Facebook Twitter

ბს-1435-1371(კ-09) 11 იანვარი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ოვის წარმომადგენლის ა. გ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. კ-ოვმა 2004 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე _ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიმართ და მოითხოვა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილების მე-2 მუხლის ბათილად ცნობა და ი. კ-ოვის აღდგენა თანამდებობაზე; ასევე, მოპასუხისათვის ი. კ-ოვის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრება 2002 წლის 30 დეკემბრიდან მის აღდგენამდე.

მოგვიანებით სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ი. კ-ოვის წარმომადგენელმა ა. გ-იამ, მოპასუხეების _ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროს და დ. გ-იას მიმართ. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროს ი. კ-ოვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ გაცემული ხელფასის კომპენსაციის სახით _ 5460 ლარის, სამივლინებო ხარჯების სახით _ 13206 ლარის, ქ. მოსკოვში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ოფისის დაქირავების ხარჯების _ 15428 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხე _ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დ. გ-იას ი. კ-ოვის სასარგებლოდ დაკისრებოდა გაცემული ხელფასის კომპენსაციის სახით _ 2100 ლარისა და ქ. მოსკოვში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ოფისის დაქირავების ხარჯის _ 6172 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მოითხოვა, რომ სასამართლომ საქმის განხილვის დროს საბოლოოდ იმსჯელოს მხოლოდ დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში, მხოლოდ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით, სადაც შეცვლილია დავის საგანი და საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ოვის დაზუსტებული სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დადგინდა ძირითად სარჩელთან ერთად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. კ-ოვის სასარჩელო განცხადება, მოპასუხეების _ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროს და დ. გ-იას მიმართ, სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში დადგენილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის, ხელფასის ხარჯების, სამივლინებო ხარჯების და ოფისის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ოვის წარმომადგენელმა ა. გ-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ოვის წარმომადგენელმა ა. გ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ოვის წარმომადგენლის ა. გ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. კ-ოვის წარმომადგენლის ა. გ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-ოვის წარმომადგენლის ა. გ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.