Facebook Twitter

ბს-142-136(კ-10) 27 ივლისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი _ მ. ფ-კი; წარმომადგენელი _ ლ. ა-ძე;

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი – თ. ო-ია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 15 ივნისს მ. ფ-კის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 8 ივნისისა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. ფოთში, ... ¹32-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მ. ფ-კის საკუთრების უფლების აღიარება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, მ. ფ-კის საკუთრებად დაარეგისტრიროს ქ. ფოთში, ... ¹32-ში მდებარე უძრავი ქონება.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ფოთში, ... ¹32-ში მდებარე უძრავ ქონებას _ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, საკუთრების უფლებით ფლობდა მ. ფ-კის მეუღლე აწ გარდაცვლილი ჟ. ფ-კი. 2008 წლის 23 ოქტომბრის სანოტარო აქტის საფუძველზე იგი ცნობილი იქნა ჟ. ფ-კის დანაშთი ქონების მემკვიდრედ. მოსარჩელემ 2009 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ფოთში, ... ¹32-ში მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. მოსარჩელემ განცხადებას თან დაურთო სამკვიდრო მოწმობა, გეგმა-ნახაზი, 1974 წლის 28 იანვარს გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა, საბინაო წიგნი და 2008 წლის 14 აპრილს გაცემული საარქივო ცნობა.

2009 წლის 27 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 62-ე მუხლისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მ. ფ-კს დაევალა უძრავ ნივთებზე უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა. მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა მ. ფ-კის წარმომადგენელმა _ ლ. ა-ძემ. წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ვინაიდან ქ. ფოთის ტექბიუროს არქივი განადგურებული იყო ხანძრის გამო, ვერ ხერხდებოდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ლ. ა-ძემ მოითხოვა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, დაარეგისტრიროს უძრავი ქონება მ. ფ-კის საკუთრებად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ფ-კის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მე-10 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ბრძანების მეორე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის ვერც ერთი კანონით განსაზღვრული საფუძვლები.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ვერ წარუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მეორე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი, მოპასუხის მიერ სწორად ეთქვა უარი უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

სასამართლო ასევე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები _ სახლის გეგმა-ნახაზი, მოწმეების ჩვენებები, საბინაო წიგნი და 1974 წლის 28 იანვარს გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისათვის, რომ აღიარებულ იქნას სადავო მიწის ნაკვეთზე მ. ფ-კის საკუთრების უფლება, რამდენადაც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ აწ გარდაცვლილი ჟ. ფ-კის გარდაცვალების დროისათვის ქ. ფოთში, ... ¹32-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საკუთრებას, რამდენადაც ჟ. ფ-კი გარდაიცვალა 2008 წლის 8 თებერვალს, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა კი შეიცავს მონაცემებს 1947 წლის მდგომარეობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-კმა, რომლითაც მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-კმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად გაიგო ამ კანონის აზრი და შინაარსი, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მეორე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს სხვა სამართლებრივი აქტი და კასატორის მოსაზრებით, ასეთი დოკუმენტია ტექნიკური აღრიცხვის ცნობა, რომლის საფუძველზე შეიძლება რეგისტრაციაში გატარდეს უძრავი ქონება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-კის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, მართალია, ნორმათა შეფარდების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და თვლის, რომ ამ თვალსაზრისით არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, მაგრამ იმავდროულად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიდგომა დავის საგნისადმი ატარებს ფორმალურ ხასიათს, საკითხი არასრულყოფილადაა გამოკვლეული და არ არის შეფასებული იმ შესაძლო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საკითხი, რაც შესაძლებელს გახდის მოსარჩელის თავდაპირველ უფლებებში აღდგენას.

საქართველოს კონსტიტუციის 21.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არის, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების, როგორც ინსტიტუტის გარანტია და მეორე მხრივ, პიროვნების უფლების გარანტია.

საკუთრების უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს პირის უფლებების უარყოფას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას საკუთარი ბრალის გარეშე არ შეუძლია წარმოადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტი. უდავო და მხარეთათვის ცნობილ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ. ფოთის ტექბიუროს არქივში დაცული მასალები განადგურებულია მომხდარი ხანძრის გამო. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო თითოეული მსგავსი დავის მართებულად გადაწყვეტისათვის საჭიროდ მიიჩნევს ყველა არსებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას, რამაც ერთობლიობაში უდავო უნდა გახადოს მოსარჩელის სამართლებრივი კავშირი მოთხოვნილი ნივთისადმი.

საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრების განვითარების საფუძველს აძლევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რის შედეგადაც იურიდიული ფაქტის დადგენის გზით მსგავსი უფლებების განსაზღვრა შეიზღუდა საკანონმდებლო დონეზე. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, მოსარჩელეს მიეცეს შესაძლებლობა მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქმის არსებითად განხილვის გზით დაადასტუროს მოთხოვნის საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, საქმეში ს.ფ. 20 დაცულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს 1974 წლის 28 იანვრის ¹145 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოქ. ჟ. პ. ძე ფ-კი ცხოვრობდა ... 32-ში და ფოთში გააჩნდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი და საკარმოდამო მიწის ნაკვეთი; იმავე საქმეში ს.ფ. 21 წარმოდგენილია საარქივო ცნობა საიდანაც იკვეთება, რომ ქ. ფოთში ... 32-ში მდებარე სახლის და მიწის რენტის გადასახადი 1981-1983 წლებში დარიცხულია ჟ. პ. ძე ფ-კის სახელზე. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი ნაჩვენებია 1313 კვ/მ. საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვან მტკიცებულებად მიიჩნევს საქმეში დაცულ საბინაო წიგნს, რომელიც შესწავლილი და გამოკვლეული არ არის არცერთი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებებს, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს აწ გარდაცვლილი ჟ. ფ-კის კავშირი უძრავი ნივთისადმი, ვინ ცხოვრობს მითითებულ სახლში ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ, ხომ არ მომხდარა აღნიშნული სახლის გასხვისება და არის თუ არა სახლი აღრიცხული მე-3 პირის საკუთრებაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების დადგენის მიზნით სასამართლომ უნდა გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შესაძლო მექანიზმი.

საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედებას, კერძოდ, გააჩნდა თუ არა ამ უკანასკნელს სათანადო უფლებამოსილება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ამ გარემოებებზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს რა საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იმავდროულად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ თანაბარმნიშვნელოვნად უნდა უზრუნველყოს როგორც პირის უფლებების გარანტირება, ისე მოთხოვნის კანონიერება და სარჩელი დააკმაყოფილოს იმ შემთხვევაში, თუ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე უდავოა კასატორის (მოსარჩელის) უფლებრივი კავშირი მოთხოვნილი ნივთისადმი.

ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის მიზნით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ფ-კის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.