ბს-1438-1374(კ-09) 9 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 8 აპრილს გ. ღ-შვილმა სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ლ. ჭ-შვილისა და ქალაქის არქიტექტურის მიმართ და მოითხოვა პროექტში ცვლილების შეტანა და სარდაფის კარის სხვა მხარეზე გადატანა. (იხ.ს.ფ 4-5).
მოპასუხე ლ. ჭ-შვილმა აღძრა შეგებებული სარჩელი და გ. ღ-შვილისაგან მოითხოვა უკანონოდ მოწყობილი სარდაფის ჩასასვლელის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის სარდაფის ჩასასვლელი უკანონო იყო, ვინაიდან სათანადო ნებართვა და პროექტი არ გააჩნდა. (იხ. ს.ფ 32-33).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ. ღ-შვილს დაევალა უკანონოდ მოწყობილი სარდაფის ჩასასვლელის გაუქმება. ლ. ჭ-შვილის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების გ. ღ-შვილისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ 65-66).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა გ. ღ-შვილმა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 70-72).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ 164-166).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ 175-176)
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განჩინებით გ. ღ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ 248-253).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით გ. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ლ. ჭ-შვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გ. ღ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მთავარი არქიტექტურის 2004 წლის 30 ივნისის ბრძანება და ქ. რუსთავის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურს და ქ. რუსთავის არქიტექტორს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაევალა მიეღო გადაწყვეტილება ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესაძლებლობის შესახებ (იხ. ს.ფ 314-318).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჭ-შვილმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება რომლითაც მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა (იხ. ს.ფ 331-341).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ლ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს ლ. ჭ-შვილის წარმომადგენელმა გ. მ-ძემ და გ. ღ-შვილმა.
გ. მ-ძემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით. ხოლო გ. ღ-შვილმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ლ. ჭ-შვილის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ლ. ჭ-შვილის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 401.4. მუხლის შესაბამისად, კასატორ – ლ. ჭ-შვილს მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორ – ლ. ჭ-შვილს მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.