Facebook Twitter

¹ბს-1409-1373(კ-10) 13 აპრილი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი – სს «ა-ი», დირექტორი _ ხ. ლ-ა, წარმომადგენელი _ მ. მ-ა;

მოწინააღმდეგე მხარე _ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისია;

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინება;

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 20 მაისს ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს/ს «ა-ის» წარმომადგენელმა მოპასუხე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 15 აპრილის ¹1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, დაბა ჩხოროწყუში, ...... ქ. ¹10-ში მდებარე ყოფილი კომკავშირის ორსართულიანი შენობის ქვეშ განთავსებული 365,8 მ2 მიწის ნაკვეთის ს/ს «ა-ის» საკუთრებად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულებას მოეხდინა დაბა ჩხოროწყუში, ....... ქ. ¹10-ში მდებარე ორსართულიანი შენობის ქვეშ განთავსებული 365,8 მ2 მიწის ნაკვეთის ს/ს «ა-ის» საკუთრებად აღიარება და ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 თებერვლის ¹5 დადგენილების მტკიცებულებიდან ამოღებას.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს/ს «ა-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია განიხილავდა პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებს, მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, იგი ვერ ასაბუთებდა შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ დაბა ჩხოროწყუში, ........ ქ. ¹10-ში მდებარე ორსართულიანი შენობის ქვეშ განთავსებული 365.8 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ოდესმე იყო სააქციო საზოგადოება «ა-ის» კუთვნილება, ეს მიწის ნაკვეთი იყო მის მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში, ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული. მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ ისინი გადასახადს უხდიდნენ სს «ა-ის» წარმომადგენელს, ან იმის შესახებ, რომ შენობა თავის დროზე აშენებული იყო სს «ა-ის» წინამორბედი ორგანიზაციის მიერ, არ იყო ქონების საკუთრებად აღიარების საფუძველი. სასამართლომ ჩათვალა, რომ დაბა ჩხოროწყუში, ........ ქ. ¹10-ში მდებარე ორსართულიანი შენობის ს/ს «ა-ის» საწესდებო კაპიტალში მითითებაც არ გამოდგებოდა ქონების საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ წესის» მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «კ» ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებული სახელმწიფო ქონება «სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების, პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, კერძოდ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2008 წლის 13 მარტს გაცემული ¹53 ცნობით, დაბა ჩხოროწყუში, ...... ქ. ¹10-ში მდებარე ყოფილი კომკავშირის რაიკომის ორსართულიანი შენობა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და 2002 წლიდან ირიცხებოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე, საბალანსო ღირებულებით 27.303 ლარი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 15 აპრილის ¹1 გადაწყვეტილების დაბა ჩხოროწყუში, ........ ქ. ¹10-ში მდებარე ყოფილი კომკავშირის ორსართულიანი შენობის ქვეშ განთავსებული 365.8 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სააქციო საზოგადოება «ა-ის» საკუთრებად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობისა და დაბა ჩხოროწყუში, ....... ქ. ¹10-ში მდებარე ორსართულიანი შენობის ქვეშ განთავსებული 365.8 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სააქციო საზოგადოება «ა-ის» საკუთრებად აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჩხოროწყუს რაიონული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005 წლის 22 ივნისის თარიღით განხორციელებული ¹46.05.00179 რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ყოფილი კომკავშირის რაიკომის ორსართულიანი შენობის (მდებარე დაბა ჩხოროწყუში, ....... ქ. ¹10-ში) არ ნიშნავდა იმას, რომ ქონება არ წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. იმის გამო, რომ სასამართლოს ბათილად არ გამოუცხადებია ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 თებერვლის ¹5 დადგენილება, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული დადგენილება, რომლითაც ქონება აღრიცხული იყო სახელმწიფო საკუთრებად, ვერ იქნებოდა ამოღებული მტკიცებულებებიდან და იგი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა კომისიის მიერ.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს/ს «ა-მა».

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინებით ს/ს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასტურდება, რომ ს/ს «ა-ს» უარი ეთქვა დაბა ჩხოროწყუში, ....... ქ. ¹10-ში მდებარე ყოფილი კომკავშირის ორსართულიანი შენობის ქვეშ მდებარე 365,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სააქციო საზოგადოება «ა-ის» საკუთრებად აღიარებაზე; გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა წარმოდგენილი ჩხოროწყუს რაიაღმასკომის გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ; სამშენებლო-სარემონტო ტრესტის 1992 წლის ინვენტარიზაციის მასალები; სს «ა-ის» დაფუძნების საფუძველი და დამფუძნებლები; სს «ა-ის» წესდება და რეგისტრაცია. ამასთან, კომისიამ მიუთითა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონსა და «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ წესის» მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «კ» ქვეპუნქტზე. სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულ ცნობაზე, სადაც მითითებულია, რომ დავა ჩხოროწყუში, ........ ქ. ¹10-ში მდებარე ყოფილი კომკავშირის ორსართულიანი ადმინისტრაციული Aშენობა ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე, საბალანსო ღირებულებით 27 303 ლარი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ლ» ქვეპუნქტით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონება «სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას (2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქცია).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს/ს «ა-მა» და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მტკიცებულებად არ ჩათვალეს და არ მიიჩნიეს ოფიციალურ მტკიცებულებებად საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი წერილები, რომელშიც ნათლად არის აღნიშნული, რომ დ. ჩხოროწყუში, ........ ¹10-ში მდებარე სადავო შენობა არის «ა-ის» ბალანსზე და დაფიქსირებულია მის საწესდებო კაპიტალში, როგორც მისი საკუთრება.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოებმა მტკიცებულებად არ ჩათვალეს და პრეიუდიციული ძალა არ მიანიჭეს სენაკის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, ამასთან, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ სასამართლოში არ არის წარდგენილი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ჩხოროწყუს რაიონული გამგეობის მიერ სადავო შენობის აშენება, შეძენა ან მიღება, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს. კასატორი აღნიშნავს, რომ სს «ა-მა» სასამართლოში ვერ წარმოადგინა სადავო შენობის ასაშენებლად მიწის გამოყოფის დოკუმენტი, რადგან ამ დოკუმენტის სს «ა-ის» ეგზემპლარი მის დროებით ოფისში (საბრიგადო სახლში) გაჩენილი ხანძრის დროს განადგურდა, ხოლო ჩხოროწყუს სახალხო დეპუტატების რაიონული აღმასკომის შესაბამისი გადაწყვეტილება მათ მიერ მოკვლეული ვერ იქნა.

Kკასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს სს «ა-ის» დირექტორის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შენობა რაიონის ბალანსზე აყვანილ იქნა მხოლოდ 2006 წლის 10 იანვარს ე.ი. მაშინ, როდესაც ამ საკითხზე ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა სასამართლოში და ეს დაუშვებელი იყო საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით. სასამართლოებმა შეფასება არ მისცეს მოწმის ჩვენებას იმის შესახებ, რომ დ. ჩხოროწყუში, ....... ¹10-ში მდებარე შენობა ააშენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის ¹....... სამშენებლო-სარემონტო ტრესტის ჩხოროწყუს სამშენებლო-სამმართველომ საკუთარი სახსრებით საკუთარი ადმინისტრაციული შენობის კანტორისათვის, რომლის უფლებამონაცვლესაც იგი წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ა-ის» საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» კანონის შინაარსი ცხადყოფს, კანონის რეგულაცია შეეხება სამი სახის ურთიერთობას: ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწით სარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

წინამდებარე შემთხვევაში სს «ა-ის» მოთხოვნა უკავშირდება მიწის მართლზომიერი ფლობის ფაქტს.

«ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ან კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი ფლობის ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, პირს ერთ-ერთ ობიექტზე მიწაზე ან მასზე განთავსებულ შენობაზე, ამ კანონის ამოქმედებამდე, მოპოვებული ჰქონდეს მართლზომიერი მფლობელობის უფლება. რაც შეეხება იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელს ხდის მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურებას, ასახულია «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე რომელიც განხორციელდა ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში და რომლის საფუძველზეც კონკრეტულად განისაზღვრა იმ დოკუმეტების ჩამონათვალი, რომლის წარდგენის ვალდებულება დადგინდა კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის. ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად უნდა წარადგინონ: პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულია დავის განხილვის მომენტისათვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელის მოთხოვნა ემყარება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლს და მოსარჩელე სასამართლოსაგან ითხოვს აქტის გამოცემას, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს განსაზღვროს არის თუ არა სახეზე ის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რომელიც სასამართლოს მისცემს ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

კასატორის პრეტენზია ემყარება ძირითადად იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა შეტანილია მის საწესდებო კაპიტალში.

საკასაციო სასამართლო სადავოდ არ ხდის ფაქტს იმის თაობაზე, რომ სს «ა-ი» დაფუძნებულია ყოფილი სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს ¹..... სამშენებლო-სარემონტო ტრესტის ბაზაზე. საკასაციო სასამართლო ასევე არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ დაბა ჩხოროწყუში, ....... ქ. 10-ში მდებარე შენობა აშენებული იყო და ირიცხებოდა ¹....... სამშენებლო-სარემონტო ტრესტის ბალანსზე. წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების გამოკვლევას, პრივატიზაციის პროცესში მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული შენობის აქციონირება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს, აღნიშნული უტყუარად შეიძლება დადასტურდეს პრივატიზაციის გეგმის წარმოდგენის გზით.

საქმეში კასატორის მხრიდან პრივატიზაციის გეგმა წარმოდგენილი ვერ იქნა. საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადამოწმდა ქონების მართვის სამმართველოს მიერ შედგენილი საწარმოს ღირებულების შეფასების აქტი, რომელშიც ჩხოროწყუში, ......... ქ. 10-ში მდებარე შენობა შეტანილი არ არის, უფრო მეტიც, აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ 25 ბინიანი სახლები, 12 ბინიანი საცხოვრებელი სახლი და სხვა ობიექტები რჩება სახელმწიფო საკუთრებად. კასატორმა ვერ წარმოადგინა გამომრიცხავი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზემოაღნიშნული შენობა არ მოხვდა სახელმწიფო მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩენილ ქონებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ნებისმიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კასატორის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა ის მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» კანონის საფუძველზე სს «ა-ის» სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების მატერიალური თუ პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «ა-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.