ბს-1414-1350(კ-09) 25 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. დ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 7 აპრილს მ. დ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, 2005 წლის 6 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹4-ში, ხოლო 2005 წლის 14 იანვარს საჯარო რეესტრში ბინა აღირიცხა მის საკუთრებად. აღნიშნული დროისათვის ბინის ერთი ოთახი დაკავებული ჰქონდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის სპეციალური რაზმის უფროსს, რომელსაც ოთახში მოწყობილი ჰქონდა სამსახურის ოფისი. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად იგი არ იხდიდა ქირას და არც ბინას ათავისუფლებდა.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2006 წლის 18 იანვარს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოს ბინის ქირის გადახდისა და დაკავებული ფართის გათავისუფლების მოთხოვნით. 2006 წლის 23 იანვრის აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის წერილით, მ. დ-ძეს განემარტა, რომ მასსა და რ. ქ-ძეს შორის ბინის დაკავებისა და ქირის დაწესების შესახებ საკითხი მიეკუთვნებოდა ქონებრივ დავას, რის გამოც შესაბამისი განცხადებით უნდა მიემართა სასამართლოსთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. დ-ძემ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა რ. ქ-ძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე არასათანადო მოპასუხე _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამმართველოსთან არსებული განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის სპეციალური რაზმი, შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამმართველოთი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამმართველო შეიცვალა სათანადო მოპასუხით; საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველო და რ. ქ-ძე.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მხოლოდ ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2100 აშშ დოლარის გადახდა 2006-2007 წლების შესაბამისი კურსის ეროვნული ვალუტით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 6 იანვარს მ. დ-ძემ გ. გ-შვილისგან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹4-ში და 2005 წლის 14 იანვარს საჯარო რეესტრში ბინა აღირიცხა მის საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹4-ში 115,29 კვ.მ ფართი ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ის გარემოება, რომ ... ქ. ¹4-ში მდებარე ბინის ყოფილ მესაკუთრეს, მოპასუხისათვის დათმობილი ჰქონდა ერთი ოთახი, რომელიც მის მფლობელობას მესაკუთრის შეცვლის შემდეგაც აგრძელებდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განმარტების გარდა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის არქივის ამონაწერი, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ მითითებულ მისამართზე, ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა სახლის პირველი სართულის 115,29 კვ.მ ფართი. აპელანტმა განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ფართი იყო დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის მიერ 2006 წლამდე და მათ არავითარი შეხება არ ჰქონდათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართთან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებდა მოთხოვნებს და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარემოებებს, რომელზეც მოსარჩელე ამყარებდა მოთხოვნას ვერ ადასტურებდნენ მის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მადონა დვალიძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ 2005 წლის 6 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹4_ში და 2005 წლის 14 იანვარს საჯარო რეესტრში ბინა აღირიცხა მის საკუთრებად. აღნიშნული დროისათვის ბინის ერთი ოთახი დაკავებული ჰქონდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის სპეციალური რაზმის უფროსს, რომელსაც ოთახში მოწყობილი ჰქონდა სამსახურის ოფისი. კასატორის მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ იხდიდა ქირას და 2007 წლის ოქტომბრამდე არც ბინას ათავისუფლებდა. კასატორის განმარტებით, მას როგორც საკუთრების მეპატრონეს უფლება ჰქონდა სურვილისამებრ გამოეყენებინა ან გაექირავებინა აღნიშნული ფართი. კასატორის განმარტებით, ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის იყო მიზეზობივი კავშირი, რადგან ზიანი განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ქმედებით იყო გამოწვეული. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2005 წლის 6 იანვარს მ. დ-ძემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹4-ში (ს.ფ. 4-6). 2005 წლის 14 იანვარს საჯარო რეესტრში ბინა აღირიცხა მის საკუთრებად (ს.ფ. 7). 2006 წლის 18 იანვარს მ. დ-ძემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ბინის ქირის გადახდის და დაკავებული ფართის გათავისუფლების მოთხოვნით (ს.ფ. 8). 2006 წლის 23 იანვრის აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის წერილით, მ. დ-ძეს განემარტა, რომ მასსა და რ. ქ-ძეს შორის ბინის დაკავებისა და ქირის დაწესების შესახებ საკითხი მიეკუთვნებოდა ქონებრივ დავას, რის გამოც შესაბამისი განცხადებით უნდა მიემართა სასამართლოსთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ს.ფ. 9).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზეც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ამონაწერის თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹4-ში, ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა სახლის 115,29 კვ.მ ფართი (ს.ფ. 196).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივრის განხილვისას საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან მ. დ-ძის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმე ექვემდებარებოდა განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. სასარჩელო მოთხოვნები მთლიანად დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მატერიალურ ნორმებზე და დავის საგანს წარმოადგენს საკუთრების უკანონო მფლობელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 992-ე მუხლების საფუძველზე ითხოვს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა განეკუთვნება სამოქალაქო სამართლის შემადგენელ, საკუთრების ინსტიტუტს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, წიგნი მეორე, კარი მესამე, თავი პირველი, მუხ. 170-172). ამასთან, იგი არ ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და არ ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს. სადავო სამართალურთიერთობა რეგულირების საგნის, საფუძვლის, შინაარსის გათვალისწინებით კერძოსამართლებრივ (ჰორიზონტალურ) ურთიერთობას განეკუთვნება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთრების უფლების დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული არის მოპასუხის მხრიდან არა საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, არამედ კერძო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. ამდენად, ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იქნა განხილული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.