ბს-1450-1412(კ-10) 12 იანვარი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 20.07.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ჩ-ძის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 19253,52 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით 3166.33 ლარისა და პირგასამტეხლოს 19253,52 ლარის 0,2%-ის ოდენობით 2006 წლის 30 აგვისტოდან ჯარიმის თანხის გადახდამდე ყოველდღიურად გადახდის დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 04.08.09 წ. განცხადებით დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა გ. ჩ-ძეს დაეკისროს ჯარიმის სახით 21841,6 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით 3701,21 ლარისა და პირგასამტეხლოს 21841,6 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად გადახდა 2006 წლის 30 აგვისტოდან ჯარიმის თანხის გადახდამდე.
«რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.07 წ. ¹1/150-2007 გადაწყვეტილებაში 30.10.09 ¹ ¹1/358 შეტანილი ცვლილების თანახმად, საქმე განსახილველად დაექვემდებარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 29.03.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ. ჩ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის _ 16087,19 ლარის და პირგასამტეხლოს 30%-ის ოდენობით _ 4826,15 ლარის, სულ 20913,34 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა გ. ჩ-ძის ხელფასის სახით გაცემული თანხის 3166.33 ლარის გადახდის დაკისრებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.08.10 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 29.03.10 წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ჩ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 21841,6 ლარი და პირგასამტეხლო 30%-ის ოდენობით _ 6552,48 ლარი. გ. ჩ-ძეს ასევე დაეკისრა კვებაზე დახარჯული თანხის _ 532,97 ლარის გადახდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ზიანის საკომპენსაციო თანხის 3168,3 ლარის გ. ჩ-ძისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.08.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.08.10 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.