10.05წ. მოხდა. კანონიერ ძალაში შესული ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი ქობულეთის რაიონის გამგეობის 28.01.05წ. ¹46 ბრძანება, ხოლო მის აღსრულებასთან დაკავშირებით აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლისადმი ქობულეთის რაიონული გამგეობის პასუხში აღინიშნა, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებების გამო ... განყოფილება ლიკვიდირებული იყო, რაც შეუძლებელს ხდიდა სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. ქობულეთის რაიონის გამგებლის 18.01.05წ. ბრძანების ¹1 დანართის თანახმად, ქობულეთის რაიონის გამგეობის აპარატის, ადგილობრივი და ორმაგი დაქვემდებარების სამსახურების საშტატო ნუსხაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მითითებული თანამდებობა არ არსებობს. ქობულეთის რაიონის გამგებლის 26.10.05წ. ¹13 ბრძანების დანართის მიხედვით, ქობულეთის რაიონის გამგეობის აპარატსა და აპარატში შემავალი სტრუქტურების და თანამდებობების საშტატო ნუსხაში, ქობულეთის რაიონის გამგებლის: 30.01.06წ. ¹1 ბრძანების ¹1 დანართში, 17.02.06წ. ¹2 ბრძანებაში, 06.06.06წ. ¹110 განკარგულების დანართში, 08.05.06წ. ¹4 ბრძანების დანართში, 07.12.06წ. ¹6 ბრძანებაში, 21.01.08წ. ¹8 ბრძანების დანართში, 15.04.08წ. ¹89 ბრძანების დანართში არ არის მითითებული ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილებაში მითითებული თანამდებობა, რომელიც ასრულებს ... განყოფილების ფუნქციას. ამდენად, შესაბამისი სამსახურის არარსებობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სამსახურის ან თანამდებობის დასახელების შეცვლა არ ნიშნავდა მისი ფუნქციების შეცვლას. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია მ. ბ-ძის გათავისუფლების პერიოდისთვის რა ფუნქციებს ასრულებდა ის სამსახური, რომლის ხელმძღვანელიც იყო მ. ბ-ძე და რა ფუნქციებს ასრულებდა ახალი სამსახური და მისი ხელმძღვანელი მ. ბ-ძის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისთვის. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული სამსახური და მისი ხელმძღვანელი ემსახურებოდნენ სოციალურ საკითხებს. ქობულეთის რაიონის გამგეობა არ ასრულებდა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ბ-ძის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, რითიც მ. ბ-ძეს მიუღებელი ანაზღაურების გამო ადგებოდა მატერიალური ზიანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის_პროფკავშირების წარმომადგენელმა და მ. ბ-ძემ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს. გამგეობის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის ა.რ. კომიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა ქობულეთის რაიონის გამგეობის 28.01.05წ. ¹46 ბრძანება, რომლითაც მ. ბ-ძე განთავისუფლდა ქობულეთის რაიონის გამგეობის ... განყოფილების ... მოვალეობის შესრულებისაგან და დაინიშნა რაიონის გამგეობის აპარატის ... განყოფილების ... 0,5 საშტატო განაკვეთზე. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით მ. ბ-ძე აღდგენილ იქნა იმ განყოფილების ... თანამდებობაზე, რომელიც ასრულებდა ... პრობლემების ფუნქციებს, მოსარჩელეს აუნაზღაურდა აგრეთვე ნაცდური ხელფასი 435 ლარის ოდენობით. ქობულეთის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 14.06.05წ. განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქობულეთის გამგეობის სააპელაციო საჩივარი. აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 14.06.05წ. განჩინება საკასაციო წესით გამგეობის მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. ¹3-27 სააღსრულებო ფურცლით დასტურდება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვტილება 19.10.05წ. მიექცა აღსასრულებლად. ქობულეთის რაიონის გამგეობის 06.04.06წ. განკარგულებით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მ. ბ-ძეს რაიონის ბიუჯეტის გამგეობის რეზერვიდან გამოეყო 435 ლარი, რითაც ნაწილობრივ აღსრულდა სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის 30.05.06წ. წერილით სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ გამგეობის სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებების გამო მოხდა ... განყოფილების ლიკვიდაცია, რაც შეუძლებელს ხდიდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 05.04.05წ. გადაწყვეტილების აღსრულებას. გამგებლის პირველი მოადგილის იმავე თარიღით გამოცემული ¹120 ბრძანებით ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე სხვა პირი დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლო ამ გარემოების აღწერით შემოიფარგლა და არ მიუცია მისთვის რაიმე შეფასება. საკასაციო პალატისათვის მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მ. ბ-ძის ... თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის გამგეობაში არსებობდა ორი სტრუქტურა–ერთი, ... განყოფილება, რომლის ... მოვალეობასაც ასრულებდა მ. ბ-ძე და რომელიც მხოლოდ გამგეობის დაქვედებარებაში იმყოფებოდა და მეორე, ... განყოფილება, რომელიც ორმაგი დაქვემდებარების იყო და რაიონის გამგეობასთან ერთად ექვედებარებოდა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ქობულეთის რაიონის ... ადგილობრივი სამსახური, რაც დასტურდება ქობულეთის რაიონის გამგებლის 30.05.06წ. ¹120 ბრძანებით აღნიშნული სამსახურის ... მოვალეობის შემსრულებლად სხვა პირის დანიშვნის თაობაზე (ტ.I, ს.ფ.93). სააპელაციო სასამართლომ დავა ისე გადაწყვიტა, რომ არ შეუსწავლია რეორგანიზაციამდე არსებული გამგეობის ორი განყოფილების ფუნქციონალური დატვირთვა, მათი ხელმძღვანელად დანიშვნის წესი, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სტრუქტურული ერთეულის – ... ადგილობრივი სამსახურის ფუნქციები, არ დადგენილა თუ რატომ არ იყო შესაძლებელი ამ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მ. ბ-ძის აღდგენა, რით განსხვავდებოდა აღნიშნული სამსახურის ფუნქციები ... განყოფილების ფუნქციებისაგან, რომელსაც ... მ. ბ-ძე. სააპელაციო პალატას არ დაუდგენია რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურის სტრუქტურული დაქვემდებარება, გამგეობის ახალი სტრუქტურული დანაყოფის ორმაგი დაქვემდებარების შემთხვევაში განყოფილების უფროსის დანიშვნის წესი, გამგეობის კომპეტენცია უფროსის დანიშვნის საკითხში და შესაბამისად გამგეობის სათანადო მოპასუხეობის საკითხი. ფუნქციონალური დატვირთვის გამოკვლევის გარეშე სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანამდებობის არარსებობის გამო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს არ უმსჯელია თუ რა არის მითითებული ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში: განყოფილების დასახელება თუ ფუნქცია, სააპელაციო პალატამ არ გასცა პასუხი მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ გათავისუფლებამდელი თანამდებობის არარსებობის გამო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ მ. ბ-ძე უნდა აღდგენილიყო იმ განყოფილების ... თანამდებობაზე, რომელიც ასრულებდა ... პრობლემების ფუნქციებს, ამასთანავე სასამართლოს არ გაურკვევია სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია. სააპელაციო სასამართლომ ქობულეთის რაიონის გამგებლის 18.01.05წ. ¹1, 26.10.05წ. ¹13, 30.901.06წ. ¹1, 17.02.06წ. ¹2 ბრძანებების, 06.06.06წ. ¹110 განკარგულების, 08.05.06წ. ¹4, 21.01.08წ. ¹8, 15.04.08წ. ¹89 ბრძანებების დანართებზე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 07.12.06წ. ¹6 დადგენილების დანართებზე მითითებით დაასკვნა, რომ აღნიშნული აქტებით დამტკიცებული საშტატო განაკვეთები არ ითვალისწინებდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვტილებაში მითითებულ თანამდებობას. ხსენებული აქტებით დამტკიცებული საშტატო განრიგებით არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ასეთი თანამდებობის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან დამტკიცებული საშტატო განაკვეთებით განსაზღვრულია ისეთი განყოფილებები, რომლებიც შესაძლოა ასრულებდნენ ... პრობლემების ფუნქციებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე მსჯელობას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ არის ამჟამად გამგეობის სტრუქტურაში მოქმედი ... სამსახური ის განყოფილება, რომელიც ... პრობლემების ფუნქციებს ახორციელებს, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებული სტრუქტურის ფუნქციონალური დატვირთვა, რომლის სახელწოდება ინოვაციური ცვლილებების პერიოდში შესაძლოა პერმანენტურ ცვლილებებს განიცდიდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებდა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ... ფუნქციების შესრულებას. ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 16.10.97წ. საქართველოს ორგანული კანონის 7.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა შორის გათვალისწინებული იყო დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება, ასევე საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებათა მშენებლობისათვის ხელის შეწყობა. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდნენ მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების პროგრამების განხორციელების ორგანიზებას. ანალოგიურ დებულებებს შეიცავდა აგრეთვე ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 21.12.98წ. ¹702 ბრძანებულებით დამტკიცებული “რაიონის გამგეობის დებულება”. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებებათა რიგს განეკუთვნება სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების საქმიანობის ხელშეწყობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმ განყოფილების ... თანამდებობის არარსებობის თაობაზე, რომელიც ... პრობლემების ფუნქციებს ასრულებს დაუსაბუთებელია, ასეთი თანამდებობის არარსებობა საჭიროებს სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებათა ანალიზს.
დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ გარკვევას საჭიროებს თუ რას ისახავს მიზნად მოსარჩელის მოთხოვნა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, იძულებითი განაცდურის თუ გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურებას, დადგენას საჭიროებს აგრეთვე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა, მოთხოვნილ თანხაში განყოფილების ... თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ 2006 წლის 3 თებერვლამდე მიღებული ხელფასის, აგრეთვე კანონიერ ძალაში შესული 05.04.05წ. გადაწყვეტილებით გათვალისწინებული განაცდურის თანხის ანაზღაურების გათვალისწინება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში დადგენას საჭიროებს მ. ბ-ძის ხელფასი განყოფილების ... თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტში.
ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, აღნიშნული სსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, რაც თავის მხრივ სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპოცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის ა.რ. კომიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.09წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.