Facebook Twitter

ბს-138-132(4კ-10) 29 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “...”

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2008 წლის 23 დეკემბერს შპს “...” სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ტ.I, ს.ფ. 1-15).

საქმის გარემოებები:

2008 წლის აგვისტოში საქართველოში არსებულმა საომარმა მდგომარეობამ გამოიწვია საქართველოს რკინიგზის გრაკალი-კასპის გადასარბენზე ტვირთის მოძრაობის შეწყვეტა იმავე წლის 16 აგვისტოდან 23 აგვისტომდე, ხოლო გორი-სკრას გადასარბენზე 2008 წლის 24 აგვისტოდან 25 აგვისტომდე. ამ მიზეზით მოხდა ტვირთის დანიშნულების ადგილზე სადგურში დადგენილი ვადის დარღვევით ჩატანა. აღნიშნული გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ 24 აგვისტოს გაფორმებულ გემზე “...”-ზე, რომლითაც იგეგმებოდა ამ ტვირთის დროული გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კოდექსით დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა მისი დატვირთვა და საბაჟო გაფორმება. საომარმა მდგომარეობამ განაპირობა აზერბაიჯანიდან ტვირთის დატვირთვის პროცესის შეჩერება და კონტრაქტით გათვალისწინებული გრაფიკიდან ამოვარდნა. იმის გამო, რომ ბათუმის ნავთობის ტერმინალში არსებული მარაგი არ შეესაბამებოდა სატანკერო პარტიის ოდენობას, ტვირთმფლობელებმა გემი დასატვირთად დაგვიანებით დააყენეს, რამაც ტვირთის საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ვადების დარღვევით დეკლარირება განაპირობა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მიუხედავად საქართველოს მთელ საბაჟო ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და საქართველოს რკინიგზაზე წარმოქმნილი დაუძლეველი ძალისა, შემოსავლების სამსახურის მიერ რეგიონალურ ცენტრებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ¹402 ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მთელ საბაჟო ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების და შესაბამისი მოქმედების შესახებ. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ ზემოაღნიშნულ შემთხვევებზე შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები. შპს “...” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობის საფუძველზე, საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, წერილობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ შპს “...” ზემომითითებული მიზეზების ზემოქმედების გამო, შეექმნა წინააღმდეგობა ხელშეკრულებით ნაკისრი და სხვა ვალდებულების შესრულებაში, რის გამოც, მოითხოვა ვადების დარღვევის მიზეზები ჩათვლილიყო ფორს-მაჟორულ გარემოებად, სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვის განაცხადებში მითითებულ ვადებში კორექტირებების შეტანა, ასევე, მითითებულ პერიოდში გაფორმებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილის გადახედვა მათი გაუქმების მიზნით. შესაბამისი საბაჟო შეტყობინებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რომლებიც განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლით დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობა, მოსარჩელის მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარად იქნა მიჩნეულ, რის გამოც, მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა სასამართლოსათვის.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, შპს “...” მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო საბაჟო სანქცია ჯარიმის სახით, რადგან მისი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებებით. მოცემულ გარემოებებს ეხებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669.2 მუხლი, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 36.3 მუხლი, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება “საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ” და საქართველოს საბაჟო კოდექსი (იხ. ტ.I, ს.ფ. 1-15).

მოპასუხემ - ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს “...” მიერ 2008 წელს შპს “...” რეზერვუარებში მოთავსებულ იქნა შპს “...” კუთვნილი ტვირთი ნედლი ნავთობი (კუმკოლი). ტვირთმფლობელი კომპანიის შპს “...” წარმომადგენლის შპს “...” მიერ შეივსო “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვის განაცხადები: ¹6541, ¹6537, ¹6512, ¹6517, ტვირთის საერთო წონით 2089,173. ამოიწერა სააღრიცხვო მოწმობები: 27/08/2008 ¹12073, 28/08/2008 ¹12095, 29/08/2008 ¹12136, 28/08/2008 ¹12095. ზემომითითებული “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვის განაცხადებით და სააღრიცხვო ბარათებით მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61.2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა 2008 წლის 15-16-17 სექტემბერს. სატვირთო საბაჟო დეკლარაციები გაფორმდა 2008 წლის 16 ოქტომბერს, რითაც გადამზიდავი კომპანია შპს “...” მიერ დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 247.2 მუხლი. ვინაიდან შპს “...” უკვე დაჯარიმებული იყო ანალოგიური სამართალდარღვევისათვის, სამართალდამრღვევს გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა, თითოეული დარღვევისათვის 1000 ლარის, სულ 4000 ლარის ოდენობით.

შპს “...” მიერ 2008 წელს შპს “...” რეზერვუარებში მოთავსებულ იქნა ნედლი ნავთობი (აზერ ლაითი). ტვირთმფლობელი კომპანიის შპს “...” წარმომადგენლის შპს “...” მიერ შეივსო “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადები: ¹6831, ¹6497, ¹6501, ¹6502, ¹6503, ¹6504, ¹6505, ¹ 6506, ¹6510, ტვირთის საერთო წონით 11535,519 მ/ტ. 2008 წელს ამოიწერა სააღრიცხვო მოწმობები: 27/08/2008 ¹12070, ¹12070, 29/08/2008 ¹12116, 28/08/2008 ¹12099, 28/08/2008 12112, 27/08/2008 ¹12074, 28/08/2008 ¹12107, 28/08/2008 ¹12108. ზემომითითებული “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადებით და სააღრიცხვო ბარათებით მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა 2008 წლის 15-16-17 სექტემბერს. აღნიშნული სატვირთო დეკლარაციები გაფორმდა 2008 წლის 2 ოქტომბერს და შესაბამისად, საბაჟო რეჟიმი განხორციელდა 2 ოქტომბერს, რითაც დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 247.2 მუხლი. ვინაიდან შპს “...” უკვე დაჯარიმებული იყო ანალოგიური სამართალდარღვევისათვის, სამართალდამრღვევს გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა, თითოეული დარღვევისათვის 1000 ლარის, სულ 9000 ლარის ოდენობით.

შპს “...” მიერ 2008 წელს შპს “...” რეზერვუარებში მოთავსებულ იქნა “...”-ის და “...”-ის კუთვნილი ტვირთი ა-80 და ა-92 ტიპის ბენზინი. ტვირთმფლობელი კომპანიის “...”-ის წარმომადგენლის შპს “...” მიერ შეივსო “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვის განაცხადი: ¹6462. 2008 წლის 16 აგვისტოს ამოიწერა სააღრიცხვო მოწმობა ¹11787. ზემომითითებული “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვის განაცხადით და სააღრიცხვო ბარათით მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა 2008 წლის 4 სექტემბერს. აღნიშნული სატვირთო დეკლარაცია გაფორმდა 2008 წლის 14 სექტემბერს და შესაბამისად, საბაჟო რეჟიმი განხორციელდა 14 სექტემბერს, რითაც დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 247.2 მუხლი.

2008 წლის 18 აგვისტოს ტვირთმფლობელი კომპანიის “...”-ის წარმომადგენლის შპს “...” მიერ შეივსო “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი: ¹6409. 2008 წლის 15 აგვისტოს ამოიწერა სააღრიცხვო მოწმობა ¹11730. ზემომითითებული “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადით და სააღრიცხვო ბარათით მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა 2008 წლის 3 სექტემბერს. აღნიშნული სატვირთო დეკლარაცია გაფორმდა 2008 წლის 14 სექტემბერს და შესაბამისად, საბაჟო რეჟიმი განხორციელდა 14 სექტემბერს, რითაც დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 247.2 მუხლი.

ტვირთმფლობელი კომპანიის “...”-ის წარმომადგენლის შპს “..” მიერ შეივსო “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი: ¹6419. 2008 წლის 16 აგვისტოს ამოიწერა სააღრიცხვო მოწმობა ¹11787. ზემომითითებული “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადით და სააღრიცხვო ბარათით მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა 2008 წლის 4 სექტემბერს. აღნიშნული სატვირთო დეკლარაცია გაფორმდა 2008 წლის 14 სექტემბერს და შესაბამისად, საბაჟო რეჟიმი განხორციელდა 14 სექტემბერს, რითაც დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 247.2 მუხლი.

2008 წლის 27 აგვისტოს ტვირთმფლობელი კომპანიის “...”-ის წარმომადგენლის შპს “...” მიერ შეივსო “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი: ¹6443. 2008 წლის 22 აგვისტოს ამოიწერა სააღრიცხვო მოწმობა ¹11932. ზემომითითებული “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადით და სააღრიცხვო ბარათით მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა 2008 წლის 10 სექტემბერს. აღნიშნული სატვირთო დეკლარაცია გაფორმდა 2008 წლის 14 სექტემბერს და შესაბამისად, საბაჟო რეჟიმი განხორციელდა 14 სექტემბერს, რითაც დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 247.2 მუხლი. ვინაიდან შპს “...” უკვე დაჯარიმებული იყო ანალოგიური სამართალდარღვევისათვის, სამართალდამრღვევს გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა, თითოეული დარღვევისათვის 1000 ლარის, სულ 4000 ლარის ოდენობით (იხ. სხდომის ოქმი).

სარჩელი არ ცნეს აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა. მათ მხარი დაუჭირეს ბათუმის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენელს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. სხდომის ოქმი).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 14 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹00103, ¹008112, ¹008109, ¹008107, 2008 წლის 26 სექტემბრის საბაჟო შეტყობინებები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება და დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე არსებობდა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა, რამდენადაც ტვირთის საბაჟო დამუშავება განხორციელდა კანონით გათვალისწინებული 20 დღის გავლის შემდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყო ფაქტობრივი გარემობების შეფასებაზე, ანუ რამდენად ფორს-მაჟორული მოვლენით იყო გამოწვეული საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა. საყოველთაოდ დადგენილი ფაქტია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2008 წლის 3 სექტემბრამდე საქართველოში გამოცხადებული იყო საომარი მდგომარეობა და ქვეყანა გადავიდა განსაკუთრებულ მდგომარეობაზე. სასიცოცხლო დანიშნულების დაწესებულებები და ადმინისტრაციული ორგანოები, მიუხედავად საომარი მდგომარეობისა, მუშაობდა შეუფერხებლად. შეუფერხებლად მუშაობდა ბათუმის პორტი, რაც დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 16 მარტის წერილით, სადაც შპს “...” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იტყობინებოდა, რომ შპს “...” 2008 წლის 9 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ფუნქციონირებდა ჩვეულებრივ რეჟიმში და აწარმოებდა საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

ასევე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს რკინიგზის გრაკალი-კასპის გადასარბენზე ტვირთის მოძრაობა შეწყდა 2008 წლის 16 აგვისტოდან 23 აგვისტომდე, ხოლო გორი-სკრას გადასარბენზე 2008 წლის 24 აგვისტოდან 25 აგვისტომდე. ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით 2008 წლის 16 აგვისტოდან 25 აგვისტომდე სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილი იყო და შესაბამისად, მოსარჩელეს 9 დღის განმავლობაში არ შეეძლო კუთვნილი ტვირთი გადაეზიდა პორტში.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233.6 მუხლი და განმარტა, რომ ამავე კოდექსის 232.2 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებს ამავე კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევისთვის არ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეული იყო ავარიის ან დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად, ხოლო სუბიექტმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე საბაჟო ორგანოს და წარუდგინა მას სათანადო მტკიცებულებები. საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ფორს-მაჟორი შეფასებითი კატეგორიისაა და კონკრეტული ქმედება ჩათვლილიყო თუ არა დაუძლეველი ძალის მოქმედებად, უნდა შეჯერებულიყო მოქმედების შესრულების შესაძლებლობასთან ერთად. აქედან გამომდინარე, შეფასებული უნდა ყოფილიყო, მოსარჩელეს რამდენად უშლიდა ხელს საომარი გარემოება აღმოსავლეთ საქართველოდან, კერძოდ გარდაბნიდან, ბათუმის პორტში ტვირთის გადაზიდვაში. თუ დადგინდებოდა, რომ საომარი მოქმედების გამო 20 დღის ვადაში შეუძლებელი იყო ტვირთის გადაზიდვა, მაშინ მიჩნეული უნდა ყოფილიყო, რომ საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა ფორს-მაჟორული მდგომარეობით იყო გამოწვეული.

მოსარჩელის მიერ ტრანზიტის რეჟიმით საქართველოში შემოტანილი ტვირთი, პირობითად უნდა დაყოფილიყო სამ პარტიად. პირველი პარტია შემოტანილ იქნა 15-16 და 22 აგვისტოს, მეორე პარტია 24 და 27 აგვისტოს, ხოლო მესამე პარტია 28-29 აგვისტოს. თითოეული პარტია საქართველოში შემოტანილ იქნა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. პირველი პარტიის საბაჟო დამუშავების ოპერაცია უნდა დასრულებულიყო 2008 წლის 3, 4 და 10 სექტემბრამდე. აღნიშნული ვადა გაანგარიშებული იყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელეს ამ თარიღებამდე გარდაბნიდან გემზე უნდა დაეტვირთა ტვირთი რკინიგზის მეშვეობით. ფაქტობრივად, კანონით გათვალისწინებული 20 დღიდან 9 დღის განმავლობაში რკინიგზით მოძრაობა და ტვირთის გადატანა შეუძლებელი იყო საომარი მდგომარეობისა და რკინიგზაზე მოძრაობის შეწყვეტის გამო, შესაბამისად, მოსარჩელემ, მისგან დამოუკიდებელი ძალის გამო, ვერ გამოიყენა ის ვადა, რაც კანონით ჰქონდა გათვალისწინებული, რაც საქალაქო სასამართლომ ფორს-მაჟორად მიიჩნია.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოდან 25 აგვისტომდე რკინიგზის ხაზზე მოძრაობა რომ შეწყვეტილი იყო, ამ გარემოებას არ სჭირდებოდა დაუყოვნებლივ შეტყობინება, რადგან მოცემული გარემოება საყოველთაოდ ცნობილი იყო და ამის შესახებ მოსარჩელეს, რომც არ ეცნობებინა, დასაშვები იყო. თუმცა, 2008 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელემ ამის თაობაზე აცნობა მოპასუხეს და დაიცვა საბაჟო კოდექსის 233.6 მუხლი. სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2008 წლის 15, 16 და 22 აგვისტოს საქართველოში შემოტანილი ტვირთის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე კანონმდებლობით დადგენილი პირობები მოსარჩელის ბრალეული ქმედებით არ დარღვეულა, საბაჟო დამუშავების ოპერაცია კანონით გათვალისწინებული 20-დღიან ვადაში ვერ დასრულდა დაუძლეველი ძალის ზემოქმედების გამო, კერძოდ, ქვეყანაში საომარი ვითარების არსებობისა და სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის გამო.

მოსარჩელემ მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი დავების განხილვის საბჭოში, სადაც მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ასევე დავების განხილვის საბჭოს მოსარჩელის საჩივარი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების: ¹..., ¹..., ¹... და 2008 წლის 26 სექტემბრის საბაჟო შეტყობინების ¹..., ¹.... ¹..., ¹... ნაწილში უნდა დაეკმაყოფილებინა. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვა დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ იყო საფუძვლიანი და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, კერძოდ, განმარტა, რომ 2008 წლის 10 სექტემბერს დაიწყო გემის დატვირთვა და 14 სექტემბერს დამთავრდა იმ ტვირთის დატვირთვა, რომელიც გარდაბანში აზერბაიჯანიდან შემოტანილ იქნა 2008 წლის 15, 16 და 22 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ ტვირთზეც საბაჟო დამუშავების ოპერაცია დასრულდა გვიან, სასამართლომ ეს დაგვიანება მიიჩნია ფორს-მაჟორად. 2008 წლის 27, 28 და 29 აგვისტოს შემოზიდულმა საქონელმა კი საქართველოს ტერიტორია დატოვა არა 14 სექტემბერს, არამედ გაცილებით გვიან, 2008 წლის 2 და 16 ოქტომბერს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მკიცებულებებით არ დადგინდა, რომ საომარმა მდგომარეობამ განაპირობა აზერბაიჯანიდან ტვირთის დატვირთვის პროცესის შეჩერება და კონტრაქტით გათვალისწინებული გრაფიკებიდან ამოვარდნა. ასევე არ დადგინდა საომარი ვითარების კავშირი და დაუძლეველი ძალის ზემოქმედება იმ ტვირთის სატანკერო პარტიის მოგროვების შეუძლებლობაში, რომელიც ტვირთმფლობელი კომპანია “...” მიერ 27 აგვისტოს გაკეთებული ¹15 განაცხადის მიხედვით შეადგენდა 80000-85000 მ/ტონას, რის გამოც, 29 აგვისტოს გემის “...”-ს ნაკლები წონით 50125,045 მ/ტ დაიტვირთა და გაფორმდა, რამაც გამოიწვია ტვირთის მიმართ გაცხადებული ტრანზიტული რეჟიმის ვადების დარღვევით დასრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით, ამ ნაწილში გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმები, საბაჟო შეტყობინებები და მათი დასაბუთება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და დავების განმხილველი საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტები კანონიერი იყო და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ტ.I, ს.ფ. 283-308).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აპელანტის მითითებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს, შესაბამისი დასაბუთებით, შეეძლო შეემცირებინა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გაეგრძელებინა ისინი 45 კალენდარული დღით. საქმეში წარდგენილი იყო შპს “...” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 16 მარტის წერილი, რომლითაც დადასტურდა, რომ შპს “...”, 2008 წლის 9 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებდა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობას აწარმოებდა. შპს “...” მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საწარმომ გამოიყენა მისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით მინიჭებული უფლება, რამაც, ბუნებრივია, საბაჟო ვალდებულებათა დარღვევის აღმოჩენისას შესაბამისი გავლენა იქონია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან აღნიშნული შემთხვევის სამართლებრივ შეფასებაზეც და მის შედეგებზეც. თუ სუბიექტი არ ითხოვდა კანონით დადგენილი სტანდარტული ვადის გაგრძელებას საბაჟო პროცედურების დასასრულებლად, მაშინ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ვადების დაუცველობა სამართალდარღვევა იქნებოდა.

აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233.6 მუხლი, რომლის თანახმად, ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა პირს, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებული არაა ასევე თუ რატომ იყო შეუძლებელი საბაჟო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულება, თუკი ადმინისტრაციული პროცედურების განმახორციელებლი ყველა ორგანო გამართულად მუშაობდა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულმა ტვირთმაც დროულად მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ის გარემოება, რომ ნავთობპროდუქტების საერთო რაოდენობამ ვერ მიაღწია სატვირთო გემისათვის გადასაზიდად ოპტიმალურ რაოდენობას, არ შეიძლებოდა ტვირთზე საბაჟო პროცედურის დასრულების ხელისშემშლელ გარემოებად მიჩნეულიყო. ამდენად, უსაფუძვლო იყო იმის მტკიცება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაარღვიეს კანონის მოთხოვნები (იხ. ტ.I, ს.ფ 316-327).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად განმარტა საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს გამოყენებული კანონი, ასევე ნათლად ჩანდა, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო.

მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგინდა და მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ შპს “...” მიერ დაირღვა საბაჟო კოდექსის 247-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა, ანუ საქონელზე ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ საბაჟო პროცედურები დაასრულა საქართველოს საბაჟო კოდექსის 61.1.”ბ” მუხლით, კანონით გათვალისწინებული 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის რეგიონალური ცენტრის საბაჟო გამშვები პუნქტის “...” ინსპექტორების მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და რეგიონალური ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული საბაჟო შეტყობინებები, შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და საბაჟო შეტყობინებების დასაბუთება კანონიერი იყო და მიღებული იყო შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით (იხ. ტ.I, 331-350).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს “...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა შეფასება კონკრეტულ შემთხვევებში, გამორიცხავდა შპს “...” მიმართ ჯარიმის სახით საბაჟო სანქციის გამოყენებას. აპელანტის აზრით, მისი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებებით. საყოველთაოდ ცნობილი დაუძლეველი ვითარების გარდა, რაც ფაქტობრივი გარემოებებითაც ნათლად დადასტურდა, პასუხისმგებლობა სამართლებრივი საფუძვლებითაც უნდა ყოფილიყო გამორიცხული, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669.2 მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 36.3 მუხლით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებით “საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ”, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსით. აპელანტის მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარემ ჯარიმების დარიცხვისას სრულიად უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ არ გაითვალისწინა შექმნილ ვითარებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი და შესაბამისად, შპს “...” არაბრალეულობა, რაც არ გაითვალისწინა ბათუმის საქალაქო სასამართლომაც.

შემოსავლების სამსახურს შპს “...” მიერ წერილობითი შეტყობინების გარდა წარედგინა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა. გარდა ამისა, არანაირ დამატებით მტკიცებას არ საჭიროებდა ის ფაქტი, რომ შესაბამის პერიოდში ნავსადგურში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები, შემოღებული იყო დაცვის რეჟიმი, თუმცა უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიების არარსებობის გამო, გემთმფლობელები თავს არიდებდნენ საომარ ზონაში გემების შემოყვანას. არც ის ფაქტი წარმოადგენდა სადავოს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად, სერიოზული პრობლემები შეიქმნა, ზოგადად, საქართველოს რკინიგზაზე, კონკრეტულად კი, შეწყდა მოძრაობა გრაკალი-კასპის გადასარბენზე, აფეთქდა სარკინიგზო ხიდი გორი-სკრის გადასარბენზე.

ტვირთის დაყოვნება, მისი დროული გადაადგილების ხელშემშლელი გარემოებები, რომლებიც, უშუალოდ, საომარი მდგომარეობის პერიოდში არსებობდა, გარკვეული პერიოდი საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, შედეგად ტვირთის გადაადგილება მომდევნო რიცხვებშიც შეყოვნდა აზერბაიჯანში, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ტერმინალებიდან გემზე დატვირთვის პროცესშიც. ტვირთების დაყოვნება გამოწვეული იყო არა მარტო საომარი მდგომარეობის გამოცხადებით, ნავსადგურში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების და დაცვის რეჟიმის შემოღებით, არამედ საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ტვირთის სატანკერო პარტიების მოგროვების შეუძლებლობითაც, რაც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს რკინიგზაზე შექმნილ პრობლემებთან. ზემომითითებული მიზეზების ზემოქმედების გამო, აპელანტს შეექმნა წინააღმდეგობა ხელშეკრულებით ნაკისრი და სხვა ვალდებულებების შესრულებაში, რის გამოც, ითხოვდა ვადების დარღვევის მიზეზების ჩათვლას ფორს-მაჟორულ გარემოებად (იხ. ტ.I, ს.ფ. 352-369).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული და ზოგიერთ ნაწილში იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო. მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგინდა და მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ შპს “...” მიერ დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 247-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა, ანუ საქონელზე ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ საბაჟო პროცედურები დაასრულა საბაჟო კოდექსი 61.1. “ბ” მუხლით, კანონით გათვალისწინებული 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს საბაჟო კოდექსით იმპერატიულად იყო განსაზღვრული, რომ 233.6 მუხლის მიხედვით, ამავე კოდექსის 232.2 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებს კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევისთვის არ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეული იყო ავარიის ან დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად, ხოლო სუბიექტმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე საბაჟო ორგანოს და წარუდგინა მას სათანადო მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს “...” არანაირი მტკიცებულება და შეტყობინება არ წარუდგენია ბათუმის რეგიონალური ცენტრისთვის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ მოხდარა იმპერატიულად განსაზღვრული ნორმის გამოყენება და უფრო მეტიც, მან არასწორად განმარტა კანონი, რაც გახდა არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი (იხ. ტ.I, ს.ფ. 368-375).

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ არ იყო წარმოდგენილი საფუძვლიანი და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზიები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2008 წლის 25 აგვისტოს შემდეგ აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა, ხოლო 2008 წლის 3 სექტემბერს საომარი ვითარება დასრულდა. მოსარჩელემ ამ ვითარების გასვლის შემდგომი 20 დღის განმავლობაშიც ვერ დაასრულა საბაჟო ოპერაციები. რაც შეეხება შპს “...” პრეტენზიას, რომ 2008 წლის 27-28 აგვისტოს ტვირთმფლობელი კომპანიები გეგმავდნენ, დაეყენებინათ გემი დასატვირთად, გაეტანათ ტვირთი ტერმინალიდან და დაესრულებინათ გაცხადებული ტრანზიტული რეჟიმი კანონით ნებადართულ ვადებში, საომარმა მდგომარეობამ განაპირობა აზერბაიჯანიდან ტვირთის დატვირთვის პროცესის შეჩერება და კონტრაქტებით გათვალისწინებული გრაფიკებიდან ამოვარდნა. ამ უკანასკნელმა შეუძლებელი გახადა გათვალისწინებულ ვადებში ტვირთის სატანკერო პარტიის მოგროვება. 2008 წლის 28 აგვისტოს ბათუმის ნავთობის ტერმინალში არსებული მარაგი - 9288,857 მ/ტ არ შეესაბამებოდა სატანკერო პარტიის ოდენობას. ამის გამო, ტვირთმფლობელებმა დააყენეს გემი დასატვირთად 2008 წლის 10 სექტემბერს, რამაც განაპირობა ტვირთის საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ვადების დარღვევით დეკლარირება 2008 წლის 14 სექტემბერს. ასევე საომარი მდგომარეობის გამო, შეუძლებელი გახდა გათვალისწინებულ ვადებში ტვირთის სატანკერო პარტიის მოგროვება, რომელიც ტვირთმფლობელი კომპანია “ ...” მიერ 27 აგვისტოს გაკეთებული განაცხადი ¹15-ის მიხედვით, შეადგენდა 80000-80500 მ/ტონას. 27-29 აგვისტოს ბათუმის ნავთობის ტერმინალში არსებული მარაგი არ შეესაბამებოდა სატანკერო პარტიის და ე.წ. “...” საერთო ოდენობას, რამაც განაპირობა 2008 წლის 29 აგვისტოს გემის ნაკლები წონით - 50125,045 მ/ტ დატვირთვა და გაფორმება. ამ უკანასკნელმა შეუძლებელი გახადა განაცხადების შესაბამისი ტვირთის 29 აგვისტოს გემზე “...”-ზე მოხვედრა, რამაც გამოიწვია ტვირთის მიმართ გაცხადებული ტრანზიტული რეჟიმის ვადების დარღვევით დასრულება ა/წლის 2 ოქტომბერს გემზე “...”.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დასკვნები, რომ 2008 წლის 10 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდა გემის იმ ტვირთით დატვირთვა, რომელიც გარდაბანში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 2008 წლის 15, 16 და 22 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ტვირთზეც საბაჟო დამუშავების ოპერაცია დასრულდა გვიან, სასამართლომ ეს დაგვიანება მიიჩნია ფორს-მაჟორად. 27, 28 და 29 აგვისტოს შემოზიდულმა საქონელმა კი საქართველოს ტერიტორია დატოვა არა 14 სექტემბერს, არამედ გაცილებით გვიან, 2008 წლის 2 ოქტომბერს და 16 ოქტომბერს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ საომარმა მდგომარეობამ განაპირობა აზერბაიჯანიდან ტვირთის გადმოტანის პროცესის შეჩერება. ასეთი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და არც ასეთი მტკიცებულების არსებობაზე მიუთითებია. ასევე არ დგინდება საომარი ვითარების კავშირი და დაუძლეველი ძალის ზემოქმედება იმ ტვირთის სატანკერო პარტიის მოგროვების შეუძლებლობაში, რომელიც ტვირთმფლობელი კომპანიის “...” მიერ 2008 წლის 27 აგვისტოს გაკეთებული განაცხადის ¹15-ის მიხედვით შეადგენდა 80000-80500 მ/ტონას, რის გამოც, 2008 წლის 29 აგვისტოს გემი “...” ნაკლები წონით - 50125,045 მ/ტ დაიტვირთა და გაფორმდა, რამაც გამოწვია ტვირთის მიმართ გაცხადებული ტრანზიტული რეჟიმის ვადების დარღვევით დასრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმები, საბაჟო შეტყობინებები და მათი დასაბუთება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერი იყო და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ.ტ.II, ს.ფ. 125-148).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის სწორი, იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს “...” მიერ დარღვეულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 247-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ: საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა, ანუ საქონელზე ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ საბაჟო პროცედურები დაასრულა საქართველოს საბაჟო კოდექსის 61.1. “ბ” მუხლით გათვალისწინებული 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

კასატორის მითითებით, საქართველოს საბაჟო კოდექსით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ 233.6 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 232.2 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებს ამ კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევისთვის არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია ავარიის ან დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად, ხოლო სუბიექტმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე საბაჟო ორგანოს და წარუდგინა მას სათანადო მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს “...” არანაირი სახით მტკიცებულება და შეტყობინება არ წარმოუდგენია ბათუმის რეგიონალური ცენტრისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ამისათვის გააჩნდა გონივრული ვადები, შესაბამისად, იმპერატიულად განსაზღვრული ნორმის გამოყენება არ მოხდარა. ვინაიდან, უმეტეს შემთხვევაში, სამართლის ნორმების შესრულება განისაზღვრება ვადებით და გამონაკლის შემთხვევაში გონივრულ ვადებში, არც ერთ შემთხვევაში არ მოხდარა შეტყობინებისა და მტკიცებულების წარმოდგენა, შესაბამისად, მტკიცება იმის თაობაზე, რომ შპს “...” დაუყოვნებლივ, ან გონივრულ ვადაში შეატყობინა ბათუმის რეგიონალურ ცენტრს და შეასრულა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, უსაფუძვლოა და სრულიად მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის რეგიონალური ცენტრის საბაჟო გამშვები პუნქტის “...” ინსპექტორების მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და რეგიონალური ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული საბაჟო შეტყობინებები, შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და საბაჟო შეტყობინებების დასაბუთება კანონიერი იყო და მიღებული იყო შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით (იხ.ტ.II, ს.ფ. 158-168).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.2. “ე” მუხლის იმპერატიული მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში უნდა მიეთითებინა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც იგი ხელმძღვანელობდა, რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394.”ე” მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს, შესაბამისი დასაბუთებით, შეუძლია შეამციროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით. საქმეში წარდგენილია შპს “...” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 16 მარტის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს “...”, 2008 წლის 9 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებდა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობას აწარმოებდა. შპს “..” მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საწარმომ გამოიყენა მისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით მინიჭებული უფლება, რამაც, ბუნებრივია, საბაჟო ვალდებულებათა დარღვევის აღმოჩენისას შესაბამისი გავლენა იქონია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან აღნიშნული შემთხვევის სამართლებრივ შეფასებაზეც და მის შედეგებზეც. ბუნებრივია, თუ სუბიექტი არ ითხოვს კანონით დადგენილი სტანდარტული ვადის გაგრძელებას საბაჟო პროცედურების დასასრულებლად, მაშინ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ვადების დაუცველობა სამართალდარღვევად განიხილება.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233.6 მუხლი, რომლის თანახმად, ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებული არაა ასევე თუ რატომ იყო შეუძლებელი საბაჟო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულება, თუკი ადმინისტრაციული პროცედურების განმახორციელებლი ყველა ორგანო გამართულად მუშაობდა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულმა ტვირთმაც დროულად მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ის გარემოება, რომ ნავთობპროდუქტების საერთო რაოდენობამ ვერ მიაღწია სატვირთო გემისათვის გადასაზიდად ოპტიმალურ რაოდენობას, არ შეიძლება ტვირთზე საბაჟო პროცედურის დასრულების ხელისშემშლელ გარემოებად მიჩნეულიყო. ამდენად, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაარღვიეს კანონის მოთხოვნები (იხ.ტ.II, ს.ფ 174-181).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ასევე სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს “ჯორჯია ტრანზიტის” მიერ დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 247-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა, ანუ საქონელზე ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ საბაჟო პროცედურები დაასრულა საბაჟო კოდექსი 61.1. “ბ” მუხლით, კანონით გათვალისწინებული 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე, კერძოდ, ფორს-მაჟორით იყო თუ არა გამოწვეული საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევა.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული მსჯელობა არ უნდა გავრცელდეს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული ადმინისტრაციული აქტების კანონიერების გარკვევის მსჯელობისას, ვინაიდან საქართველოს საბაჟო კოდექსით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ 233.6 მუხლის მიხედვით, ამავე კოდექსის 232.2 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებს კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევისთვის არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია ავარიის ან დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად, ხოლო სუბიექტმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე საბაჟო ორგანოს და წარუდგინა მას სათანადო მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს “...” არანაირი მტკიცებულება და შეტყობინება არ წარუდგენია ბათუმის რეგიონალური ცენტრისთვის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ მომხდარა იმპერატიულად განსაზღვრული ნორმის გამოყენება და უფრო მეტიც, მან არასწორად განმარტა კანონი, რაც გახდა არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

კასატორის მოსაზრებით, უკანონოა, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ მოპასუხე დააკისრა სახელწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა. მისი აზრით, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელით ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია. აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუსაბუთებია, თუ რისგან შედგება 120 ლარი და რა მტკიცებულებებია საამისოდ შეფასებული სასამართლოს მიერ, შესაბამისად, ამ ნაწილში საერთოდ შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაც, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სადავო განჩინებით ისე დატოვა უცვლელად გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ არათუ დაასაბუთა, არამედ არც უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე (იხ.ტ.II, ს.ფ. 187-193).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს “...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა შეფასება მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავდა შპს “...” მიმართ ჯარიმის სახით საბაჟო სანქციის გამოყენებას. შპს “...” მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორმაჟორული გარემოებებით. საყოველთაოდ ცნობილი დაუძლეველი ვითარების გარდა, რაც ფაქტობრივი გარემოებებითაც ნათლად დასტურდება, პასუხისმგებლობა სამართლებრივი საფუძვლებითაც უნდა ყოფილიყო გამორიცხული, კერძოდ, სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669.2 მუხლით, რომლის შესაბამისად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის არსებობისას; “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 36.3 მუხლი, რომლის თანახმად, მოცემულ ურთიერთობებში საქარველოს კანონმდებლობა უნდა იქნეს გამოყენებული; საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება “საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ”, რომლის მოქმედება კონკრეტული ვადით შემოისაზღვრა, მაგრამ განვითარებული, საყოველთაოდ ცნობილ მოვლენებთან მიზეზობრივად დაკავშირებული გარემოებანი ჩვენთვის კვლავ დაუძლეველ გარემოებებს წარმოადგენდა და ეს ვითარება აღნიშნული აქტის მოქმედებაზე გაცილებით მეტი დროით გაგრძელდა; საქართველოს საბაჟო კოდექსის 233.6 მუხლი, რომელიც ამომწურავად არ ჩამოთვლის ისეთ დაუძლეველი ძალის გარემოებებს, რომლებიც შეუძლებელს ხდის კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომელი გარემოების დადგომა პირის ნებისაგან დამოუკიდებლად ხდება, შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის - ბათუმის რეგიონალური ცენტრის მხრიდან ქმედების საბაჟო სამართალდარღვევად მიჩნევა და შესაბამისი პასუხისმგებლობის სახით ჯარიმების გადახდის მოთხოვნის წარმოდგენა, სამართლებრივად არასწორია; საქართველოს კანონის “სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ” 4.3 მუხლის შესაბამისად, პალატის კომპეტენციას წარმოადგენს ფორს-მაჟორთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმება. შემოსავლების სამსახურის შპს “...” მიერ წერილობითი შეტყობინების გარდა, წარედგინა სწორედ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნა, რომლითაც დასტურდება ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა. სწორედ ასეთი შეტყობინების წარდგენის შემდეგ შედგენილი აქტების გაბათილება არ მოუხდენია სასამართლოს.

ტვირთის დაყოვნება, მისი დროული გადაადგილების ხელშემშლელი გარემოებები, რომლებიც უშუალოდ, საომარი მდგომარეობის პერიოდში არსებობდა, გარკვეული პერიოდი საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, შედეგად ტვირთის გადაადგილება მომდევნო რიცხვებშიც შეყოვნდა აზერბაიჯანში, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ტერმინალებიდან გემზე დატვირთვის პროცესშიც. ტვირთების დაყოვნება გამოწვეული იყო არა მარტო საომარი მდგომარეობის გამოცხადებით, ნავსადგურში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების და დაცვის რეჟიმის შემოღებით, არამედ საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ტვირთის სატანკერო პარტიების მოგროვების შეუძლებლობითაც, რაც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს რკინიგზაზე შექმნილ პრობლემებთან. ზემომითითებული მიზეზების ზემოქმედების გამო, კასატორის შეექმნა წინააღმდეგობა ხელშეკრულებით ნაკისრი და სხვა ვალდებულებების შესრულებაში.

კასატორის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიათა შეკრებასა და გემის დატვირთვასთან მიმართებაში საომარი მდგომარეობა მაშინ იქნებოდა ფორს-მაჟორად მიჩნეული, თუ დადგინდებოდა, რომ საომარმა ვითარებამ მოსარჩელეს არ მისცა საშუალება ტვირთის გადაზიდვაში. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, ფორს-მაჟორული ვითარება დროში განგრძობად უშუალოდ მხოლოდ საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადით არ უნდა შემოისაზღვროს, ვინაიდან იმ პერიოდში წარმოქმნილმა პრობლემებმა ერთგვარი გაგრძელება ჰპოვა ასეთი მდგომარეობის დასრულების შემდგომ პერიოდშიც. მოცემულ შემთხვევაში, ვადებისა და ფაქტების პრაქტიკული, შედარებითი ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირები, კერძოდ, შპს “...” მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელების შესაძლებლობის ფარგლები სადავო დროის მონაკვეთში, ზოგადად, რკინიგზაზე არსებული ვითარება და საბოლოოდ, მოცდენის განმაპირობებელი სხვა ფაქტორები. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სამართლებრივიად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა (იხ.ტ.II, ს.ფ.198-206).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრისა და შპს “...” საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების, მხარეთა წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრისა და შპს “...” საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივი - განსახილველ დავაში ადმინისტრაციული აქტების კანონიერების შემოწმება ფორს-მაჟორული ვითარების კონტექსტში, როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ასევე სამართალწარმოების პრაქტიკაში იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, წინამდებარე საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება თუ რამდენად კანონიერად და ობიექტურად მიეცა შეფასება საქმის მასალებს და რამდენად სწორად შეეფარდა სადავო სამართალურთიერთობას სამართლის ნორმა. ვინაიდან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა და მის სამართლებრივი კვალიფიკაცია ორგანულია სამოქალაქო დავებისათვის, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში შესაბამისი სასამართლო განმარტება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ სასამართლოებს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრების მოტივები ქმნიან აბსოლუტური კასაციის წანამძღვრებს, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის საგულისხმო და განსაკუთრებული. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა ასევე სახელმძღვანელო გახდება სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისათვის და მათი პრაქტიკისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში დაუძლეველი ძალა ძირითადად განიხილება, როგორც სხვადასხვა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებებში მხარეთა მხრიდან თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან გამომრიცხველი გარემოება. აღნიშნულის გათვალისწინებით ამ მოვლენის გაგება მოცემულია სხვადასხვა ლექსიკონებსა და ნორმატიულ დოკუმენტებში შესაბამისი სახით.

თავად დაუძლეველი ძალის ცნება (ვის მაჯორ, ფორსე მაჯეურე, აცტ ოფ გოდ) უკვე ათასწლეულია არსებობს და ნიშნავს ზეძალას “ღვთის ჩანაფიქრს”, ბედს, შემთხვევას, თავისი ძალით ადამიანურ ძალებს აღმატებულს, რომელიც მას წინ უნდა აღუდგეს, ამიტომაც ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ეს ცნება ცნობილი იყო კლასიკური პერიოდის რომაული კერძო სამართლისთვის, კონტინენტური ევროპის ქვეყნების სამოქალაქო სამართლისთვის, ანგლო-ამერიკული სამოქალაქო სამართლისთვის (ფორს-მაჟორული დათქმები ხელშეკრულებაში).

საერთაშორისო კერძო სამართლის ფარგლებში დაუძლეველი ძალის გაგება მოცემულია “საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” 1980 წლის 11 აპრილის ვენის კონვენციის 79-ე მუხლში, სადაც მითითებულია: “მხარე არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ დაამტკიცებს, რომ ეს გამოწვეული იყო მის კონტროლს მიღმა მყოფი შემთხვევით და რომ მისგან შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას ამგვარის გონივრული მოლოდინი.

საერთაშორისო საჯარო სამართალში ფორს-მაჟორის ქვეშ (იურიდიულ პრაქტიკაში ტრადიციულად ეს ორი გაგება ერთიანდება) იგულისხმება სიტუაცია, რომლის დროსაც სუბიექტი იძულებულია იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების გვერდის ავლით დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგების ან კონტროლს ვერდაქვემდებარებული გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო.

საკასაციო სასამართლო ფორს-მაჟორულ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: დაუძლეველი ძალის შედეგად ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე მისდაუნებურად ხდება ზიანის მიმყენებელი მეორე მხარისათვის.

დაუძლეველი ძალის განსაზღვრების საერთო პრინციპს განეკუთვნება გარემოებათა ობიექტური და სუბიექტური ხასიათი - ფაქტორების ზემოქმედება, რომელიც ვალდებულებათა შესრულების დაბრკოლება ხდება, უნდა იყოს ობიექტური და აბსოლუტური, ანუ უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ ზიანის მიმყენებელს, არამედ იგი უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. შესრულების შეუძლებლობა უნდა იყოს აბსოლუტური და არა მხოლოდ ვალდებული პირის შემაფერხებელი.

კანონმდებლობასა და პრაქტიკაში დაუძლეველ ძალას განაკუთვნებენ სტიქიურ უბედურებებს (მიწისძვრა, წყალდიდობა) ან სხვა გარემოებებს, რომლებიც შეუძლებელია გაითვალისწინო ან აღკვეთო (ან შესაძლებელია გათვალისწინება, მაგრამ შეუძლებელია მისი აღკვეთა) ადამიანთა ცოდნისა და ტექნიკური შესაძლებლობების თანამედროვე დონის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: ყველა სამოქალაქო-სამართლებრივ სისტემებში დაუძლეველი ძალა ითვლება პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად.

სამოქალაქო სამართალში – საგანგებო, გაუთვალისწინებელი, შეთანხმების მონაწილეთა ნებისა და მოქმედებისგან დამოუკიდებელი გარემოებაა, რომლებიც ვერ იქნება გათვალისწინებული, აღკვეთილი ან აღმოფხვრილი, მაგ. სტიქიური უბედურება.

საერთო ჯამში, ფორს-მაჟორი შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

1. დაუძლეველი ძალა (მოკლე ვადიანი შემთხვევა)

2. იურიდიული ფორს-მაჟორი (განგრძობადი შემთხვევა)

ფორს-მაჟორად არ მიიჩნევა გარემოებები, რომლებიც თავისი არსით არის კომერციული რისკი, მაგ. სიძნელეები არახელსაყრელ კონიუნქტურასთან, ფასების ცვალებადობასთან და ა.შ. დაკავშირებით.

ფორს-მაჟორული გარემოებები ათავისუფლებენ კონტრაჰენტს მატერიალური პასუხისმგებლობისაგან სახელშეკრულებო ვალდებულებების დაუცველობისას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ აცნობებს პარტნიორს დაუძლეველი გარემოებების დადგომის შესახებ და განაახლებს ვალდებულებათა შესრულებას მათი ზემოქმედების შეწყვეტისთანავე.

იურიდიულ ფორს-მაჟორს განეკუთვნება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებები (იმპორტ-ექსპორტის აკრძალვები, სავალუტო შეზღუდვები და სხვ.) გაფიცვები, ომები, რევოლუციები და მსგავსი შემთხვევები.

იურიდიული ფორს-მაჟორის ცნებას არ გააჩნია ზუსტი განსაზღვრება. როგორც წესი, კონტრაჰენტები ხელშეკრულებაში ითვალისწინებენ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და მათი სამართლებრივი შედეგების პირობებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფორს-მაჟორული გარემოებები ასევე იჩენენ თავს საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში და აქაც იგი განიხილება, როგორც საჯარო სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით /მოქმედი რედაქცია/ ფორს-მაჟორი განიხილება, როგორც საბაჟო სამართალდარღვევისთვის გათვალისიწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება, კერძოდ, ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად. დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;

გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

მოცემული დავა წარმოშობილია ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის, კერძოდ, საბაჟო სამართალურთიერთობის სფეროში. საბაჟო მომსახურება ძირითადად პროცედურულ სტადიებს ითვალისწინებს, რა დროსაც სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები მკაცრად არის გაწერილი და მათი შესრულება (დაცვა) სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებელი რიგ შემთხვევებში პროცედურების დაუცველობას სამართალდარღვევად აკვალიფიცირებს, შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობის დადგენით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების კანონიერების შემოწმებას იმ კონტექსტში, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხოლო შემდგომ, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილებების გამოტანისას ობიექტურად და სწორად არ დაადგინეს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა ფორს-მაჟორული სიტუაცია (რუსეთ-საქართველოს ომი, შესაბამისი შედეგებით) და ადეკვატურად არ განსაზღვრეს მეწარმის საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობა (საბაჟო პროცედურების კანონით დადგენილ ვადაში შესრულება) პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არსებობის გამო, რაც ნაწილობრივ გაზიარებულია ქვემდგომი სასამართლოების მიერ და ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 14 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹...; ¹....; ¹...; ¹...; 2008 წლის 26 სექტემბრის საბაჟო შეტყობინება ¹...; ¹...; ¹...; ¹...., ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 10 ნოემბრის ¹... ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 12 დეკემბრის ¹... ბრძანება.

მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების ნაწილში სასამართლოებმა დაადგინეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი გამოკვლევა-დადგენა-შეფასება.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმეზე წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ობიექტურად გამოიკვლიეს და დაადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები /იხ. ტ. I, ს.ფ. 302-305, პირველი ინსტანციის სამართალწარმოება, გადაწყვეტილება; იხ. ტ. II ს.ფ. 142-147, სააპელაციო სასამართლოს სამართალწარმოება, გადაწყვეტილება/, რამდენადაც მხარეებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ჰქონიათ, ასევე ვერ უზრუნველყვეს სასამართლო შეფასებების დასაბუთებულად გაკრიტიკება, კერძოდ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების _ ადმინისტრაციული ორგანოების არგუმენტებს მათი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოდან _ 2008 წლის 3 სექტემბრამდე საქართველოში გამოცხადებული იყო საომარი მდგომარეობა. აღნიშნული მოვლენა განეკუთვნება სწორედ ფორს-მაჟორულ შემთხვევას, რომლის გათვალისწინება ან შედეგების აღმოფხვრა აღემატებოდა მოსარჩელის შესაძლებლობებს, შესაბამისად ამ ფაქტმა თავისი იურიდიული შედეგები განაპირობა მთელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რასაკვირველია, ეს აისახა როგორც სახელშეკრულებო, ისე საჯაროსამართლებრივი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე.

კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის /იხ.ს.ფ. 190, ტ. II/, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს /იხ.ს.ფ. 177, ტ. II/ და ბათუმის რეგიონალური ცენტრის მოტივი (იხ. ს.ფ. 162-163, ტ. II), რომ შპს “...” არანაირი სახის მტკიცებულება და შეტყობინება არ წარმოუდგენია ბათუმის რეგიონალური ცენტრისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ამისათვის ჰქონდა გონივრული ვადები, ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ობიექტურად და კანონიერად იქნა დადგენილი და შეფასებული, რომ 2008 წლის 16 აგვისტოდან _ 2008 წლის 25 აგვისტომდე რკინიგზის ხაზზე მოძრაობა შეწყვეტილი იყო, ამ ფაქტობრივ გარემოებას არ სჭირდებოდა მოსარჩელის მხრიდან დაუყოვნებლივ შეტყობინება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით იგი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ხოლო ამგვარი ფაქტები დამტკიცებას არ საჭიროებენ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, რომლებიც სასამართლო წესითაც კი დამტკიცებას არ საჭიროებენ, ასევე უნდა იქნას შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მათ მიერ ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენისას. არცერთი სამართლებრივი სისტემა არ იცნობს უფრო მაღალი ხარისხის მტკიცების ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოებში, ვიდრე სასამართლო წესით.

ამდენად, კასაციის არგუმენტი სასამართლოების მიერ საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილის არგამოყენების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით /2008 წლის 26 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია/ გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესი გულისხმობს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ფორს-მაჟორული მდგომარეობა ნაკლებ მასშტაბებს მოიცავს და იგი შესაძლებელია საწყის მომენტში არ იყოს საგრძნობი მთელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ შორის არ იყოს ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის. მოვლენის დადგომის თაობაზე შეტყობინების ვალდებულების დადგენა არ გამორიცხავს ამ ვალდებულების გამაქარწყლებელი გარემოების არსებობას, მით უფრო, იმ ვითარებაში, რომ სადავო აქტები გამოცემულია არა საომარი მდგომარეობის, არამედ, მისი გაუქმების შემდეგ და ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ ფორს-მაჟორული მოვლენის მასშტაბი და მისი შედეგების გავლენა სუბიექტების უფლება-მოვალეობებზე, მათი შესაძლებლობების კონტექსტში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სხვაგვარი განმარტება აღნიშნული ნორმისა იქნებოდა მისი ნამდვილი შინაარსის ვერ გაგება და სამართლის ნორმის მხოლოდ ფორმალისტური შეფარდება.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს შპს “...” კასაციის მოტივს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ამ შემთხვევაშიც სწორად დაადგინეს და შეაფასეს ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, აზერბაიჯანიდან გარდაბანში 2008 წლის 27-28 და 29 აგვისტოს შემოტანილმა საქონელმა საქართველოს ტერიტორია ნაცვლად 2008 წლის 14 სექტემბრისა, დატოვა 2 და 16 ოქტომბერს, ხოლო აზერბაიჯანიდან ტვირთის დატვირთვის გაჭიანურება, კონტრაქტებით განსაზღვრული გრაფიკების დარღვევა, საქართველოში საომარი მდგომარეობის გამო, უზრუნველყოფილი არ არის შესაბამისი მტკიცებულებით.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ფორს-მაჟორული მდგომარეობა თავისი მასშტაბით და შედეგებით იმგვარი იყო, რომ მას შეეძლო განგრძობადად დაემჩნია კვალი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე, თუმცა, არც მოქმედი კანონმდებლობით და არც დოქტრინალური მოსაზრებებით იგი არ განეკუთვნება პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებს. მოსარჩელეს თუნდაც სასამართლო დავის პერიოდში სრული და ობიექტური შესაძლებლობა ჰქონდა მოეპოვებინა აზერბაიჯანის სახელმწიფოდან შესაბამისი (ასეთის არსებობის პირობებში) მტკიცებულებები და დაესაბუთებინა მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამდენად, არგუმენტს, რომ სადავო შემთხვევაში ფორს-მაჟორული ვითარება დროში განგრძობილად მხოლოდ საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადით არ უნდა შემოისაზღვროს, არ გააჩნია ობიექტური საფუძველი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კასაციის მოტივს /იხ.ს.ფ. 191, ტ. II/, სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის არასწორად დაკისრების გამო, ვინაიდან მოსარჩელეს ამგვარი მოთხოვნა არ დაუყენებია. “...” საქართველოს მე-5 მუხლის “ლ” ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე, შესაბამისად, განჩინება აღნიშნულ ნაწილშიც უკანონოა, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოს არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ იმ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1. მუხლის თანახმად კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს სსსკ-ის 53.1. საფუძველზე სწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა შპს “...” სასარგებლოდ.

ამასთან, კასატორებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს სასამართლო ხარჯების სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრის და შპს “...” საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრის და შპს “...” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.