საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1451-1385(კ-09) 12 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...’’ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შპს ,,...” მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, ვინაიდან საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი იყო დ. შ-ძის, როგორც კასატორის წარმომადგენლის მიერ, ხოლო საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე-98-ე მუხლების შესაბამისად გაფორმებული, სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება და ის არც საქმის მასალებში იყო წარმოდგენილი.
საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ასევე დ. შ-ძის სახელზე გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2009 წლის 30 ნოემბერს შპს ,,...’’ დირექტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ნაწილობრივ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ეტაპზე არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე შპს ,,...’’ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 5 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 25 დეკემბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული 5- დღიანი საპროცესო ვადა 2009 წლის 15 დეკემბერს ამოიწურა. კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება შპს ,,...’’ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, შპს ,,...’’ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...’ საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.