Facebook Twitter

ბს-1412-1348(კ-09) 24 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი – ო. გ-ძე; წარმომადგენელი – რ. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ბ. მ-ძე, წარმომადგენელი – თ. კ-ძე; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, წარმომადგენელი – დ. კ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 24 აპრილს ბ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ცხოვრობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... და 1990 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა 0.0685 ჰა მიწის ნაკვეთი. გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის ¹2 გადაწყვეტილებით დამატებით გამოეყო და მიზომვა-ჩაბარების აქტით ჩაჰბარდა 0.08 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მის საკუთრებაში აღირიცხა 0.1485 ჰა მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურიდან 2008 წლის 15 თებერვლს მიღებული ამონაწერით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში რიცხული 0.08 საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2008 წლის 2 დეკემბრის ¹3917 გაცემული საკუთრების უფლების აღიარების მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში მიუღია და შესაბამისად, რეგისტრაციაში გაუტარებია სოფ. ... მცხოვრებ ო. გ-ძეს, რაც მოსარჩელის განმარტებით არაკანონიერია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომიდნარე, მოსარჩელე ითხოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ო. გ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების აღიარების 2008 წლის 28 დეკემბრის ¹3917 მოწმობისა და საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერების ო. გ-ძეზე 854 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ო. გ-ძე.

. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹15 საოქმო გადაწყვეტილება ო. გ-ძის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების მოწმობა ¹3917 და საკადასტრო აზომვითი ნახაზი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... (განთიადი) მდებარე 854 კვ.მ მიწის ფართზე ო. გ-ძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის 28 დეკემბრის ¹3917 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ო. გ-ძის მიწის ფართის მესაკუთრედ რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის (2007 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით დაინტერესებულ პირს კომისიისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარედგინა ინფორმაცია საკუთრების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად. ამასთან, განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი აღნიშნული კანონის რედაქცია არ ითვალისწინებდა რაიმე გამონაკლისებს აღიარების საკუთრების გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია უფლებამოსილი იყო სარგებლობაში ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო და მოწმობა მიეცა მხოლოდ შესაბამისი ოდენობის აღიარების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.

სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში კომისიამ განცხადება მიიღო და დააკმაყოფილა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესახებ ინფორმაციის წარდგენის და აღიარების საფასურის გადახდის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ კანონს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ძემ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არამართებულად დაუდო საფუძვლად აღიარების საფასურის გადაუხდელობა სადავო აქტის ბათილობას, მაშინ როდესაც მხარეთა შორის აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დავა არ მიმდინარეობდა, აპელანტი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა სულ სხვა გარემოებებზე, რაც ფაქტობრივად არც ერთი ინსტანციის სასამრთლოს მიერ არ დადასტურებულა ანუ არ დადასტურებულა ფაქტი იმის შესახებ, რომ მასზე საკუთრების უფლებაღიარებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მ-ძის საკუთრებას და რომ მასზე გამოყოფილი და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები იყო ერთი და იგივე, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენდა მ-ძის სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძველს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით დაიწყო იმის გამოკვლევა ჰქონდა თუ არა გადახდილი მას აღიარების დროისათვის მიწის საფასური, რაც 854 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შეადგენდა 42 ლარს. კასატორის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსსკ-ის 248-ე მუხლი და გასცდა მოთხოვნის ფარგლებსა და საფუძვლებს. მართალია, ადმინისტრაციული სამართალწარმოების კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებისა შეუძლია საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს შეუძლია აქტის ბათილად ცნობას საფუძვლად დაუდოს მხარის მიერ მიუთითებელი მოტივები და საფუძვლები. ამასთან, კასატორის განმარტებით კონკრეტულ სამართალურთიერთობაში სახელმწიფო სახელით გამოდის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია, რომელსაც თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვისას უგულებელყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ფუნდამენტალური მოთხოვნა, კერძოდ, არ იმსჯელა სარჩელის დასაშვებობაზე და ფაქტობრივად განიხილა იმ პირის სარჩელი რომელსაც გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან არავითარი შეხება არ გააჩნდა, უფრო ზუსტად, გასაჩივრებული აქტი ან მისი ნაწილი ბ. მ-ძეს სარჩელში მითითებული გარემოებებისა და ფაქტების დაუდასტურებლობის გამო არ აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს და ასევე არ ზღუდავდა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ბ. მ-ძის სარჩელის დაუშვებლად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. გ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრით, ასევე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას კასატორის მიერ გადმოცემული საკასაციო საჩივრის მოტივები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე_394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამართლის ნორმების დარღვევით, არ არის იურიდიულად დასაბუთებული და ექვემდებარება გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹173/4-ში მცხოვრებმა ო. გ-ძემ 2007 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებულ გონიოს თემინ საკრებულოს სოფ. ... მდებარე 0,0845 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹15 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. გ-ძის განცხადება და აღიარებულ იქნა ო. გ-ძის საკუთრების უფლება 0,0854 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე სოფ. ... . აღნიშნულის საფუძველზე იმავე დღეს გაიცა ¹3917 საკუთრების უფლების მოწმობა და 2008 წ. 11 თებერვალს მიწა საჯარო რეესტრში აღირიცხა ო. გ-ძის საკუთრებად.

გონიოს თემის საკრებულოში მცხოვრებმა ბ. მ-ძემ სადავოდ გახადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ ო. გ-ძისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის ¹2 გადაწყვეტილებით გამოყოფილი ჰქონდა მას, როგორც პირველი კატეგორიის მცირემიწიან კომლს, რის გამოც საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ იყო უფლებამოსილი მითითებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ო. გ-ძის მხრიდან აღიარების საფასურის გადაუხდელობის ფაქტი, რითაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია პროცესუალური სამართლის ნორმები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

იმავე კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებით და შესაძლებლობით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმაზე და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: მართალია, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, სადაც სასამართლოს მინიჭებული აქვს შეზღუდული ინიციატივა მტკიცების პროცესში, დანერგილია ინკვიზიციურობის პრინციპი, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება გამორიცხავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, მიუთითონ იმ ფაქტებსა და მოსაზრებებზე, რომელიც ადასტურებს მათი მოთხოვნის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ასევე არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას შეცვალოს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს აქტიურ როლზე მიუთითებს სწორედ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ საკანონმდებლო ნორმების არცოდნამ, არასწორად მითითებამ არ შეიძლება გამოიწვიოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელსაც მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისას.

საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრება არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საერთოდ შემხებლობაში არ ოყოს მოსარჩელის კანონიერ ინტერესთან და მიუხედავად ამისა, სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს ზოგადად, კანონიერების პრინციპის გათვალისწინებით.

როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ ბეგლარ მოფინაძის სარჩელი დააკმაყოფილა ო. გ-ძის მხრიდან აღიარების საფასურის გადაუხდელობის მოტივით. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მხრიდან წარმოდგენილ მოტივაციას გაიზიარებდა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ინიციატორი იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო სასამართლო თვლის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღიარების კომისია არ წარმოადგენდა აღნიშნულ საფუძველს, საჯარო წესრიგის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ემსჯელა ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე საფასურის გადაუხდელობის მოტივით, ხოლო, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიწის საფასური არ გადაუხდია, გავლენას ვერ იქონიებს და, უფრო მეტიც, შემხებლობაში არაა მოსარჩელის ბეგლარ მოფინაძის კანონიერ უფლებასთან ან ინტერესთან.

წინამდებარე შემთხვევაში ბ. მ-ძის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი გადაეცა მოპასუხეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. მ-ძისთვის გამოყოფილი და ო. გ-ძისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთები არ იყო იდენტური. ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, უნდა შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე ბ. მ-ძის ოჯახს გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებით, როგორც პირველი კატეგორიის მცირემიწიან კომლს შეერჩა 0,08 ჰა არსებული ციტრუსების ნარგავების ხარჯზე. საქმეში წარმოდგენილია დათვალიერება-შერჩევის აქტი, საიდანაც იკვეთება, რომ მიწის გამოყოფა მოხდა ¹3 ბრიგადაში არსებული ციტრუსების ფართობის ხარჯზე. იმ პირობებში, როცა მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებს ორი მხარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, არის თუ არა მოსარჩელისათვის გამოყოფილი და მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი იდენტური, რომელი მხარე ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელ მათგანს გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთზე უპირატესი სამართლებრივი უფლება და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულია თუ არა საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე არსებითად სწორი გადაწყცეტილების მიღება, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.