Facebook Twitter

ბს-1464-1398(კ-09) 24 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. თ-შვილი

მესამე პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 12 სექტემბერს ნ. თ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსა და მესამე პირის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹02/09-17751 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება _ 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით გაუცემელი (8 თვის) შემწეობის გაცემა.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის აპრილის ჩათვლით ღებულობდნენ შემწეობას 42 ლარის ოდენობით.

2007 წლის მარტში მოსარჩელეს გარდაეცვალა მამა. მამის გარდაცვალების შემდეგ ნ. თ-შვილის ოჯახი დაექვემდებარა ხელახალ შემოწმებას. შეფასების შემდეგ სარეიტინგო ქულამ შეადგინა 59 000, რაც საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლებას არ იძლეოდა. 2008 წლის ივლისის თვიდან მოსარჩელემ კვლავ მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება.

მოსარჩელის მოსაზრებით, საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტა განხორციელდა უკანონოდ. 2008 წლის მაისში მან განცხადებით მიმართა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს და მოითხოვა 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით საარსებო შემწეობის გაცემა.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოში განხილულ იქნა ნ. თ-შვილის განცხადება და მას ეცნობა, რომ მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება 2008 წლის ივლისიდან.

ნ. თ-შვილმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოში და მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალური პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 10 ივნისის ¹10/10-12377 ადმინისტრაციული აქტის გაუქმება და ახალი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც იგი მიიღებს 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისის, გაუცემელი 8 თვის ფულადი სახის სოციალურ დახმარებას _ საარსებო შემწეობას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გადაწყვეტილებით ნინო თინიკაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹02/09-17751 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისის გაუცემელი 8 თვის საარსებო შემწეობის გაცემას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-შვილის სარჩელი მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსა და მესამე პირის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის რაიონული განყოფილების მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹02/09-17751 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების _ 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით გაუცემელი (8 თვის) შემწეობის გაცემის დავალების თაობაზე დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავდა, რომ წარმოდგენილი სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ასეთი სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლო იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.

სასამართლო აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულებისკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების სახეებს და ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონიერების საფუძვლებია: ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა, დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, აცილების უფლება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას _ ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მის დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზე გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირი ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ განხორციელდა.

საქალაქო სასამართლო მიუთითებდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო ემსჯელა, რეალურად არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი და განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავდა, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რასაც ადგილი აქვს განსახილველ დავაში. კერძოდ:

მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის საფუძველბს, ასევე 201-ე მუხლი, სადაც მოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ხოლო ამავე კოდექსის 202-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მოპასუხე მხარის მიერ უგულვებელყოფილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. გარდა ამისა, სასამართლოს მოსაზრებით, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შეწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹02/09-17751 გადაწყვეტილება.

სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით გაუცემელი (8 თვის) შემწეობის გაცემის დავალების ნაწილში წარმოადგენს სადავო აქტის ბათილობის თანამდევ შედეგს, რაც განხორციელებული უნდა იქნეს მოპასუხე მხარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი წესით, ვინაიდან ქმედების განხორციელების თაობაზე 24-ე მუხლით აღძრული სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების კრიტერიუმები მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 –ე მუხლში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 ,,გ” მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა შემდეგი:

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹126 დადგენილებით ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია, რომლითაც დადგენილი იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ პირთა კეთილდღეობის დონის შეფასების წესი. ამ დადგენილების 1.1 მუხლის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ შენამეურნეობათა (შემდგომში-მაძიებელთა) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად ამ მეთოდოლოგიის მიხედვით გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება მე-2 მუხლით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით, ამა თუ იმ მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლის პროცედურა ეფუძნება სოციალური აგენტის მიერ მისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს შედეგებს. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ინტერვიუს დროს სოციალური აგენტი ავსებს სოციალურ კითხვარს, რომელშიც ფიქსირდება მაძიებლის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹225 ბრძანებით ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და დაცემის წესის დამტკიცების შესახებ” დამტკიცდა მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი. ამ წესის 1.1. მუხლის თანახმად, ეს წესი შემუშავბეული იქნა ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების, ქვეყანაში სიღატაკის როლის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის ¹51 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი ადგენს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებულ ოჯახებზე, მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა_გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციებს, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მითითებული წესის 16.1 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია: ა) საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალება; ბ) ოჯახის განცხადება; გ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება; დ) ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება; ე) საარსებო შემწეობის ზღვრული ქულის ცვლილება.

სააპელაციო პალატა აღნიშნავდა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში ნინო თინიკაშვილისათის დანიშნული შემწეობის შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹225 ბრძანების ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და დაცემის წესის დამტკიცების შესახებ” 16.1 ,,დ” მუხლი _ ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება.

სააპელაციო პალატა მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 4 ივნისითა (შეწყდა შემწეობა) და 2008 წლის 18 იანვრით (დაინიშნა შემწეობა) დათარიღებული ,,ოჯახის დეკლარაციების” შედარებით დგინდება, რომ მითითებულ პერიოდში მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება არ შეცვლილა, არ გაუმჯობესებულა, ორივე დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები არის იდენტური და რაიმე ცვლილება ამ მონაცემებს შორის არ აღინიშნება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ,,ოჯახის დეკლარაციების” სხვადასხვა სარეიტინგო ქულებით შეფასება და ამის საფუძველზე მოსარჩელისათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა კანონშეუსაბამოა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმება და ნ. თ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს მიერ სათანადოდ არ შეფასებულა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე სასამართლოს დასკვნები ყოველგვარ საფუძვლებს მოკლებულია.

კასატორი აღნიშნავდა, რომ ნინო თინიკაშვილი არც ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებისას და არც საქმის სასამართლოში განხილვისას სადაოდ არ ხდიდა ოჯახის დეკლარაციებში შეტანილი მონაცემების სისწორეს და შესაბამისობას მის მიერვე სოც. აგენტისათვის დეკლარირებულ მონაცემებთან. ეს კი მეტყველებს, რომ მისი ოჯახის მიმართ დაცულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის ¹1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის” მოთხოვნები.

სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითებდა, რომ ნინო თინიკაშვილის ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემები დამუშავდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის” შესაბამისად და ყოველი შეფასებისას დადგინდა ამ ოჯახის სარეიტინგო ქულები. კასატორის განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ამ მეთოდოლოგიის მიხედვით ხორციელდება ავტომატიზებული პროგრამის საფუძველზე და მასში გარე, მექანიკური ჩარევა შეუძლებელია. შესაბამისად, სააგენტოს მხრიდან ნ. თ-შვილის ოჯახის შეფასება როგორც მიმდინარე ეტაპზე, ასევე 2007 წლის 4 ივნისის და 2008 წლის 18 იანვრის დეკლარაციების საფუძველზე, განხორციელებულია სწორედ ამ მეთოდოლოგიით, ავტომატიზებული პროგრამული სისტემით და მასში რაიმე ცდომილების არსებობა გამორიცხულია.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ჩაერია სააგენტოს ფუნქციებში და მიიღი ნ. თ-შვილისათვის 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით შემწეობის ანაზღაურების გადაწყვეტილება, ნაცვლად იმისა, რომ დაევალებინა ნ. თ-შვილის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ყურადღებას მიაქცევდა იმ გარემოებას, რომ ნ. თ-შვილს საარსებო შემწეობა შეუწყდა მის მიერ სადაოდ ქცეული არა სააგენტოს 2008 წლის 10 ივნისის ¹10/10-12377 წერილისა და 2009 წლის 18 აგვისტოს ¹02/09-17751 გადაწყვეტილების, არამედ შემწეობის შეწყვეტის შესახებ მიღებული სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც დავის მიუხედავად, დღემდე ძალაშია. კასატორის მითითებით, იმისათვის, რომ არსებობდეს შემწეობის შეწყვეტის გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლები, ნ. თ-შვილმა უნდა დაასაბუთოს, რომ მისი ოჯახის მიმართ ადგილი ჰქონდა ადმინისტრირების პროცედურების დარღვევას ან სოც. აგენტის მიერ არასწორად იქნა ასახული მისი ოჯახის მონაცემი ოჯახის დეკლარაციაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2005 წლის 28 ოქტომბერს ნ. თ-შვილმა განცხადებით მიმართა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის რაიონულ განყოფილებას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანის თაობაზე. ნ. თ-შვილის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა იმავე წლის 3 დეკემბერს, რის შედეგადაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 34710. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და იმავე წესების მე-7 და მე-11 მუხლების საფუძველზე ნ. თ-შვილის ოჯახს 2006 წლის სექტემბრიდან დაენიშნა ფულადი სახის სოციალური დახმარება 2 სულზე, 42 ლარის ოდენობით.

2007 წლის 25 მაისს ნ. თ-შვილმა განცხადებით მიმართა სააგენტოს გორის რაიონულ განყოფილებას და მამის გარდაცვალების მოტივით, მოითხოვა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შესწავლა. შესწავლის შედეგად ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 47080, რის საფუძველზეც 2007 წლის 1 სექტემბრიდან გაუგრძელდა საარსებო შემწეობის გაცემა 1 სულზე 30 ლარის ოდენობით, შესაბამისად აუნაზღაურდა შეჩერების მომენტიდან მიუღებელი დახმარება.

2007 წლის ნოემბრიდან, მორიგი გადამოწმების შედეგად, ნ. თ-შვილს შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა. შესწავლისა და მონაცემების არსებული მეთოდოლოგიიდ დამუშავების შემდეგ სარეიტინგო ქულამ შეადგინა 59800, რაც ჩაითვალა ზღვარზე მაღალ ქულად და გამოიწვია შემწეობის გაცემის შეწყვეტა.

სააგენტოს შიდა ქართლის საკოორდინაციო ცენტრის 2007 წლის 17 მარტის ¹172 წერილით სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს გაეგზავნა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ოჯახების სია, რომელშიც მოხსენიებული იყო ნინო თინიკაშვილი და ითხოვდა ნებართვას განმეორებით გადამოწმებაზე. თანხმობის მიღების შემდეგ, 2008 წლის 14 ივნისს შიდა ქართლის საკოორდინაციო ცენტრის მიერ გადამოწმდა ნ. თ-შვილის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა _ 50790. სააგენტოს ცენტრალური აპარატის მიერ საქმის შესწავლით დადგინდა, რომ ოჯახის დეკლარაციის შევსების დროს ადილი არ ჰქონია კანონმდებლობით რეგლამენტირებული ნორმების დარღვევას, ოჯახის დეკლარაციით გათვალისწინებული მონაცემები დამუშავებული იყო საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით”, რაც არ იძლეოდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

ნ. თ-შვილი სასარჩელო განცხადებით სადავოდ ხდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს 02/09-17751 გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მოსაზრებას იმის თაობა, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავოდ არაა ქცეული შემწეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელის საფუძველზე სადავოდაა გამხდარი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს 02/09-17751 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. თ-შვილს უარი ეთქვა 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისის ჩათვლით საარსებო შემწეობის გაცემაზე და ასევე სააგენტოს სოციალური პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 10 ივნისის ¹10/10-12377 აქტის ბათილობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარემ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სადავოდ გახადა ყველა მანამდე არსებული აქტი, ხოლო საბოლოოდ სარჩელის საფუძველზე ითხოვს მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე მიღებული შემაჯამებელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ბათილობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყველა მანამდე მიღებული აქტი ჩაითვლება კანონშეუსაბამოდ. ამდენად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოთხოვნის არასრულყოფილების თაობაზე და თვლის, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შეეძლო მოთხოვნის დაზუსტება, სარჩელის ფარგლებში დავის გადაწყვეტით არ დარღვეულა საპროცესო სამართლის ნორმები, რაც არ იძლევა ამ მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. თ-შვილს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹126 დადგენილებაზე მითითებით.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹126 დადგენილებით დამტკიცდა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია, რომლითაც დადგინდა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ პირთა კეთილდღეობის დონის შეფასების წესი. მითითებული დადგენილების 1.1 მუხლის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ შინამეურნეობათა (შემდგომში-მაძიებელთა) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად ამ მეთოდოლოგიის მიხედვით გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება მე-2 მუხლით. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტით, ამა თუ იმ მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლის პროცედურა ეფუძნება სოციალური აგენტის მიერ მისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს შედეგს. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინტერვიუს დროს სოციალური აგენტი ავსებს სპეციალურ კითხვარს, რომელშიც ფიქსირდება მაძიებლის მახასიათებლის ყველა ის მნიშვნელობა, რომელიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელად ფორმულარში.

სარეიტინგო ქულების გამოთვლის მეთოდოლოგიის სპეციფიკა საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლო, მოცემულ პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სადავო აქტის კანონიერებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ შემწეობის შეწყვეტის მომენტისათვის შედგენილი ,,ოჯახის დეკლარაცია” და 2008 წლით დათარიღებული დეკლარაცია (დაინიშნა შემწეობა) თავისი შინაარსით არის იდენტური, მითითებულ პერიოდში მოსარჩელე ნ. თ-შვილის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა და არ გაუმჯობესებულა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც დეკლარაციები არის იდენტური, ხოლო შეფასება მომხდარია სხვადასხვა სარეიტინგო ქულით, კასატორი ვალდებულია საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, დაასაბუთოს კონკრეტულად რა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა ქულათა სხვადასხვაობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

იმავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში წარმოდგენილი ,,ოჯახის დეკლარაციების” იდენტურობა და მიღებული გადაწყვეტილების განსხვავებული შინაარსი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი გამოკვლეული და შესწავლილი არ არის სრულყოფილად, გასაჩივრებული აქტი არ იძლევა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, რამ განაპირობა სარეიტინგო ქულის ცვლილება, იმ ვითარებაში, როდესაც ნინო თინიკაშვილი 2007 წლის ნოემბრამდე ითვლებოდა სოციალურად დაუცველ პირად და აკმაყოფილებდა შემწეობის მიღების პირობებს და ასეთადვე ითვლება 2008 წლის ივლისიდან. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წარმოადგინოს დასაბუთება, რა სახის ცვლილებები განიცადა ნ. თ-შვილის სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ 8-თვიან შუალედში, რითიც მას მოესპო სოციალური შემწეობის მიღების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიიჩნევს დაუსაბუთებლად, თვლის, რომ საქმეზე სრულყოფილად არ არის დადგენილი და გამოკვლეული გარემოებები, რაც იძლევა სადავო აქტის ბათილობისა და მისი ხელახალი გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. თ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹02/09-17751 გადაწყვეტილება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. თ-შვილისათვის 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისის ჩათვლით საარსებო შემწეობის გაცემის თაობაზე;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.