Facebook Twitter

ბს-1440-1376(კ-09) 20 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენართა დაცვის ეროვნული სამსახური, წარმომადგენელი _ მ. შ-ძე (2010 წლის 19 აპრილის ¹02-3-11/777 მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ი.მ “...”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 3 იანვარს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენართა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ი.მ “...” მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში 2008 წლის 5 მარტს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩატარდა ტენდერი ,,ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე” მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით. დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა ი.მ ,,...”. 2007 წლის 12 მარტს გაფორმებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ _ ¹80 ხელშეკრულება. 2007 წლის 13 აპრილს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები _ დანართი ¹1-ის სახით, რომელიც ჩაითვალა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ეროვნული სამსახური ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება შესყიდვის ობიექტის მომსახურების მიღების შემთხვევაში, ხოლო ი.მ ,,...” ვალდებული იყო მომსახურება განეხორციელებინა მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით და მომსახურების სრული ან ნაწილობრივი (ეტაპის) დამთავრებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის შესაბამისი რაიონის მიერ დამოწმებული ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მოსარჩელის მტკიცებით, ვაქცინაციის ჩასატარებლად ი.მ ,,...” გადაეცა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის 27 750 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 5 800 დოზა, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 48 858 დოზა და 13 134 დოზა, საერთო ღირებულებით _ 64 156, 15 ლარი. სამსახურში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომსახურების შემოწმების შედეგად, ი.მ ,,...” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩაითვალა შეუსრულებლად, რის თაობაზეც ეცნობა მას და დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და მისთვის გადაცემული ვაქცინების ღირებულების გადახდა, რის შემდეგაც ი.მ ,,...” 2007 წლის 10 ოქტომბერს შემსყიდველს დაუბრუნა თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა – 16 728 და 9 735 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა _ 5 800 დოზა, ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინა _ 27 750 დოზა, ღირებულებით – 32 936, 80 ლარი. შესაბამისად, მას ასანაზღაურებელი დარჩა დაუბრუნებელი ვაქცინების ღირებულება – 31 219,35 ლარი. მოპასუხეს არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენართა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა, ¹80 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლის თანახმად, მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 3 800 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება, ასევე გადაცემული ვაქცინების დაბრუნება ან ვაქცინების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის _ 31 219,35 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი, მოპასუხის – ი.მ ,,...” მიმართ, ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეს _ ი.მ ,,...” დაეკისრა ხელშეკრულების პირობების დარღვევით (ვაქცინის დაუბრუნებლობით) მიყენებული ზიანის _ 31 219 ლარისა და 35 თეთრის ანაზღაურება. მასვე დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 3 800 ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2007 წლის 12 მარტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ი.მ ,,...” ვაქცინაციის ჩასატარებლად გადაეცა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 27 750 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 5 800 დოზა, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 48 858 დოზა და 13 134 დოზა, საერთო ღირებულებით _ 64 156,35 ლარი. ი.მ ,,...” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა განეხორციელებინა მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით. მომსახურების სრული ან ნაწილობრივი (ეტაპის) დამთავრებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა ,,სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის” შესაბამისი რაიონის მიერ დამოწმებული ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ინსპექტირების ჯგუფის 2007 წლის 5 ნოემბრის ¹27 ოქმით დადგინდა ი.მ ,,...” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. 2007 წლის 10 ოქტომბრის ი.მ ,,...” წარმომადგენელისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმღებს შემდგომი გამოყენებისათვის დაუბრუნდა 32 936,80 ლარის ღირებულების თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის 34 დოზიანი – 16 728 დოზა და 33 დოზიანი – 9 735 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 5 800 დოზა, ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 27 750 დოზა, ხოლო დასაბრუნებელი დარჩა 31219,35 ლარის ღირებულების ვაქცინა. ამავე აქტის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.მ ,,...” მიერ არ მომხდარა პირგასამტეხლოს - 3 800 ლარის ოდენობით გადახდა, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავა უნდა განიხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ამასთან, ამ სახის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენებოდა როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო სამართლის ნორმები.

რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 318-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ არსებობდა საფუძველი ვალდებულებების წარმოშობისათვის. ამასთან, ი.მ ,,...” ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაკი მიმწოდებელი ვალდებული იყო მომსახურება გაეწია მისი მიერ სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით, რაც მან დაარღვია, ასეთ პირობებში შემსყიდველი ვერ განახორციელებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ვეტერინარიის ხაზით ქვეყნის ტერიტორიის კეთილსაიმედობის დაცვის მიზნით, ამიტომ დაუკავშირა კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ვალდებულების დროულ შესრულებას. ეს ფაქტი კი საკმარისი საფუძველი იყო კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტისა. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუკი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდება ნატურით, მაგრამ თუ შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ნატურით დაბრუნება, მაშინ მოვალეს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.მ “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2009 წლის 2 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მიუთითა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე. კერძოდ, განმარტა, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 12 მარტის ¹80 ხელშეკრულება დადებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის შესაბამისად. ი.მ “...” იკისრა რა ვალდებულება სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ შეასრულა იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს, სრულად და ზედმიწევნით. შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ი.მ. “...” მიერ ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებლად ჩათვალა ვალდებულების დარღვევის გამო. ეროვნულმა სამსახურმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს მიადგა ზიანი, რაც წარმოადგენს ი.მ. “...” გადაცემული ვაქცინების ღირებულებას. რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნის ნაწილს მოპასუხისათვის პირგასატეხლოს დაკისრების ნაწილში, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 416-ე და 417-ე მუხლებზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს _ ი.მ. “...” დაეკისროს პირგასამეხლო 3800 ლარის, ხოლო ზიანის ანაზღაურება 31 219,35 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ი.მ “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი _ 1 400,76 ლარის ი.მ “...” სასარგებლოდ ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სააპელაციო პალატამ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელისთვის ვაქცინების სრული ღირებულების დაბრუნების მოთხოვნა, ვინაიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო წარმოიშობა ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივად დამდგარი ზიანის არსებობის ფაქტი და ოდენობა, შესაბამისად, არ დადასტურდა მატერიალური ზარალის არსებობის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი პოზიციის საფუძვლიანობის დასაბუთება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ამ ნაწილში მიაჩნია უსაფუძლოდ და დაუსაბუთებლად. ის გარემოება, რომ ინსპექტირების ჯგუფმა ი.მ “...” მიერ ჩატარებული მომსახურების მოცულობა, მომსახურების მიწოდების ვადები და დოკუმენტაციის წარმოება მიიჩნია დარღვეულად და შეაფასა შეუსრულებლად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა არა ხელშეკრულების შეუსრულებლობას, არამედ არაჯეროვან შესრულებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს მოთხოვნა, მხოლოდ მაშინ არის საფუძვლიანი, თუ მხარეები შეთანხმდნენ მისი გადახდის ვალდებულებაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მისი შეუსრულებლობისთვის და არა არაჯეროვანი შესრულებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ჰქონდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, ვინაიდან არ დასტურდებოდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტი, ხოლო არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე არ შეთანხმებულან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზიანის არსებობის ფაქტი და ოდენობა. ასევე მას არ გააჩნდა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან არ დასტურდებოდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტი, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე არ შეთანხმებულან.

კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა მხარეთა ვალდებულებები. კერძოდ, ეროვნულმა სამსახურმა აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება შესყიდვის ობიექტის _ მომსახურების მიღების შემთხვევაში. ი.მ. “...” აიღო ვალდებულება მომსახურება გაეწია შემსყიდველისათვის ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებით. მხარეთა ვალდებულებები გაწერილ იქნა ხელშეკრულების საერთო პირობებსა და სპეციფიკურ პირობებში პუნქტობრივად. Eეროვნული სასახურის ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომსახურების შემოწმების შედეგად ი.მ. “...” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩაითვალა შეუსრულებლად. ინსპექტირების ჯგუფმა შესრულების კონტროლი განახორციელა შერჩევითი წესით. დოკუმენტალური რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ი.მ “...” დარღვეული ჰქონდა დოკუმენტაციის წარმოების წესი, აქტებში მითითებული სულადობა არ ემთხვევა სახელობით სიებში ნაჩვენებ სულადობას. სახელობით სიებს აკლია პირუტყვის მეპატრონეთა ხელმოწერები, ხშირ შემთხვევაში არ იყო მითითებული აცრილი ცხოველის სახეობა, თარიღები გადაკეთებული იყო. ადგილზე ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ი.მ “...” მიერ ვაქცინაციის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები არ ემთხვეოდა რეალურად არსებულ მდგომარეობას. მის მიერ დოკუმენტაციაში ნაჩვენები პირუტყვის სულადობა გაზრდილი იყო, ნაჩვენები იყო ვაქცინის არასწორი ხარჯვა, დარღვეული იყო მომსახურების მიწოდების ვადები ცოფზე, ჯილეხზე და ბრუცელოზზე სისხლის აღებაზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეუსრულებელია და აღნიშნული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია შემსყიდველ ორგანიზაციაში არ არის წარდგენილი. დარღვეულია მომსახურების მოცულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.მ “...” მიერ დარღვეული იყო ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ჩაითვალა ვალდებულების შეუსრულებლად.

კასატორი დაეთანხმა თერიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 416-ე და 417-ე მუხლები. ასევე არასწორად მიიჩნია, რომ ეროვნული სამსახური ვერ ადასტურებდა ფაქტობრივად დამდგარ ზიანს. კასატორი თვლის, რომ ი.მ “...” მომსახურებაში აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, რაც უთანაბრდება ხელშეკრულების შეუსრულებლობას. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, გამოხატულია ი.მ “...” გადაცემული ვაქცინების ღირებულებით. აღნიშნული ვაქცინების შესყიდვა განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით, ხოლო ი.მ “...” მიერ ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა, სახეზეა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანიც. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ხელშეკრულების შესრულება ჩათვალა არაჯეროვნად, ვერ განსაზღვრა რა ნაწილი ჩაითვალა შესრულებულად და რომელი არაჯეროვნად მაშინ, როცა მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულბები შეუსრულებელი მომსახურების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურსა და ი.მ. ,,...” შორის სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე ჩატარებული ტენდერის საფუძველზე 2007 წლის 12 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ი.მ ,,...” ვაქცინაციის ჩასატარებლად გადაეცა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 27 750 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 5 800 დოზა, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 48 858 დოზა და 13 134 დოზა, საერთო ღირებულებით _ 64 156,35 ლარი. ი.მ ,,...” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა განეხორციელებინა მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით. მომსახურების სრული ან ნაწილობრივი (ეტაპის) დამთავრებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა ,,სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის” შესაბამისი რაიონის მიერ დამოწმებული ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ინსპექტირების ჯგუფის 2007 წლის 5 ნოემბრის ¹27 ოქმით დადგინდა ი.მ ,,...” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. 2007 წლის 10 ოქტომბრის ი.მ ,,...” წარმომადგენელსა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმღებს შემდგომი გამოყენებისათვის დაუბრუნდა 32 936,80 ლარის ღირებულების თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის 34 დოზიანი – 16 728 დოზა და 33 დოზიანი – 9 735 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 5 800 დოზა, ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 27 750 დოზა, ხოლო დასაბრუნებელი დარჩა 31219,35 ლარის ღირებულების ვაქცინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს თავად შეეძლო დაედგინა ზიანის ოდენობა. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ი.მ ,,...” მიერ შესრულებული სამუშაო შემოწმდა შერჩევით და არა სრული მოცულობით. შემსყიდველს გააჩნდა ვალდებულება, შესრულებული სამუშაო შეემოწმებინა სრული მოცულობით, რათა დაედგინა თუ რა ოდენობის ვაქცინა იქნა გახარჯული მიზნობრივად, ხოლო რა ოდენობა გაიხარჯა ხელშეკრულებით გავალისწინებული პირობების, ან ტექნიკური პირობების დარღვევით, რაც იმთავივე უთანაბრდებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას. ამასთან, მიმწოდებლის მიერ დაბრუნებულ იქნა გამოუყენებლი ვაქცინების ნაწილი, კერძოდ, 32 936,80 ლარის ღირებულების თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის 34 დოზიანი – 16 728 დოზა და 33 დოზიანი – 9 735 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 5 800 დოზა, ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 27 750 დოზა, ხოლო დასაბრუნებელი დარჩა 31219,35 ლარის ღირებულების ვაქცინა. კასატორი თავად არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ი.მ ,,...” მიერ მოხდა გატანილი ვაქცინების გარკვეული ნაწილის მოხმარება. მათგან შესრულებული სამუშაოს შერჩევით შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა მათ შორის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი. წარმოდგენილი მასალების ანალიზით შეუძლებელია დადგინდეს კონკრეტულად რა ოდენობის ვაქცინის გახარჯვა მოხდა არამიზნობრივად ან რა ოდენობის მიზნობრივი გამოყენება იყო დადასტურებული, ვინაიდან თავად კასატორი ხდის სადავოდ მიმწოდებლის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის სისწორეს და მიიჩნევს ხელშეკრულების პირობის დარღვევად. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ოდენობა, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში ფაქტობრივად დამდგარი ზიანი არის ი.მ ,,...” მიერ ხელშეკრულების შესაბამისად გატანილი ვაქცინების დაუბრუნებელი ნაწილიდან (31219,36 ლარის ღირებულების ვაქცინიდან) იმ ნაწილის ღირებულება, რომლების მიზნობრივი ხარჯვა ვერ იქნებოდა დადასტურებული შემოწმების შედეგად და ასევე არ იქნებოდა დაბრუნებული მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის მოთხოვნის შემდეგ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა მოთხოვნის ამ ნაწილში ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სზაკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული იყო რა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო წარმოებისას, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია იმ ზიანის დადგენა, რაც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით წარმოებული შესასყიდი სამუშაოს წარმოებისას, ვინაიდან თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ წარმოებული დუკუმენტაციის ის ნაწილი, რომელთა მიხედვითაც შერჩევითი წესით შემოწმდა სამუშაო, არ ასახავდა რეალურად არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, ამ სახით წარმოებული დოკუმენტაციით შეუძლებელია არსებული სურათის დადგენა, თუ რეალურად რა ზიანი განიცადა მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით. მოსარჩელეს თავად გააჩნდა ვალდებულება, რეალურად არსებული მდგომარეობის სრულყოფილი შესწავლით შეექმნა სათანადო მტკიცებულება, რომელთაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიენიჭებოდა მტკიცებითი ძალა. ამ სახის მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ემსჯელა მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე და დაეკმაყოფილებინა ამ სახით დასაბუთებული მოთხოვნა.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას ი.მ ,,ალექსანდრე სამნაშვილისათვის” ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ამ ნაწილში და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი მასალების ანალიზი, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, შეუძლებელს ხდის დადგინდეს, ი.მ ,,...” მიერ თუ რა მოცულობით არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება 3800 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის ან მის მიერ თანხის გადახდის გზით (შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში). მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ი.მ ,,...” მიერ პირგასამტეხლო გადახდილი არ არის. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალებით შეუძლებელია დადგინდეს იმ სამუშაოს მოცულობა, რომელიც რეალურად შესრულებულ იქნა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არსებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სსკ-ის 417-ე მუხლი ადგენს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მხარეს ეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ამაზე შეთანხმდნენ. განსახილველ შეთხვევაში, სახეზეა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არასრულად შესრულების ფაქტი, რაც შემსყიდველის მოსაზრებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე უთანაბრდება ხელშეკრულების შეუსრულებლობას. საკასაციო პალატა მართალია არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, მაგრამ თვლის, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე ქმნის მისი მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველს. როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმ სამუშაოს მოცულობის დადგენა, თუ რა ოდენობა არ იქნა შესრულებელი მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების პირობებით ასევე არ არის დაკონკრეტებული თუ რა ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ეკისრება მხარეს ხელშეკრულების ამა თუ იმ მოცულობით შეუსრულებლობისას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ი.მ ,,...” მიერ სამუშაოს ნაწილობრივ შეუსრულებლობის ფაქტი, რომლის ზუსტი მოცულობის დადგენა შეუძლებელია. ამდენად, მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით სრულად _ 3800 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ამ სახით უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ი.მ ,,...” უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს _ 3800 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ი.მ ,,...” პირგასამტეხლოს _ 3800 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ი.მ ,,...” დაეკისროს პირგასამტეხლოს _ 3800 ლარის გადახდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარგებლოდ;

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.