Facebook Twitter

ბს-1450-1384(კ-09) 23 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ მ. ხ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურო, წარმომადგენელი _ ს. ქ-ია

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 10 აპრილს მ. ხ-იამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გარემოს დაცვის ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ინსპექტირების განყოფილების ¹16401 დადგენილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

ქ. ზუგდიდში, მდინარე ... აპიროზე, ... ქუჩის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე გამგეობასთან შეთანხმების შედეგად მოსარჩელეს გამოყოფილი აქვს 600 კვ.მ ფართობის ადგილი. მოსარჩელის მითითებით, ... ქ. ¹1 შესახვევში გადის კანალიზაციის მილი, რომლის დაზიანების შედეგად, ბინძურდებოდა მდინარე ..., ასევე მოსარჩელის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო ჭიდან ხდებოდა ტერიტორიის დაბინძურება. ჭის სათავე დაფარული იყო რკინის ბაკით და არსებობდა ბაკის მოხსნის საჭიროება. ბაკის მოხსნა ვერ მოხერხდა ამწის საშუალებით, რადგან მის ზემოთ გადიოდა მაღალი ძაბვის ელსადენი, რის გამოც მოხდა ბაკის მოჭრა საკანალიზაციო ჭის გასუფთავების მიზნით.

მოსარჩელის მითითებით, მდინარის დაბინძურების ფაქტის შესახებ 2009 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა გარემოს დაცვის ინსპექციას სათანადო ზომების მისაღებად.

ამდენად, მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია სადავო დადგენილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის ჯარიმის დაკისრება (იხ. ს.ფ. 3-13).

მ. ხ-იას სარჩელი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურომ იმ მოტივით, რომ სამართალდარღვევათა შესახებ ¹017597 ოქმიდან დგინდებოდა, რომ 2009 წლის 14 მარტს ქ. ზუგდიდში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ... მარცხენა სანაპიროზე მ. ხ-იამ მოახდინა მაზუთის ნარჩენის ღია წესით დაწვა ავტომანქანის საბურავების მეშვეობით, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და აღნიშნულ ფაქტს არც მოსარჩელე უარყოფდა (იხ. ს.ფ. 41-48).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით მ. ხ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, ღია წესით მაზუთის ნარჩენების დაწვას საბურავების მეშვეობით.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ქმედება არ იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით, მას მაზუთის ნარჩენების ღია წესით დაწვით არ აუცდენია სხვა სახის საფრთხე _ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება. სანაპიროს დაბინძურება გამოიწვია კანალიზაციის მილის დაზიანებამ, რომლის შეკეთების ვალდებულება ეკისრებოდა წყალკანალს. შესაბამისად, ჩადენილი სამართალდარღვევა არ იყო განპირობებული საფრთხის აცდენით, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს. სახეზე არ არის უკიდურესი აუცილებლობა ან სხვა გარემოება, რაც გახდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

რაონული სასამართლოს მითითებით, სამართალდარღვევათა კოდექსის 252.2 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 820-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სავალდებულოა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება, ხოლო თუ იგი თავს აარიდებს გამოცხადებას, შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი, რაც მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია, მაგრამ აღნიშნული გარემოება რაიონულმა სასამართლომ არ მიიჩნია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად, რადგან კანონით გათვალისწინებული წარმოების მითითებული წესის დარღვევის არარსებობის პირობებშიც მოცემულ საკითხზე არ იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც სასამართლომ აღნიშნული დარღვევა არ მიიჩნია არსებითი ხასიათის დარღვევად (იხ. ს.ფ. 73-76).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-იამ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ხ...იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნა.

ზუგდიდის სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, მდინარე ... მარცხენა სანაპიროზე, მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე გადის კანალიზაციის მილი და იგი გადის მდინარის მეორე სანაპიროზე. მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია საკანალიზაციო ჭა, რომელიც არეგულირებს ქალაქში, სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ნახმარი ტექნიკური წყლისა და მასის გამდინარებას. 2009 წლის მარტში წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ გაწყვიტა მასზე გამავალი საკანალიზაციო მილი, დაახშო ჭა, რომელიც მდებარეობდა მოსარჩელის ტერიტორიაზე, რის გამოც ბინძურდებოდა მიმდებარე ტერიტორია, ნაწილი კი ჩაედინებოდა მდინარეში. საჭირო გახდა ჭის ამოწმენდა. ჭის თავზე განთავსებული იყო მეტალის ავზი, რომლის აღება და სხვა ადგილას გადატანა სპეციალური ამწის გარეშე შეუძლებელი იყო. მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ავზის ზემოთ გადიოდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. შესაბამისად, მოსარჩელე იძულებული გახდა ადგილზე დაეჭრა ავზი ელექტროშემდუღებლის მეშვეობით, რა დროსაც აალდა მაზუთის ნარჩენი, რომელიც ავზის კედლებზე იყო და უმნიშვნელო მოცულობით გამოიყო კვამლი, რომელსაც არანაირი ზიანი არ გამოუწვევია. საბურავების დაწვას ადგილი არ ჰქონია.

აპელანტის მითითებით, სამართალდარღვევის ოქმში არასწორად მიეთითა, რომ ცეცხლის გასაჩენად გამოყენებული იყო საბურავები, რის გამოც მ. ხ-ია არ დაეთანხმა ოქმს და უარი განაცხადა ხელისმოწერაზე. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცეცხლი სწორედ ავზის დაწვის დროს გაჩნდა და საბურავები გამოყენებული არ ყოფილა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე ის გარემოება, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა შექმნილი მდგომარეობა იმ ტერიტორიაზე განლაგებულ სავაჭრო ობიექტებთან მყოფი ადამიანებისათვის საკანალიზაციო ჭიდან ტერიტორიის დაბინძურების გამო. ამდენად, მ. ხ-იას მოქმედება მიმართული იყო უფრო მძიმე საფრთხის თავიდან ასაცილებლად (იხ. ს.ფ. 78-87).

მ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურომ იმ მოტივით, რომ მ. ხ-იამ მოახდინა ნარჩენების ღია წესით არადანიშნულებისამებრ დაწვა, რასაც მ. ხ-იაც არ უარყოფს. მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ ცეცხლის გასაჩენად გამოყენებული არ იყო მანქანის საბურავები, რადგან აღნიშნული დადასტურებულია ოქმის შემდგენისა და მოწმის მიერ. ასევე მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მაზუთის ღია წესით დაწვით აცდენილ იქნა უფრო დიდი საფრთხე, რადგან აღნიშნულის აუცილებლობა არ არსებობდა, მითითებულის შესახებ მას შეეძლო მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის, რაც არ გაუკეთებია (იხ. ს.ფ. 118-125).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით მ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 14 მარტს გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს სპეციალისტის _ გ. ქ-იას მიერ შედგა ¹01759 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით, ქ. ზუგდიდში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ... სანაპიროზე მ. ხ-იამ ღია წესით დაწვა მაზუთის ნარჩენები მანქანის საბურავების საშუალებით. მ. ხ-იამ ახსნა-განმარტების მიცემაზე, ხელის მოწერასა და ოქმის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რის შესახებაც სათანადო აღნიშვნა გაკეთდა ოქმში. რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა გ. ქ-იამ განმარტა, რომ ხელმძღვანელის დავალებით მივიდა ადგილზე, სადაც საბურავების მეშვეობით იწვოდა რკინის ავზი მაზუთის ნარჩენებით. მ. ხ-იას განმარტებით, აღნიშნული კეთდებოდა საკანალიზაციო ჭის შეკეთების მიზნით, მაგრამ მისი მოქმედების აუცილებლობა არ ჩანდა და არც რაიმე სხვა საფრთხე ყოფილა აცილებული. აღნიშნულზე შედგა ოქმი, რომლის დადასტურებასა და ასლის მიღებაზე მ. ხ-იამ უარი განაცხადა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაინიშნა ზეპირი განხილვა, სადაც დაბარებული იყო სამართალდამრღვევი. იგი ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა და 2009 წლის 31 მარტის დადგენილებით მ. ხ...იას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ მას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, რადგან საბურავების მეშვეობით მაზუთის ნარჩენების დაწვას მ. ხ-ია ადასტურებს გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის სახელზე 2009 წლის 16 მარტს გაგზავნილ განცხადებაში. ასევე რაიონულ სასამართლოში მიცემულ განმარტებაში აღნიშნა, რომ მაზუთის ნარჩენების საბურავების მეშვეობით დაწვა გამოწვეული იყო უფრო მეტი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ამასთან, ოქმის უსწორობაზე რაიმე შენიშვნები არ წარუდგენია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ხ-იამ ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დაზიანებული მილისა და მოშლილი საკანალიზაციო ჭის აღდგენა ევალებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს “...”, რომლისთვისაც მ. ხ-იას არ მიუმართავს. ამდენად, მოსალოდნელი გარემოს დაბინძურების აცდენა შესაძლებელი იყო შესაბამისი სამსახურებისათვის მიმართვით, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული არ ყოფილა. ამასთან, არსებული პრობლემა მაზუთის ნარჩენების დაწვით არ მოგვარდებოდა და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე საფრთხეს ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და მ. ხ-იას მოქმედებით არც რაიმე სხვა შესაძლო ზიანი არ ყოფილა აცდენილი (იხ. ს.ფ. 145-150).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნა და სათანადოდ არ შეაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ, ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ცეცხლი გაჩნდა ავზის დაჭრის დროს და მას საბურავები არ გამოუყენებია, რაც არასწორად აისახა სამართალდარღვევის ოქმში. აღნიშნულის თაობაზე ოქმის შემდგენ მ. ქ-იას რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა საფრთხე იყო შექმნილი იმ ტერიტორიაზე განლაგებულ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანებისათვის საკანალიზაციო ჭიდან დაბინძურების შედეგად, რის აღსაკვეთადაც ტარდებოდა ჭის გაწმენდა.

ამდენად, კასატორის მითითებით, მისი მოქმედება მიმართული იყო უფრო მძიმე საფრთხის თავიდან ასაცილებლად და აცილებულ იქნა მძიმე შედეგი. ამასთან, სრული აალება არ მომხდარა. რკინის კასრი სავსე იყო წყლით და კასრის შიგნით არსებულ ფენას ცეცხლი მთლიანად არ გასჩენია (იხ. ს.ფ. 155-163).

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 180-183).

მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო ზემო სვანეთის ბიურომ და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მითითებით, უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ მ. ხ-იამ 2009 წლის 14 მარტს მოახდინა ღია წესით მაზუთის ნარჩენების დაწვა საბურავების მეშვეობით, რაც დასტურდება სამართალდარღვევის ოქმის შემდგენისა და მოწმის სახით დაკითხული ს. ქ-იას მიერ. მ. ხ-იას ოქმის შედგენისას რაიმე შენიშვნები არ გამოუთქვამს.

მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტი, რომ მისი ქმედება განპირობებული იყო უკიდურესი აუცილებლობით, რადგან საბურავების მეშვეობით მაზუთის ნარჩენების ღია წესით დაწვით მას არ აუცდენია უფრო მნიშვნელოვანი ზიანი. დაზიანებული საკანალიზაციო ჭის აღდგენა ევალებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს “...”, რომლისთვისაც მ. ხ-იას არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ავზის დაჭრისას მანქანის საბურავების საშუალებით მაზუთის ნარჩენები დაიწვა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, კასატორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტებზე მითითება, რადგან საქმეში წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და გარემოს დაცვის ინსპექციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე შედგენილი მ. ხ...იას განცხადებები, სადაც განმცხადებელი უთითებს, რომ კუთვნილი ტერიტორიის გაწმენდისას მოხდა ავზში არსებული მაზუთის ნარჩენების დაწვა საბურავების გამოყენებით (იხ. ს.ფ. 32-34). აღნიშნული გარემოება მ. ხ...იამ დაადასტურა ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, კერძოდ, მოსარჩელემ არ უარყო ის ფაქტი, რომ მოახდინა მაზუთის ნარჩენების ღია წესით დაწვა მანქანის საბურავების გამოყენებით (იხ. ს.ფ. 54-57).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დაუშვებლად და დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად მართებულად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნულთან დაკავშირებით საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნა. მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდაღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენილ წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, იმ პირობებში, თუ ამგვარი სამართალდაღვევა ჩადენილია უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში. უკიდურესი აუცილებლობა კი სახეზეა, როდესაც პირი მოქმედებდა მნიშვნელოვანი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომლის აცდენაც შეუძლებელია სხვა საშუალებებით და მიყენებული ზიანი ნაკლებმნიშვნელოვანია ვიდრე აცდენილი ზიანი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მ. ხ...იას მოქმედება არ იყო ჩადენილი უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, რადგან არ დასტურდება, რომ იგი მოქმედებდა მნიშვნელოვანი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით როდესაც მოახდინა ავზში არსებული მაზუთის ნარჩენების საბურავების მეშვეობით ღია წესით დაწვა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და აღნიშნულის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებების გამოყენებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ არასწორად დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება გამოიტანა, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, სახეზე არ არის მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორ მ. ხ-იას სსსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯის _ 30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინება;

3. მ. ხ-იას დაეკისროს სასამართლო ხარჯის – 30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.