Facebook Twitter

ბს-138-136(კ-11) 14 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. B-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

¹219804 სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა გემთმფლობელმა ზ. B-ძემ 2000 წლის 21 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების - ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმეზე დადგინდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადობა.

2000 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ასევე თბომავალ «...» დაღუპული წევრების ოჯახის წევრებმა: დ. ს-ელმა, გ. M-ძემ, მ. Q-შვილმა და ე. X-იამ მოპასუხეების - ფოთის საზღვაო პორტის, საქართველოს საზღვაო სანაოსნოსა და საქართველოს კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტროს მიმართ, რომლებმაც მოითხოვეს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 3 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ფოთის საზღვაონასადგურის შუამდგომლობა და იგი არასათანადო მოპასუხედ იქნა ცნობილი. დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და თავდაპირველი მოპასუხის ნაცვლად საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა ფოთის სავაჭრო-საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახური.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე ¹2/30 დ. სხირელისა და სხვათა სარჩელისა გამო, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და საქმე ¹2/25 ზ. B-ძის სარჩელისა გამო, იმავე მოპასუხეების მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, გაერთიანდა ერთ წარმოებად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 7 ნოემბრის საოქმო განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ პ. A-მია, გ. Q-ძე და მ. Q-ია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. B-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მატერიალური ზიანი - 866 500 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისი ლარის კურსით, გადასახდელად დაეკისრა სოლიდარულად მოპასუხეებს და მესამე პირებს, ხოლო არაქონებრივი ზიანი - 200 000 ლარის ოდენობით სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს; ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. შ-ელის, გ. M-ძის, მ. Q-შვილისა და ე. X-იას სარჩელი; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ დ. ს-ელისათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩოს გადახდა 166 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ქ. შ-ელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა 166 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; 30 თვის სარჩოს – 9960 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა მოპასუხეებს დაეკისრათ ერთდროულად; მათვე სოლიდარულად დაეკისრათ დ. ს-ელის მიერ გაწეული ხარჯები 625 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 20000 ლარის ოდენობით; გ. M-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების სახით მარჩენალის გარდაცვალების გამო გ. M-ძის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს - 66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; ი. V-ძის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით - 66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ს. V-ძის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით - 66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ს. V-ძის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით - 66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ 30 თვის სარჩოს - 7999 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ერთდროულად გადახდა; გ. M-ძის მიერ გაწეული ხარჯების - 675 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და მორალური ზიანის - 2000 ლარის ანაზღაურება; მ. Q-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების სახით მარჩენალის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩოს - 137 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; დ. ქ-შვილის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით - 137 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ 30 თვის სარჩოს - 12330 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ერთდროულად გადახდა; ე. X-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების სახით მარჩენალის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩოს - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; 30 თვის სარჩოს - 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა მოპასუხეებს დაეკისრათ ერთდროულად; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 20000 ლარის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, პ. A-იას, გ. Q-ძის, მ. Q-იას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ზ. B-ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სასაქონლო ექსპერტიზა.

2002 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 22 ივლისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლო-საინჟინრო, ტექნიკური, საბუღალტრო და განმეორებითი სასაქონლო ექსპერტიზა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.

2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ზ. B-ძის მიმართ ბრალდებულის გარდაცვალების გამო;

2007 წლის 17 დეკემბერს მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სსამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. B-ძის უფლებამონაცვლის ე. B-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ. B-ძის უფლებამონაცვლემ ე. B-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. B-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. B-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. B-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. B-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. B-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.