Facebook Twitter

ბს-144-138(კ-10) 10 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. კ-იას, ს. მ-ძის, გ. ფ-ვას, გ. ბ-იანისა და მ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ ხ. ხ-ძის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს, მესამე პირის _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გ. კ-იას, ს. მ-ძის, გ. ფ-ვას, გ. ბ-იანის, მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, ასევე ხ. ხ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. კ-იამ, ს. მ-ძემ, გ. ფ-ვამ, გ. ბ-იანმა და მ. მ-ძემ. კასატორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო გ. კ-იას, ს. მ-ძის, გ. ფ-ვას, გ. ბ-იანისა და მ. მ-ძის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. კ-იას, ს. მ-ძის, გ. ფ-ვას, გ. ბ-იანისა და მ. მ-ძის სახელზე გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების ასლი გ. კ-იას ჩაბარდა 2009 წლის 18 დეკემბერს (ს.ფ. 270), ასევე გასაჩივრებული განჩინების ასლი 2009 წლის 18 დეკემბერს ჩაიბარა კასატორების წარმომადგენლის _ მ. ს-ას დედამ _ თ. გ-ძემ (სფ. 271) საკასაციო საჩივარი კი კასატორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2010 წლის 27 იანვარს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მათთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2010 წლის 18 იანვარს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ კასატორებს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და ჩაბარდა ერთ-ერთ კასატორს _ გ. კ-იას, ხოლო გზავნილის მიმღებმა პირმა ჩაიბარა რა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება, იკისრა ვალდებულება, გზავნილი გადაეცა ყველა ადრესატისათვის. ამასთან, ხსენებული გზავნილით არ დასტურდება, რომ მან უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიერ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ასევე კასატორების წარმომადგენელს მ. ს-ას სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და ჩაბარდა მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს, მ. ს-ას დედას _ თ. გ-ძეს, ხოლო გზავნილის მიმღებმა პირმა ჩაიბარა რა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება, იკისრა ვალდებულება, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი განჩინების ასლების ჩაბარება ერთ-ერთი კასატორისათვის _ გ. კ-იასათვის და წარმომადგენლისათვის _ მ. ს-ასათვის, ითვლება განჩინების ყველა კასატორისათვის ჩაბარებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. კ-იას, ს. მ-ძის, გ. ფ-ვას, გ. ბ-იანისა და მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.