ბს-141-135(კ-10) 6 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ დ. ძ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.09წ. განჩინება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ძ-შვილმა 16.06.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.06.09წ. და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 29.05.09წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. ფოთში, ... ქ. ¹81-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დ. ძ-შვილის საკუთრების უფლების აღიარება, ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ფოთში, ... ქ. ¹81-ში მდებარე უძრავი ქონების დ. ძ-შვილის საკუთრებად დარეგისტრირება და მის მიერ გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების თანხის გადახდილად ჩათვლა მოითხოვა. სარჩელში აღნიშნულია, რომ დ. ძ-შვილი საკუთრების უფლებით ფლობს ქ. ფოთში, ... ქ. ¹81-ში მდებარე უძრავ ქონებას _ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. 28.05.09წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ფოთში, ... ქ. ¹81-ში მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. მოსარჩელემ განცხადებას თან დაურთო 29.11.91წ. გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 29.05.09წ. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებულ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 62-ე მუხლისა და “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად დ. ძ-შვილს დაევალა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა, რაც გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, ხოლო იმ მოტივით, რომ დ. ძ-შვილის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი დოკუმეტაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.06.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.08.09წ. გადაწყვეტილებით დ. ძ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანების მე-10 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ბრძანების მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვილელებების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ვერ წარუდგინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი, მოპასუხეების მიერ მას სწორად ეთქვა უარი უძრავი ქონების საჯარო რეესტრის რეგისტრაციაზე და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები-სახლის გეგმა-ნახაზი, მოწმეების ჩვენებები და 29.11.91წ. გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისთავის, რომ აღიარებულ იქნეს სადავო მიწის ნაკვეთზე დ. ძ-შვილის საკუთრების უფლება, რამდენადაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქ. ფოთში, ... ქ. ¹81-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საკუთრებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ძ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.09. განჩინებით დ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 06.08.09 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტაციო სამსახურს ვერ წარუდგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მას სწორად ეთქვა უარი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტები –სახლის გეგმა-ნახაზი, მოწმეების ჩვენებები და 29.11.91 წ. გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისათვის, რომ აღიარებულ იქნას სადავო მიწის ნაკვეთზე დ. ძ-შვილის საკუთრების უფლება, რამდენადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქ. ფოთში, ... ქ. ¹81 მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ შეიცავს ზაკ-ის მე-601 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ძ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად გაიგო ამ კანონის აზრი და შინაარსი, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს სხვა სამართლებრივი აქტი, ასეთ დოკუმენტს კი წარმოადგენს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა, რომლის საფუძველზე შეიძლება რეგისტრაციაში გატარდეს უძრავი ქონება, ვინაიდან დამწვარია ტექბიუროს არქივი. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ფაქტობრივად უარი ეთქვა საკუთრების რეგისტრაციაზე, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ძ-შვილს ქ. ფოთში, ... ქ. ¹81-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარადგინა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამავე საფუძვლით არ მოხდა დ. ძ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სადავო საქმის განხილვისას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხი არასრულყოფილადაა გამოკვლეული. ფორმალური მიდგომის შედეგად სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების ტექსტში აპელანტის _ დ. ძ-შვილის ნაცვლად რამოდენიმეჯერ სხვა პიროვნებაა დასახელებული (მ. ფ-კი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21.1 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ხსენებული ნორმა წარმოადგენს ერთის მხრივ საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, ხოლო მეორეს მხრივ პირის უფლების გარანტიას. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად თვლის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ ქ. ფოთში ტექინვენტარიზაციის ბიუროს შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად დოკუმენტაციის განადგურების გამო ვერ ხერხდება დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა მოხდეს ყველა არსებული და საქმეში დაცული მტკიცებულებების სრულყოფილი ურთიერთშეჯერება და შეფასება, ზემოაღნიშნული ქონებისადმი მოსარჩელის სამართლებრივი კავშირის დადგენა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების შედეგად იურიდიული ფაქტის დადგენის გზით მსგავსი უფლებების განსაზღვრა შეიზღუდა, ამ მუხლში იურიდიული ფაქტების მოცემული ჩამონათვალი ამომწურავია, უდავო წარმოების წესით სხვა ფაქტებს სასამართლო ვერ დაადგენს, რის გამო მოსარჩელეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადასტუროს მოთხოვნის საფუძვლიანობა. სამოქალაქო კოდექსის 105.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების სრული გამოყენებით უნდა გაირკვეს დ. ძ-შვილის სამართლებრივი კავშირი ქ. ფოთში, ... ქ. ¹81-ში მდებარე უძრავ ნივთთან, უძრავი ქონების მიმართ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი, მესამე პირების პრეტენზიები და სხვ.. სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მოსარჩელე – დ. ძ-შვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, კერძოდ ქ. ფოთის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს 29.11.1991წ. ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მოქ. დ. ძ-შვილს, მცხოვრებს ქ. ფოთში, ... ქ. ¹81-ში გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სათანადო შეფასება მიეცეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თ. კ-ძისა და ვ. ტ-ძის ჩვენებებს, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზს, დადგინდეს მისი შემდგენელი და გაცემის საფუძველი, უძრავ ქონებაზე გადასახადების გადახდის, დავალიანების არსებობის, სახლის ექსპლუატაციაში მიღების ან თვითნებურად აშენების მტკიცებულებები, საქმეზე უნდა დადგინდეს აგრეთვე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოსარჩელის მიერ მიღების ან აღდგენის შეუძლებლობის ფაქტი. შეფასება უნდა მიეცეს აგრეთვე ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ამ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს რა საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იმავდროულად აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად კასატორის უძრავი ქონებისადმი უფლებრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.09წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.