ბს-1454-1388(კ-09) 24 მარტი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ს-ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ ზ. ს-ძის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ზ. ს-ძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 6 აგვისტოს ¹2174 ბრძანებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, 2005 წლის 1 მაისიდან დაინიშნა სამხედრო მოსამსახურედ.
მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს გამოყოფილი ასიგნებები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფისა და წვრთნისა და აღჭურვისთვის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თითოეული ლარი განკარგოს დანიშნულებისამებრ ანუ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით.
კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ “სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4- წლიანი კონტრაქტი, “სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 წლის ხელფასის სახით საშუალოდ 1400 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება მთელი თვის ხელფასის შესაბამისად; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე - ზ. ს-ძე სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹71 ბრძანებით სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთათვის დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი ვადა, ხოლო ზ. ს-ძეს ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში. კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ათი დღის ვადაში, მოპასუხე ვალდებული გახდა აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა 14160,96 ლარს, ხოლო 4.3 პუნქტი სამხედრო მოსამსახურის მომზადების პერიოდად განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის პირველ სამ თვეს, მოპასუხე - ზ. ს-ძე კი, როგორც დათხოვნის ბრძანებიდან ირკვევა გათავისუფლებულია შეიარაღებული ძალებიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტით (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო), რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს კონტრაქტის 7.3 პუნქტის მოქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს – ზ. ს-ძეს საკონტრაქტო პირობების დარღვევის გამო დაკისრებოდა ჯარიმის სახით – 14160,96 ლარის, ზიანის – 2223,99 ლარისა და პირგასამტეხლოს 2005 წლის 11 დეკემბრიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე ყოველდღიურად – 14160,96 ლარის 0,2 %-ის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა კონტრაქტის 7.3 მუხლი, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე ვალდებული იყო, გადაეხადა კონტრაქტის მიხედვით მოსამსახურისათვის გასაცემი ფულადი თანხა, ამავე მუხლით სამხედრო მოსამსახურეს თანხის გადახდა ეკისრებოდა 1 წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ. შესაბამისად, კონტრაქტით გათავლისწინებული საჯარიმო თანხის გადახდა სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა მხოლოდ ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის შემდეგ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება შეყვეტილი იყო 1 წლის გასვლამდე _ ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ს-ძეს შორის დადებული იყო 2005 წლის 6 აგვისტოს, ხოლო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 30 ნოემბრიდან.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ ითავლისწინებდა 1 წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას. რის გამოც არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ს-ძეს შორის 2005 წლის 6 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა კატეგორიას. ხელშეკრულების 7.3 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით. ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10 000 ლარის ოდენობით. გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ანაზღაურების წესი განსაზღვრულია ზემოაღნიშნული მუხლის ბოლო აბზაცით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე სამხედრო სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის მოთხოვნის უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვება ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ს-ძეს შორის ხელშეკრულება შეწყდა პირველი წლის გასვლამდე _ ხელშეკრულება დადებულია 2005 წლის 6 აგვისტოს და შეწყდა 2005 წლის 30 ნოემბერს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ხელშეკრულება არ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მოსამსახურის მხრიდან 1 წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ კონტრაქტის 7.3 პუნქტი წარმოადგენს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის როგორც ზოგად, ისე კონკრეტულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს. აღნიშნული პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება პასუხისმგებლობა როდესაც დაარღვევს კონტრაქტს: ან მომზადების პერიოდში (ამავე ხელშეკრულების 3.2 პუქნტის მიხედვით პირველი სამი თვე შეადგენს სამხედრო მოსამსახურის სწავლებისა და მომზადების პერიოდს), ან მომზადების პერიოდის დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების განმავლობაში. ხელშეკრულების 7.3 მუხლი არ გამორიცხავს კონტრაქტორის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე კონტრაქტის დარღვევისას და დამსაქმებლისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დადებულია 4 წლის ვადით, რაც არის კონტრაქტის ერთ-ერთი ძირითადი პირობა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო 394-ე მუხლის მიხედვით ,,მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება”.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთათვის დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი ვადა, ხოლო ზ. ს-ძეს ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში.
ზ. ს-ძემ კონტრაქტი გააფორმა 2005 წლის 1 მაისს. ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹71 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2005 წლის 30 ნოემბრიდან ე.ი. მოპასუხემ კონტრაქტი დაარღვია კონტრაქტის 7.3 პუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ პერიოდში, რაც 7.3 პუნქტიდან გამომდინარე, ამავე პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. აქედან გამომდინარე, თუ კონტრაქტის 7.3 პუნქტის პირველი წინადადება პასუხსმგებლობას აკისრებს კონტრაქტის დამრღვევს სამხედრო მოსამსახურის სწავლებისა და მომზადების პერიოდის შემდეგ კონტრაქტის დარღვევის გამო, მაშინ კასატორის განმარტებით გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა იგივე პუნქტის გამოუყენებლობაზე ერთ წლამდე დათხოვნის შემთხვევაში.
ამასთან, კასატორის განმარტებით, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს თავადაცვის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითეს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის (ხელშეკრულების) დარღვევიდან გამომდინარე, წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და მოქმედი კანონმდებლობა.
მოთხოვნილი თანხის ზიანის შინაარსზე მიუთითებს კონტრაქტის 8.2. 8.3 და 8.4 მუხლები, სადაც ცალსახაა, რომ სამინისტრომ მოითხოვა ის თანხა, რაც დახარჯა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება მას მოუწია კონტრაქტის დარღვევის გამო, მის სანაცვლოდ ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთვნისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ხელშეკრულების შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის მინისტრის სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.
საკასაციო სასამართლო ეთნახმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის თაობაზე და ადასტურებს სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების 7.3 მუხლის თაობაზე განმარტების შესახებ წარმოდგენილი მოტივაციის მართებულობას.
ხელშეკრულების 7.3 მუხლი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინსტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ,,სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4- წლიანი კონტრაქტი. “სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) 2 (ორი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ორი წლის ხელფასის სახით 10000 ლარის ოდენობით; გ) 3 (წლის) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით.
ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, სამხედრო მოსამსახურეს ფულადი თანხების – ჯარიმის, გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ კონტრაქტის 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაც შეეხება ერთ წლამდე პერიოდს, აღნიშნულზე მხარეთა შორის ჯარიმა-საურავების თაობაზე შეთანხმება არ არსებობს, რაც გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის დაკისრებას კონტრაქტის ერთ წლამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
საქმეზე კი უდაოდაა დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ს-ძეს შორის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 6 აგვისტოს და შეწყდა 2005 წლის 30 ნოემბერს. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადამ შეადგინა 3 თვე და 24 დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სამხედრო ძალებში სულ მცირე 1 წლის სამსახური, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სახით საჯარიმო თანხების გამოყენების საფუძველი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სასარჩელო განცხადებით ფაქტობრივად ითხოვს კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად, ზ. ს-ძეზე დახარჯული თანხების ანაზღაურებას, სამინისტროს მოთხოვნა არ ეხება ხელშეკრულების (კონტრაქტის) 7.3 მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმას. სამინისტროს მოთხოვნა ეხება მოპასუხისათვის ხელშეკრულების არა 7.3 მუხლში მითითებული ჯარიმის თანხას, არამედ ზ. ს-ძეზე დახარჯული თანხის სამინისტროსათვის ანაზღაურებას, რომლიდანაც 714 ლარი არის კვების ხარჯი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდქსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 6 აგვისტოს ¹71 ბრძანებით ზ. ს-ძე კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანამად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას, ამდენად მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელფასის თანხის დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო რაც შეეხება სასურსათო ულუფას (714 ლარი), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვს კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფიდეს, ხოლო რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინებას დანარჩენ ნაწილში საკასაციო სასამართლო მოსაზრებით, ამ ნაწილში განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ზ. ს-ძეზე კვების კომპენსაციის – 714 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ. ს-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის _ 714 ლარის ანაზღაურება; გასაჩივრებული განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.