Facebook Twitter

¹ბს-1374-1338(კ-10) 13 აპრილი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორები – დ. ფ-ი, მ. ბ-ი, ნ. მ-ი, მ. კ-ი, ნ. ბ-ე, წარმომადგენელი კ. ბ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე –ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი ვ. ბ-ი;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინება;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს დ. ფ-მა, მ. ბ-მა, ნ. მ-მა, მ. კ-მა და ნ. ბ-ემ მოპასუხის ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულების ბათილად ცნობას მოსარჩელეთა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში; სამსახურში აღდგენასა და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ფ-ს, მ. ბ-ს, ნ. მ-ს, მ. კ-ს, ნ. ბ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად გამოცხადდა «ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ» ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულება მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხე ქ. თბილისის მერიას დაევალა იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა. თბილისის მერიას დაევალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელეთა მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდიალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. სარჩელი ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹40 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 05 მაისის ¹483 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა უცვლელად.

ქ.თბილისის მერის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე, დ. ფ-ი, მ. ბ-ი, ნ. მ-ი, მ. კ-ი და ნ. ბ-ე 2005 წლის 19 სექტემბრიდან გათავისუფლდნენ სამსახურიდან; დ. ფ-ს, მ. ბ-ს, ნ. მ-ს, მ. კ-ს და ნ. ბ-ეს მიეცათ განაცდური გათავისუფლების დროისათვის არსებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად 2005 წლის 3 მაისიდან 2005 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 61.6. მუხლზე, რომლის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ» ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანება, ისე რომ არ განსაზღვრულა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება. ქალაქ თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად ცნობასთან დაკავშირებით მიეთითა, რომ აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 01 მარტის ¹120 ბრძანებულებას, და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, მაგრამ რადგან სამართლის თითოეული ნორმა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს უკავშირებდა განსაზღვრულ ფაქტობრივ გრემოებებს, ხოლო განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოების შეფასებით ჩატარებული იქნა კონკურსი და აღიშნული წესით აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემით თანამდებობაზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული პირები, სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა გამოიწვევდა ქალაქ თბილისის მერიის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას და აღნიშნულიდან გამომდინარე ძალადაკარგულად უნდა ყოფილიყო გამოცხადებული ქალაქ თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ» ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანება, ზაკ 32.5. მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად თუ ნორმატიულ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს ან გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილად ცნობის ნაცვლად გამოაცხადოს ძალადკარგულად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა რა სსკ 106 მუხლის «ბ» პუნტზე, მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით ძალაში იქნა დატოვებული ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვდაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგები იმ ნაწილში, რომლითაც 2005 წლის კონკურსის შედეგების შესაბამისად ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებულ თანამდებობებზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული თანამშრომლები. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ ვაკანტური თანამდებობის დაკავება შესაძლებელი იყო მხოლოდ თბილისის მერის ბრძანებით დამტკიცებული ქ. თბილისის ადგილობრივი თვთმმართველობის მოსამსახურეთა კონკურსის გავლის შემდეგ, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 25.2. მუხლის თანახმად, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გაუვლელობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე ურის თქმის საფუძველი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტზე მითითებით,პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი ქ.თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹40 ბრძანებისა და ქ.თბილისის პრემიერის 2005 წლის 05 მაისის ¹483 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა

სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩეელებს ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 12 ივლისის ¹54 ბრძანებით ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ, აღნიშნული ერთ-ერთ საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მერის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულების გამოცემას მოსარჩელთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2005 წლის 19 სექტემბრიდან.

Pპირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დ. ფ-ი, მ. ბ-ი, ნ. მ-ი, მ. კ-ი, ნ. ბ-ე ქ. თბილისის მერის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულებით სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2005 წლის 19 სექტემბრიდან, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 25.2. მუხლის შესაბამისად. მოსარჩელეებს ამავე ბრძანებით აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს.

სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის მერის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულების გამოცემის დროისათვის არ გაუქმებულა ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც მოყვა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციას და თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹40 ბრძანებას, რომლითაც დამტკიცდა ქ.თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, ასევე ძალაშია თბილისის მერის ბრძანებით დამტკიცებული და ჩატარებული ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა კონკურსის სამართლებრივი შედეგები, რომლის საფუძველეზე თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹40 ბრძანებით დამკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში ვაკანტურ თანამდებობზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული პირები.

P პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მერიამ მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინიდან თბილისის მერი არ იყო შეზღუდული მოსარჩელეთა მიმართ გათავისუფლების ბრძანების გამოცემაზე უკუ თარიღით იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომელიც შედეგად მოჰყვა თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹40 ბრძანებით დამტკიცებულ ქ.თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას, და თბილისის მერის ბრძანებით დამტკიცებულ და ჩატარებულ ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა კონკურსის სამართლებრივ შედეგებს.

ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ იძულებითი განაცდური საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად და ხელფასი მიაზრებს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სხვადასხვა დანამატებს, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად ხელფასის ცნებაში მოიაზრება მხოლოდ თანამდებობრივი სარგო, რაც შეეხება პრემიას და სხვა დანამატებს, სასამართლოს მოსაზრებით, პრემია და სხვა დანამატები ხელფასის შემადგენელ ნაწილს არ განეკუთვნებოდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის მერიის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ ეწინააღმდეგებოდა საჯარო სამსხურის შესახებ საქართველოს კანონს და ზაკ 61-ე მუხლის მოთხოვნებს, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული იყო, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონმდებლობის მოთხოვნები და აღნიშნულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-მა, მ. ბ-მა, ნ. მ-მა, მ. კ-მა და ნ. ბ-ემ.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ის, ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის მოტივით არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ იძულებითი განაცდური ხელფასი ანაზღაურებული უნდა იქნას აქტის გამოცემის დღემდე და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი: სადაო ადმინისტრაციული აქტით განისაზღვრა და დადგენილი იქნა მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდი, შესაბამისად, გასამრჯელოს ანაზღაურებაც უკავშირდება ამ პერიოდს. ამრიგად, განსახილველი დავის შემთხვევაში სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს არა აქტის გამოცემის თარიღს (2009 წლის 09 ნოემბერი), არამედ იმ თარიღს, რა თარიღამდეც სადაო აქტით (ნაწილით) განისაზღვრა მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა (2005 წლის 19 სექტემბერი), სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც დამსაქმებელს არ წარმოეშობა გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება დასაქმებულის მიმართ. რამდენადაც, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ნაწილით), მხარეთა შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები შეწყდა 2005 წლის 19 სექტემბრიდან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება აენაზღაურებინა მოსარჩელეებისათვის სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის (2005 წლის 3 მაისიდან _ 2005 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით) განაცდური ხელფასი მათი გათავისუფლების მომენტისათვის არსებული სახელფასო განაკვეთის (თანამდებობრივი სარგოს) ოდენობის გათვალისწინებით.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-მა, მ. ბ-მა, ნ. მ-მა, მ. კ-მა და ნ. ბ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულებით იგნორირებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, ვინაიდან კასატორები სადავო განკარგულებით გათავისუფლდნენ სამსახურიდან 2005 წლის 19 სექტემბრიდან, უკუ თარიღით და მიეცათ განაცდური ხელფასი 2005 წლის 3 მისიდან 2005 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით და არა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. მითითებული განკარგულება, კასატორების აზრით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს შემზღუდველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო მერიას, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უნდა გამოეცა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმ გარემოების Gგათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მერის განკარგულება მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი და აღარ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მოხელეთა მიმართ ხელფასის გაუცემლობისა, რადგან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის «ი» პუნქტზე მითითებით, კასატორები თვლიან, რომ მერიამ მოსარჩელეებს უნდა აუნაზრაუროს იძულებით განაცდური ხელფასი დათხოვნის დღიდან მათთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

კასატორები ასევე თვლიან, რომ შრომითი გასამრჯელო, მითითებული კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. განაცდური ხელფასი არის თანხა, რომელსაც მოხელე მიიღებდა სამსახურში ყოფნის პერიოდში შესაბამისი დანამატებით, რაც სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

Kკასატორები მიუთითებენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 თავით დადგენილი წესით სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძვლით და სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან იკვეთება წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მერის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულება, რომლის საფუძველზეც დ. ფ-ი, მ. ბ-ი, ნ. მ-ი, მ. კ-ი, ნ. ბ-ე 2005 წლის 19 სექტემბრიდან გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ამავე განკარგულებით ზემოაღნიშნულ პირებს მიეცათ განაცდური ხელფასი (პრემიების გარეშე) გათავისუფლების დროისათვის არსებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად, გათავისუფლების დღიდან 2005 წლის 3 მაისიდან 2005 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

კასატორები მიიჩნევენ, რომ ქ. თბილისის მერის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულება წინააღმდეგობაშია სასამართლო გადაწყვეტილებასთან. განკარგულებით იგნორირებულია სასამართლოს მოთხოვნები და საკითხი გადაწყვეტილია ამ მოთხოვნათა უგულებელყოფით.

საკასაციო სასამართლოს მიერ კასატორთა საჩივრის საფუძველზე შემოწმდა გასაჩივრებული განკარგულების კანონიერება, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ ადასტურებს მერიის მხრიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაცილ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ამ აქტისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტს.

საქართველოს კონსტიტუციით და საქართევლოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

აღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება აღასრულოს სწორედ იმ ფორმით და იმ სახით, რა სახითაც აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

იმ გარემოების გასარკვევად, თუ რა ნაწილში ეწინააღმდეგება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ ანალიზს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეილებით დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ის და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹23 ბრძანება ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ გამოცხადდა ძალადაკარგულად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის 2005 წლის 05 მაისის ¹149 განკარგულება მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხე ქ.თბილისის მერიას დაევალა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ისე ქ. თბილისის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ის, ნ. ბ-ისა და მათი წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ის, ნ. ბ-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიას დაევალა მოსარჩელეებისათვის აენაზღაურებინა განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელადაა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით.

ამდენად, ცალსახაა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაევალა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებროივი აქტის გამოცემამდე. მოცემულ პირობებში დასადგენია მხოლოდ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მერიას ევალება მოსარჩელეთათვის თანხის ანაზღაურება. საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით უცვლელადაა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹23 ბრძანების შეფასების ნაწილში. ქ.თბილისის მერიის 2005 წლის 05 მაისის ¹23 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, რომლის თანამშრომლებსაც წარმოადგენდნენ მოსარჩელეები, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას ქ. თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹23 ბრძანების შეფასების ნაწილში. გადაწყვეტილება მიუთითებს შემდეგზე: ქ.თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹23 ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 01 მაისის ¹120 ბრძანებულებას და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, მაგრამ რადგან სამართლის თითოეული ნორმა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს უკავშირებს განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ჩატარებული იქნა კონკურსი და აღმჭურველი აქტით თანამდებობაზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული პირები, ზემოაღნიშნული აქტის ბათილობა, სასამართლო მოსაზრებით, გამოიწვევდა ქ. თბილისის მერიის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას და იგი სასკ-ის 32.5 მუხლის საფუძველზე ცნობილი იქნა ძალადაკარგულად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: ადმინისტრაციული სამართალწარმოება სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინოს კანონიერების პრინციპის შეპირისპირება საჯარო და კერძო ინტერესებთან და საქმეზე მიიღოს თანაზომიერი გადაწყვეტილება. სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილებით სადავო აქტი, მიუხედავად მისი უკანონობისა, გამოცხადებულია ძალადაკარგულად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ორ ფორმას: ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს იმ სამართლებრივ შედეგში, რაც თან სდევს თითოეულ ზემოაღნიშნულ შემთხვევას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, არა ავტომატურად, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იწვევს აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი შედეგების გაუქმებას და ხელს უწყობს არა მხოლოდ მომავალში უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას, არამედ უკვე დარღვეული უფლების აღდგენას, მაშინ როდესაც, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას მხოლოდ ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერის 2005 წლის 05 მაისის ¹23 ბრძანება გამოცხადებულია ძალადაკარგულად და არა ბათილად, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იძლევა მოსარჩელეთა უფლებების სრულად აღდგენის შესაძლებლობას, ვინაიდან მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების საკითხი ორგანულადაა დაკავშირებული თავად სამსახურის ლიკვიდაციის ფაქტთან, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება გაგებული იქნას იმგვარად, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და არ იყოს ორიენტირებული შესაბამის შედეგზე.

აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეთ ლიკვიდაციის თაობაზე მიღებული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტიდან მერიის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

გადაწყვეტილება, რომელიც იქცა მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლად და რომლითაც, როგორც აღინიშნა, სადავო აქტი გამოცხადდა ძალადაკარგულად, ძალაში შევიდა 2009 წლის 8 აპრილს, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ქ.თბილისის მერიაში ჩატარდა 2009 წლის 9 ნოემბერს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული წარმოადგენს სწორედ იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელეებს (კასატორებს) უნდა აუნაზღაურდეთ იძულებითი განაცდური.

რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას სამსაურში აღდგენისა და თანამდებობრივ სარგოზე დამატებით პრემიისა და კანონით გათვალისწინებული დანამატების მიცემის თაობაზე, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო ფაქტობრივად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, პრემიისა და სხვა დანამატების გაცემის საფუძველი განსხვავდება თანამდებობრივი სარგოს გაცემისაგან. პრემია და დანამატი არ წარმოადგენს სტაბილურ და წინასწარ დადგენილ დანამატს, იგი ხშირად დამოკიდებულია სხვადასხთა გარემოებაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და ა.შ. რის გამოც სასამართლო, როგორც წესი, ვერ განსაზღვრავს, ვერ დაადასტურებს და ვერც გამორიცხავს ამ გარემოებების არსებობის საკითხს იმ პირობებში, როდესაც პირი, მართალია, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ფაქტობრივად არ ასრულებს დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რიგ ფაქტორივ გარემოებებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ის, ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ის, ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 9 ნოემბრის ¹1629 განკარგულება დ. ფ-თვის, მ. ბ-თვის, ნ. მ-თვის, მ. კ-ისა და ნ. ბ-თვის 2005 წლის 3 მაისიდან 2005 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში; ქ. თბილისის მერიას დაევალოს დ. ფ-ს, მ. ბ-ს, ნ. მ-ს, მ. კ-ს, ნ. ბ-ეს აუნაზღაუროს განაცდური ხელფასი 2009 წლის 8 აპრილიდან 2009 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით;

4. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.