Facebook Twitter

ბს-1376-1340(კ-10) 31 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი _ მ. დ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ს-შვილი

მესამე პირები _ შპს “...”; წარმომადგენელი _ რ. ს-შვილი; ახალციხის რეგიონული ცენტრის უფლებამონაცვლე სსიპ შემოსავლების სამსახური;

მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინება

დავის საგანი _ საგადასახადო გირავნობის გაუქმება; ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 8 ივნისს ნ. ს-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ასპინძის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ 2006 წლის 25 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “...” შეიძინა უძრავი ქონება, კერძოდ, 31400 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით (... ქარხანა), მდებარე ასპინძის რაიონის სოფ. ... მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2009 წლის 1 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქონება დატვირთული იყო გირავნობით, რომელიც წარმოიშვა შპს “...” სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გამო.

მოსარჩელის განმარტებით, შპს “...” დავალიანება არ უნდა ყოფილიყო საფუძველი შესყიდულ ქონებაზე გირავნობის არსებობისა, ვინაიდან ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა მთლიანად შეტანილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

მოსარჩელის მითითებით, ქონების შესყიდვის მომენტში იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და მას რომ ცოდნოდა ქონებაზე წარმოშობილი იყო საგადასახადო გირავნობა, ქონებას არ შეიძენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე (მდებარე - ასპინძის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹..., ფართობი 31400 კვ.მ) და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე (... საამქრო) არსებული საგადასახადო გირავნობის გაუქმება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო რეესტრში არსებული უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ჩანაწერში ცვლილების განხორციელების დავალება და მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯების - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2009 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს “...”.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით წარმოადგენდა შპს “...” ქონებას. შპს “...” დარეგისტრირებული იყო გადასახადის გადამხდელად და 2004 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება. შპს “...” სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ერიცხებოდა აგრეთვე სადავო ქონების გაყიდვის დროისათვის, 2006 წლის 25 იანვრისათვის.

უდავოდ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ შპს “...” მიერ ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა ადასტურებდა შპს “...” შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების არსებობას.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან შპს “...” ბიუჯეტის წინაშე ჰქონდა შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება, ადმინისტრაციულ ორგანოს (საგადასახადო ინსპექცია) საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, უფლება ჰქონდა გამოეყენებინა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება საგადასახადრო გირავნობის სახით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო გირავნობის უფლება შპს “...” ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულების დაწყებისთანავე და იგი ვრცელდება მის ნებისმიერ ქონებაზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის და შპს “...” წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საგადასახადო გირავნობა არ უნდა გავრცელებულიყო გაყიდულ ქონებაზე.

რაიონულმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე დაასკვნა, რომ სადავო ქონება გაიყიდა საგადასახადო გირავნობის უფლების გაუქმების გარეშე, რის გამოც გირავნობის უფლება კვლავ ვრცელდება ახალი მფლობელის მიმართ.

რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა რა 2006 წლის 25 იანვარს (მოსარჩელესა და შპს “...” შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება), ასევე საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით და 85-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 ნაწილებით, შპს “...” მიმართ გამოყენებული საგადასახადო გირავნობა კანონშესაბამისად მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებულად ითვლება – დავალიანების დაფარვისთანავე, თუ გადასახადის გადმხდელმა სრულად დაფარა დავალიანება; საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლისთანავე; საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინებით ნ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 1 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურს სადავო ქონებაზე ამონაწერის მომზადების მოთხოვნით. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადებული ამონაწერის ვალდებულებების მდგომარეობის ნაწილში დაფიქსირდა ასპინძის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 27 თებერვლის 01/2004 შეტყობინება საგადასახადო გირავნობაზე, წარმოშობილი შპს “...” მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერში უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისი საფუძვლის გაუქმების გარეშე საჯარო რეესტრი მოკლებულია შესაძლებლობას გააუქმოს სადავო ქონების მიმართ რეგისტრირებული ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პირველი მოთხოვნა (საგადასახადო გირავნობის გაუქმება) სწორედ სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძვლად არსებული აქტის (2004 წლის 27 თებერვლის 01/2004 შეტყობინება საგადასახადო გირავნობაზე) გაუქმებისკენ არის მიმართული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კონრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე საგადასახადო გირავნობის გაუქმებასთან დაკავშირებით სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს საგადასახადო ორგანო, რომელმაც გამოსცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო პასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო პასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავის გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეეძლო საგადასახადო გირავნობის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელის თანხმობით არასათანადო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახური შეეცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრით, რაც არ განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ყურადღება მიაქცია ასევე მოსარჩელის მეორე მოთხოვნაზე, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაკენ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი _ მე-3 ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა მოსარჩელემ და მას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით აღძრულ სარჩელთან მიმართებაში ყურადღება უნდა გაემახვილებინა დასაშვებობის საკითხზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა გარკვეულწილად გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილი, თუმცა არ დაეთანხმა განჩინების სარეზოლუციო ნაწილს და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაებრუნებინა საქმე ხელახლა განსახილველად, არამედ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თვითონ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

კასატორმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მოთხოვნებზე და აღნიშნა, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა მოსარჩელემ და მას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით აღძრულ სარჩელთან მიმართებაში სარჩელი დასაშვები არ იყო. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საკითხი სრულად გამოიკვლია.

ამასთან, კასატორმა გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სათანადო მოპასუხეობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრულია არა საგადასახადო ორგანოს მიმართ, არამედ საჯარო რეესტრის მიმართ, რომელსაც დამოუკიდებლად უფლება არ აქვს გააუქმოს ან დაარეგისტრიროს/დატვირთოს რაიმე სახის ქონება უფლებით.

კასატორმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდა ან რაიმე გზით გადაეცა სხვა მფლობელს სახელმწიფოს მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, გირავნობა/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ და აღნიშნა, რომ ნ. ს-შვილის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული ქონება დატვირთულია ნასყიდობამდე ამ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით და დღემდე ძალაშია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 10 მარტს 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სადავო მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით წარმოადგენდა შპს “...” ქონებას. 2006 წლის 25 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ – ნ. ს-შვილმა შპს “...” შეიძინა უძრავი ქონება, კერძოდ, 31400 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით (... ქარხანა), მდებარე ასპინძის რაიონის სოფ. ... მიმდებარე ტერიტორიაზე. შპს “...” სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება, რის საფუძველზეც სადავო ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო გირავნობა.

ამასთან, სადავოდ არ გამხდარა ინდივიდუალური აუდიტის – ლ. ბ-ძის 2006 წლის 10 იანვრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ფასი 1600 ლარს შეადგენდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ბიუჯეტში გადახდის შესახებ საბანკო ქვითრით და საგადასახადო ორგანოს ¹101 ცნობით დასტურდება, რომ გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად შეტანილია სახელმწიფო ბიუჯეტში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ გვაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს საქმის გარემოებებზე. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქმის არსებითად განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნების ან საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თავისი მოტივებით პროცესუალურ კასაციას წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის საკასაციო წესით განხილვისას, 2011 წლის 24 მარტის სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-შვილი საკასაციო განაცხადს ნაწილობრივ დაეთანხმა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიწის ნაკვეთზე (მდებარე - ასპინძის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹..., ფართობი 31400 კვ.მ) და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე (... საამქრო) არსებული საგადასახადო გირავნობის გაუქმება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო რეესტრში არსებული უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ჩანაწერში ცვლილების განხორციელების დავალება და მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯების - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობა იქონია როგორც პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე საგადასახადო გირავნობის გაუქმების თაობაზე, ასევე, მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე – რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. ასევე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე მითითებით იმსჯელა საქმეზე სათანადო მოპასუხის დადგენის თაობაზე, ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილით საქმე ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის საფუძველზე გააჩნია უფლებამოსილება გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როცა სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით, მიზანშეწონილია, მან, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციიდან გამომდინარე, თვითონ განიხილოს და გადაწყვიტოს იგი, რაც უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას და პროცესის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, დროის შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინონ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებამ არ უნდა შეიძინოს ფორმალური ხასიათი და არ უნდა დაიკარგოს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მნიშვნელობა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით არსებითად განეხილა საქმე, დამატებით გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საქმისათვის და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა რაიონული სასამართლოსათვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი და აუცილებლობა.

ამდენად, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, თავად ჰქონდა შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოეთხოვა მტკიცებულებები და მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაეკეთებინა სათანადო დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობდა საქმის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის შედეგად კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.