Facebook Twitter

ბს-1455-1417(კ-10) 12 იანვარი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 20.07.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. გ-ძის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 17514,36 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 6369,95 ლარისა და პირგასამტეხლოს 17514,36 ლარის 0,2%-ის ოდენობით 2006 წლის 30 აგვისტოდან ჯარიმის თანხის გადახდამდე ყოველდღიურად გადახდის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 03.08.09 წ. განცხადებით დააზუსტა სარჩელი და გ. გ-ძისათვის ჯარიმის სახით 19692 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 7302,15 ლარისა და პირგასამტეხლოს 19692 ლარის 0,2%-ის ოდენობით 2006 წლის 30 აგვისტოდან ჯარიმის თანხის ანაზღაურებამდე ყოველდღიურად გადახდის დაკისრება მოითხოვა.

«რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.07 წ. ¹1/150-2007 გადაწყვეტილებაში 30.10.09 ¹ ¹1/358 შეტანილი ცვლილების თანახმად, საქმე განსახილველად დაექვემდებარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 11.02.10 წ. სხდომაზე შეამცირა სარჩელის მოთხოვნა ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და 11.02.10წ. საოქმო განჩინებით ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.02.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.10 წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.02.10 წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.10 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.10 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.