Facebook Twitter

ბს-1393-1357 (კ-10) 9 მარტი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

30.11.09 წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა ინსპექციამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ შპს “...” მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გარემოსათვის მიყენებული ზიანის _ 13 442,60 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.12.09 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს _შპს “...” (ყოფილ შპს “...”) დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გარემოსათვის მიყენებული ზიანის _ 13 442,60 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 403,30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.05.10 წ. განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.12.09 წ. გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.10 წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.12.09 წ. გადაწყვეტილება. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “...” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 13 442,60 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 403,30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს “...” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “...” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 672,15 ლარის 70% _ 470,50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.10 წ. გაადწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს “...” (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 470,50 (ოთხასსამოცდაათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.