ბს-1381-1345(კ-10) 31 მარტი, 2011 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი _ სს ,,...”; წარმომადგენელი _ დ. ა-ული
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი _ თ. ბ-შვილი
მესამე პირები _ ლ. ხ-შვილი; ლ. ლ-კო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 30 სექტემბერს სს ,, ...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების – ლ. ხ-შვილისა და ლ. ლ-კოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 2 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა სს ,, ...” განცხადება ლ. ხ-შვილის (...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, 96 ბ კორპუსი, ბინა ¹69) ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის ¹2/4882-09 სააღსრულებო ფურცელი. 2009 წლის 3 ივლისს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა ყადაღის რეგისტრაცია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ¹40947 წერილის საფუძველზე, სს ,, ...” ცნობილი გახდა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის ¹2/4882-09 სააღსრულებო ფურცლით ლ. ხ-შვილის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, 96 ბ კორპუსი, ბინა ¹69 რეგისტრირებული ყადაღა. ამასთან, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის მოხსნის შემდგომ უძრავი ქონება 2009 წლის 4 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ლ. ლ-კოს სახელზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ¹... ყადაღის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ იყო უკანონო და არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი, რომელიც მოქცეული იყო მე-VII თავში (გარდამავალი დასკვნითი დებულებები).
მოსარჩელის განმარტებით, სადავო იყო ის გარემოება, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი წარმოადგენდა ნორმატიულ აქტს, რომლის მიღებისა და გამოცემის პირობებს ადგენდა ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ გარდამავალ გადაწყვეტილებებში არსებულ ნორმებს ახასიათებდა გარკვეული შეზღუდულობა და ძირითადი ნორმებისაგან განსახვავებულობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, განსხვავებით გარდამავალი დებულებისაგან, ადგენდა სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის პირობებს, კერძოდ, “რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავდა იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგადასახადო გირავნობის/ოპითეკის, რეგისტრაციას”.
მოსარჩელის განმარტებით, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეყენებინა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი და უარი განეცხადებინა 2009 წლის 4 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაციაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ¹... გადაწყვეტილების, ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 ივლისის ¹... გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ნივთზე ლ. ხ-შვილის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და 2009 წლის 29 ივნისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ლ. ხ-შვილის კუთვნილ უძრავ ნივთზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის აღდგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ხ-შვილი და ლ. ლ-კო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,, ...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ¹..., 2009 წლის 14 ივლისის ¹... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 სექტემბრის ¹185473 გადაწყვეტილებები; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69-ში მდებარე უძრავ ნივთზე ლ. ხ-შვილის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,, ...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით, სს “...” განცხადების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ლ. ხ-შვილის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69. 2009 წლის 2 ივლისს სს “...” განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის ¹2/4/4982-09 სააღსრულებო ფურცელი, 2009 წლის 3 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ¹... გადაწყვეტილებით, ხსენებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა (ყადაღა). 2009 წლის 8 ივლისს ლ. ლ-კომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და 2009 წლის 4 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ¹... გადაწყვეტილებით შეწყდა ხსენებულ უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაცია, ხოლო 2009 წლის 14 ივლისის ¹... გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ნივთზე, 2009 წლის 4 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ლ. ლ-კოს საკუთრების უფლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს “...” უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის (ძველი რედაქცია) 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, თუ იგი აღრიცხული იყო მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა დასახელებული ნორმა, ვინაიდან, აღნიშნული რედაქცია არ ითვალისწინებდა დათქმას იმის შესახებ, რომ ნორმა ვრცელდებოდა მხოლოდ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საჯარო სამართლებრივ შეზღუდვებზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებული იყო დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო აქტი – ყადაღის შეწყვეტის თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა დასახელებული ნორმის (“საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის (ძველი რედაქცია) 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი) დანაწესს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მითითება “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ნივთზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავდა ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ იყო დადგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებდა გამონაკლისებს ზოგადი წესიდან, კერძოდ: “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ამავე კანონის მე-2 პუნქტის “ო” ქვეპუნქტის თანახმად კი მართლზომიერი მფლობელი იყო დაინტერესებული პირი, რომლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული ან შედგენილი იყო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ლ-კო წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69-ში მდებარე უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, ყადაღის რეგისტრაციის არსებობა არ ქმნიდა ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,, ...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის განსაზღვრავს კანონის დროში მოქმედების კრიტერიუმებს. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე საკანონმდებლო აქტის 341-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე გარდამავალ დებულებებს, ხოლო მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდავალ დებულებას, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.
კასატორმა აღნიშნა, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის (ძველი რედაქცია) თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, თუ იგი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე. კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებლის ნებას წარმოადგენდა ის, რომ აღნიშნული ნორმის მოქმედება გავრცელებულიყო მხოლოდ კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ საჯარო-სამართლებრივ შეზღუდვებზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნული ნორმა თავის ფუნქციას კარგავდა კანონის ძალაში შესვლის მომენტისთანავე, ვინაიდან, კანონის ძალაში შესვლა ავტომატურად იწვევდა მის ძალაში შესვლამდე არსებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების გაუქმებას. კასატორის მოსაზრებით, კანონმდებლობის ნებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ნორმის მოქმედება უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ საჯარო-სამართლებრივ შეზღუდვებზე, ასევე ადასტურებდა აღნიშნულ ნორმაში შეტანილი ცვლილება, (ძალაში შევიდა 2009 წლის 19 ნოემბერს) რომლის თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, თუ იგი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან მატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო, ან/და სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე. კასატორის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით კანონმდებელმა დააკონკრეტა ის გარემოება, რომ ხსენებული ნორმის ძველი რედაქციითაც მის ნებას წარმოადგენდა აღნიშნულის ნორმის გავრცელება მხოლოდ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ შეზღუდვაზე და კანონის ამოქმედების შემდგომ წარმოშობილ მსგავს სამართალურთიერთობებზე მისი გავრცელება დაუშვებელი იყო.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული ნორმა დაედო საფუძვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 13 ივლისის ¹... გადაწყვეტილებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში, ლ. ხ-შვილის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69-ში, რეგისტრირებული ყადაღის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონის დარღვევით, ვინაიდან, ზემოხსენებული ნორმის გარდამავალ დებულებებში მოთავსება თავისთავად გულისხმობდა, რომ მისი მოქმედება უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობებზე და შესაბამისად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული/მიღებული ან შედგენილი იყო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე. კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელი იყო ასევე ის გარემოებაც, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავდა ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების რეგისტრაციას. შესაბამისად, კანონშეუსაბამო იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 13 ივლისის ¹... გადაწყვეტილებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში, ლ. ხ-შვილის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69-ში, რეგისტრირებული ყადაღის ძალადაკარგულად გამოცხადება, ვინაიდან, აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა დაწესდა 2009 წლის 3 ივლისს, რამაც გამორიცხა აღნიშნულ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,, ...” საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, სს ,, ...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 24 თებერვალს 12.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მიიჩნევს, რომ სს ,, ...” სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით, სს “...” განცხადების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ლ. ხ-შვილის კუთვნილ უძრავ ქონებას (მდებარე: ქ.თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69). 2009 წლის 2 ივლისს სს “...” განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის ¹2/4/4982-09 სააღსრულებო ფურცელი, 2009 წლის 3 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ¹... გადაწყვეტილებით, ხსენებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა (ყადაღა). 2009 წლის 8 ივლისს ლ. ლ-კომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და 2009 წლის 4 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ¹... გადაწყვეტილებით შეწყდა ხსენებულ უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაცია, ხოლო 2009 წლის 14 ივლისის ¹... გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ნივთზე, 2009 წლის 4 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ლ. ლ-კოს საკუთრების უფლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს “...” უარი ეთქვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ¹... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის აღდგენის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179 მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლოს ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ¹... გადაწყვეტილების, ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 ივლისის ¹... გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ნივთზე ლ. ხ-შვილის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და 2009 წლის 29 ივნისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ლ. ხ-შვილის კუთვნილ უძრავ ნივთზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის აღდგენა წარმოადგენს. ამდენად, სახეზე არის როგორც შეცილებითი, ისე მავალდებულებელი სარჩელი, შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-23-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის შემთხვევაში კი (მავალდებულებელი სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე) უნდა განისაზღვროს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2009 წლის 29 ივნისს სს ,, ...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ლ. ხ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, ლ. ხ-შვილისათვის დავალიანების ანაზღაურების დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მოითხოვა. აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69-ში მდებარე უძრავ ნივთს. სს ,, ...” მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრებული აქტებით კი ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი 96ბ, ბინა ¹69-ში მდებარე უძრავ ნივთზე შეწყდა ყადაღის რეგისტრაცია და უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლ. ლ-კოს სახელზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 17 მარტის სასამართლო სხდომაზე მესამე პირმა _ ლ. ხ-შვილმა განმარტა, რომ სს ,, ...” მიმართ არსებული დავალიანება მის მიერ სრულად არის გადახდილი და მას სს ,, ...” მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. ლ. ხ-შვილის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი დაადასტურა კასატორის – სს ,, ...” წარმომადგენელმა დ. ა-ულმაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულების არ არსებობის პირობებში, სს ,, ...” არ გააჩნია კანონიერი ინტერესი სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის მიმართ, ვინაიდან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს სწორედ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი, რის გამოც ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სს ,, ...” სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, სს “...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “...” სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებები;
3. სს ,, ...” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.