Facebook Twitter
ბს-1388-1327(კ-09) 20 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. შ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

16.03.09წ. ხონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. შ-ძემ მოპასუხე შპს “...” წინააღმდეგ. მოსარჩელემ შპს “...” 10.02.09წ. ¹770 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ქმედების განხორციელებისა და შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის: შპს “...”-დან მომხდარა თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში პაციენტების გაქცევა, დადებით შემთხვევაში რაოდენობრივად რამდენმა პაციენტმა დატოვა მითითებული დაწესებულება კონკრეტული თარიღების მითითებით, გაცემა და მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების, კერძოდ, ქონებრივი ზიანის სახით 2000 ლარის, არაქონებრივი ზიანის სახით 900 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ხონის რაიონული სასამართლოს 10.04.09წ. გადაწყვეტილებით ნ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შპს “...” 10.02.09წ. ¹770 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოპასუხე შპს “...” დაევალა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის გაცემა: შპს “...”-დან მომხდარა თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში პაციენტების გაქცევა და დადებით შემთხვევაში რაოდენობრივად რამდენმა პაციენტმა დატოვა მითითებული დაწესებულება კონკრეტული თარიღების მითითებით, მოპასუხეს ასევე დაეკისრა ნ. შ-ძის სასარგებლოდ ქონებრივი ზიანის სახით 2000 ლარის, არაქონებრივი ზიანის სახით 100 ლარის და სახელმწიფო ბაჟის _ 76 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.09წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 10.04.09წ. გადაწყვეტილება შპს “...”-სათვის მოსარჩელე ნ. შ-ძის სასარგებლოდ ქონებრივი ზიანის სახით 2000 ლარის, არაქონებრივი ზიანის სახით 100 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 76 ლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ნ. შ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მოპასუხე შპს “...” სსკ-ის 53.2 მუხლის თანახმად ნ. შ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ძემ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორ ნ. შ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 21.09.09წ. ¹10 საგადასახადო დავალებით და 16.11.09წ. ¹2 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი 01024026631) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.