საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1458-1392(კ-09) 13 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ს-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.11.09წ. განჩინებით გ. ს-ძეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვეოდა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაჰბარდა 18.12.09წ., ხოლო კასატორმა 28.12.09წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლება ან გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან არის სტუდენტი, გარდაცვლილი ჰყავს მამა და მის 4 სულიან ოჯახში არავინ მუშაობს, რის გამოც მისთვის შეუძლებელია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო 47-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში გ. ს-ძის მიერ არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კასატორ გ. ს-ძის მიერ 28.12.09წ. წარმოდგენილ იქნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობა ..., რომ ის არის ... მეორე კურსის სტუდენტი და ცნობა ქ. ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ გ. ს-ძის ოჯახი შედგება 4 სულისაგან. აღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნიან სსსკ-ის 46-ე, 47-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს გ. ს-ძის ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებისა ან გადავადების საფუძველი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.