Facebook Twitter

ბს-1462-1424(2კ-10) 1 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი – ი. შ-შვილი; სსიპ შემოსავლების სამსახური და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი, წარმომადგენელი – ალ. დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი/მ ,,თ. ა-ავა”

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ “თ. ა-ავამ” სარჩელი აღძრა ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ, მესამე პირების – შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მონაწილეობით და მოითხოვა ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 აპრილის ¹34 საგადასახადო მოთხოვნის, 2009 წლის 14 აპრილის ¹2028 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 23 ივნისის ¹1674 ბრძანების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, ი/მ “თ. ა-ავამ” სამეწარმეო საქმიანობა შეაჩერა 2004 წლიდან. აღნიშნული საწარმო წარმოადგენდა ... საამქროს, რომელიც განთავსებული იყო მოსარჩელის კუთვნილ დამხმარე ფართში და იყენებდა საოჯახო და სხვადასხვა ნივთების შესანახად. მათ შორის იყო ძველი, გამოსაყენებლად უვარგისი ხის ე.წ. ნაკიდურები, რაც ექსპერტიზის დასკვნით მიჩნეულ იქნა ვარგის და აღურიცხავ საქონლად.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნა და საგადასახადო მოთხოვნა და საჩივრით მიმართა საგადასახადო ორგანოებს, მაგრამ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 16-27).

ი/მ “თ. ა-ავას” სარჩელი არ ცნო მოპასუხე ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

მოპასუხის მითითებით, ი/მ “თ. ა-ავას” ... დამამუშავებელ საამქროში ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 5 მარტის ¹1170 ბრძანების საფუძველზე 2009 წლის 5 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა 3130,6 ლარის აღურიცხავი საქონელი დღგ-ს გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 143.2 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ქმედება მიჩნეულ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევად, რის გამოც ¹2028 ბრძანებით მეწარმე დაჯარიმდა 3130,6 ლარით (იხ. ს.ფ. 44-52).

სარჩელი ასევე არ ცნო შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მესამე პირის მოსაზრებით, სადავო აქტები გამოცემულია საგადასახადო კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მოსარჩელე ვერ უთითებს მითითებული აქტების ბათილად ცნობის ვერც ერთ საფუძველზე.

მესამე პირმა არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ აღურიცხავი საქონელი იყო ძველი გამოსაყენებლად უვარგისი ხის ნაკიდურები, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით (იხ. ს.ფ. 68-72).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ “თ. ა-ავას” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 აპრილის ¹34 საგადასახადო მოთხოვნა, 2009 წლის 14 აპრილის ¹2028 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 29 ივნისის ¹1674 ბრძანება 955,82 ლარის ნაწილში, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 51.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 98,4 მუხლით, 99.2, 110.1, 110.2 მუხლებით და განმარტა, რომ საწარმოში ინვენტარიზაციის ჩატარება ემსახურება მეწარმის სამეწარმეო კონტროლის მიზანს და მისი ჩატარების წესი, დრო და პერიოდი მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი/მ “თ. ა-ავას” ... დამამუშავებელ საამქროში ინვენტარიზაცია ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოში ინახებოდა აღურიცხავი მატერიალური სასაქონლო ფასეულობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 აპრილის ¹337 ბრძანებით “საგადასახადო ორგანოების მოთხოვნით სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-5 და 6.1 მუხლებით.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ორი ძირითადი გარემოების დადგენა, კერძოდ, საქონელი იყო თუ არა აღრიცხული საბუღალტრო დოკუმენტებით და რას შეადგენდა მისი ღირებულება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მასალა საამქროში ინახებოდა საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხვის გარეშე. მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, რომ იგი 2004 წლიდან აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ინვენტარიზაციის დროს და საქმის განხილვის დროსაც ი/მ “თ. ა-ავა” რეგისტრირებულია ინდივიდუალურ საწარმოდ, მას ოფიციალურად სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების განცხადებით საგადასახადო ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამასთან, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მეწარმედაა რეგისტრირებული, ინვენტარიზაცია ჩატარდა მოსარჩელესთან, მისი საამქრო არსებობს, მასში შენახულია საქონელი, რომელიც არ არის აღრიცხული.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქონლის ღირებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგენდა 3694,12 ლარს.

საქალაქო სასამართლომ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულების სწორი განსაზღვრისათვის ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღურიცხავი მატერიალური ფასეულობების ღირებულება შეადგენდა 2174,78 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამ ნაწილში, მოსარჩელე უნდა დაჯარიმდეს 1843,03 ლარით და არა 3130,6 ლარით (იხ.ს.ფ. 152-162).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგი მოტივით:

აპელანტების მითითებით, გასაჩივრებულ აქტებს საქონლის ღირებულებასთან დაკავშირებით საფუძვლად დაედო აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტის 2009 წლის 20 მარტის ¹1/112 ცნობა, რომლის თანახმად, საქონლის ღირებულება შეადგენდა 3694,70 ლარს. აღნიშნული საკითხი სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეისწავლა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, რომლის 2010 წლის 25 იანვრის ¹3725/5 დასკვნის მიხედვით, აღურიცხავი საქონლის საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 2174,78 ლარს.

აპელანტების მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რამდენადაც არ მოხდა ექსპერტის დასკვნისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტის ცნობის სათანადოდ გამოკვლევა და არ დადგენილა ფასებს შორის არსებული სხვაობის მიზეზი. ექსპერტიზის დასკვნით საქონლის ღირებულება შეფასდა არა 2009 წლის მარტის მდგომარეობით, არამედ 2010 წლის იანვრის მდგომარეობით, პირველი შეფასებიდან 9 თვის შემდეგ.

აპელანტების მითითებით, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციიდან ექსპერტიზის ჩატარებამდე გასული დროის განმავლობაში მეწარმის საამქროში შენახული ნივთების საბაზრო ღირებულებამ შესამჩნევად დაიკლო. ამასთან, ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელია, მეწარმეს მოეხდინა ნივთების რეალიზაცია (იხ.ს.ფ. 174-184; 200-208).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ ინვენტარიზაციის შემდეგ შესაძლებელი იყო მეწარმეს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია, რამდენადაც ექსპერტის მიერ შეფასდა იმავე სახეობისა და რაოდენობის საქონელი, რაც ასახული იყო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ¹1/112 ცნობაში, ამასთან, სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (იხ.ს.ფ. 234-241).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონულმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 251-260; 263-270).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს კასატორებმა, რომლებმაც მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნტების შესაბამისად (იხ.ს.ფ. 283-287; 289-292).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად (იხ.ს.ფ. 296-300).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და მხარეთა განმარტებების ზეპირი მოსმენის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის მოტივი, რომ სასამართლოების მიერ არასწორად მოხდა აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტის 2009 წლის 2 მარტის ¹1/112 ცნობისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2010 წლის 25 იანვრის ¹3725/5 დასკვნის შეფასება, რამაც განსახილველ დავაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შექმნა აბსოლუტური და პროცესუალური კასაციის წანამძღვრები – არის საგულისხმო და განსაკუთრებული, იმ თვალსაზრისით, რომ საკასაციო სასამართლომ მისცეს სამართლებრივი შეფასება თუ რამდენად კანონიერად მოხდა მტკიცებულებათა სწორად შეფასება და შემდგომში ამ მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სწორი სასამართლო დასკვნის და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია განიმარტოს საქმეზე მტკიცებულებათა დადგენისა და შეფასების კრიტერიუმები და სამართლებრივი ტექნიკა.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, ი/მ “თ. ა-ავა” რეგისტრირებული იყო ქ. ქობულეთის, ... ქუჩის მეორე შესახვევში, აღნიშნულ მისამართზე საწარმოს ჰქონდა ... დამამუშავებელი საამქრო. ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 5 მარტის ¹1170 ბრძანების საფუძველზე ბათუმის რეგიონალური ცენტრის ინსპექტორების მიერ ი/მ “თ. ა-ავას” ... დამამუშავებელი საამქრო 2009 წლის 12 მარტს დაილუქა, რაზეც შედგენილ იქნა ობიექტის დალუქვის ოქმი. აღწერის შედეგად გამოვლინდა, რომ საამქროში ინახებოდა შემდეგი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები: წაბლის დახერხილი მასალა - 1.066 კბ.მ წიფლის დახერხილი მასალა - 1.276 კბ.მ თხმელის დახერხილი მასალა - 0.26 კბ.მ წიწვოვანი ჯიშის დახერხილი მასალა - 0554 კბ.მ გარბილი - 0.8 კბ.მ ნარჩენი შეშა - 3.5 კბ.მ კოპიტის ანათალი შპონი - 10 კბ.მ. ნახევრად დამუშავებული და წუნი რიკულები - 140 ცალი, ბზის ჯიშის კუნძები - 0.4 წიწვოვანი ჯიშისაგან დამზადებული კარები ჩარჩოს გარეშე 90 კბ.მ. წიწვოვანი ჯიშის კარები ჩარჩოთი - 60 ცალი, კარების ჩარჩოები - 7.72 კბ.მ გრ. მეტრი, ვინაიდან, აღნიშნული ნივთები ი/მ “თ. ა-ავას” არ ჰქონდა აღრიცხული, ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ მათი ღირებულება შეფასებულ იქნა ექსპერტის მიერ და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტის 2009 წლის 20 მარტის ¹1/112 ცნობის შესაბამისად საამქროში არსებული ნივთების ღირებულებამ შეადგინა 3694.70 ლარი. აღნიშნულის გამო საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 24 მარტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი და ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 აპრილის ¹34 “საგადასახადო მოთხოვნით” ი/მ ,,თ. ა-ავას” დაეკისრა ჯარიმა 3130,60 ლარი. მითითებული ,,საგადასახადო მოთხოვნა” ი/მ ,,თ. ა-ავამ” გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომელმაც განიხილა საჩივარი და 2009 წლის 23 ივნისს მიიღო ბრძანება ¹1674, რომლითაც საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 23 ივნისის ბრძანება ¹1674 გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ “თ. ა-ავას” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 აპრილის ¹34 საგადასახადო მოთხოვნა, 2009 წლის 14 აპრილის ¹2028 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 29 ივნისის ¹1674 ბრძანება 955,82 ლარის ნაწილში.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე ი/მ ,,თ. ა-ავამ” სადავო გახადა საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოვლენილი აღურიცხავი მატერიალური ფასეულებათა ღირებულება, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მატერიალური ფასეულობათა ღირებულების სწორი განსაზღვრისათვის ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2010 წლის 25 იანვრის ¹3725/5 დასკვნის შესაბამისად, აღურიცხავი საქონლის საბაზრო სარეალიზაციო ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 2174,78 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც საქალაქო, ასევე, სააპელაციო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამ ნაწილში და მოსარჩელე უნდა დაჯარიმდეს 1843,03 ლარით და არა 3130,6 ლარით.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრება ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, ამასთან, სსსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნას სასამართლოსათვის არ გააჩნია სავალდებულო ძალა და მისი შეფასება სასამართლოს მიერ ხდება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, ექსპერტის დასკვნის, როგორც მტკიცებულების შეფასება ხდება სასამართლოს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას, რომ სასამართლოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები და არ დაადგინეს ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ ფასებს შორის არსებული სხვაობის მიზეზი. იმ პირობებში, როცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2010 წლის 25 იანვრის ¹3725/5 დასკვნით საქონლის ღირებულება შეფასდა არა 2009 წლის მარტის მდგომარეობით, არამედ 2010 წლის 25 იანვრის მდგომარეობით, პირველი შეფასებიდან 9 თვის შემდეგ, რის შემდეგაც მეწარმის საამქროში შენახული ნივთების საბაზრო ღირებულებამ შესამჩნევად დაიკლო და განმარტავს, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ როგორც საზოგადოდ, ასევე, საქართველოში ნედლეულზე, მათ შორის ხე-მასალაზე არსებობს ფასების ზრდის და არა კლების ტენდენცია, რის გამოც აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული ექსპერტიზიდან 9 თვის მერე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ პროდუქციის საორიენტაციო ფასის განსაზღვრა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქონიებს გავლენას საჯარო ინტერესების საზიანოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორები საერთოდ ვერ ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებას, ვინაიდან არანაირ ინფორმაციულ წყაროს არ უთითებენ, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა შეფასება, რომ საამქროში შენახული ნივთების საბაზრო ღირებულება შესამჩნევად შემცირდა, ამდენად, აღნიშნული მოსაზრება მოკლებულია დამაჯერებლობას. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, ვერც ის გარემოება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2010 წლის 25 იანვრის ¹3725/5 დასკვნაში მითითებულია ხე-მასალის საორიენტაციო ფასი, ვერ გახდება საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ხისა და ხე-მასალების სპეციალიზებული ბირჟა, რომლის საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით უტყუარად დადგინდებოდა საქონლის საბაზრო ღირებულების ზუსტი ფასი, შესაბამისი წლების (პერიოდების) მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ასევე დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება შემდეგზე, რომ სასამართლოებს სათანადო მტკიცებულებად უნდა მიეჩნიათ აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან მსჯელობა ეყრდნობა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ 2010 წლის 25 იანვრის საექსპერტო დასკვნით განსახილველი საქონლის ღირებულება არ ასახავს 2009 წლის მარტის მდგომარეობით მის საბაზრო ფასს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2009 წლის მარტის მდგომარეობით თავად აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული ექსპერტის დასკვნა არ შეიცავს ხე-მასალაზე იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასის მონაცემებს /იხ. ს.ფ. 61/ მეტიც დასკვნაში საერთოდ არ არის მითითებული თუ რა წყაროს ეყრდნობა ექსპერტიზა საქონლის ღირებულების განსაზღვრისას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე საექსპერტო დასკვნა ეყრდნობა საორიენტაციო ფასს და ამდენად, აბსოლუტურად სწორი, ობიექტური ფასის დადგენა სადავო პერიოდებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

გასათვალისწინებელია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უკრიტიკოდ გაიზიარეს საქონლის პირველი საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის ოდენობა, ისე, რომ თავად არც ერთი პროცედურული მოქმედება არ განუხორციელებიათ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მეშვეობით, რათა მაქსიმალურად ობიექტურად დადგენილიყო მისი საბაზრო ღირებულება. საქმეში ამგვარის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა საქმეზე ფაქტები გამოიკვლიეს და დაადგინეს ობიექტურად, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, შესაბამისად ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნა მთლიანად გამოტანილია სათანადოდ გამოკვლეული-დადგენილი ფაქტების ობიექტური და კანონიერი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, ხოლო მისი სამართლებრივი კრიტიკა (კასაციის მოტივები) ვერ აქარწყლებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სადავო სამართალურთიერთობასთან სამართლის ნორმის შეფარდების კანონიერებას და სისწორეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისას ადგილი არ ჰქონია საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრების მოტივები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინება;

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.