ბს-1467-1401 (კ-09) 26 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ი/მ დ. ა-ძე
დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 3 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ ი/მ დ. A-ძის მიმართ, რომლითაც ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სასურსათო უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტსა და ი/მ დ. A-ძეს შორის 2005 წლის 6 იანვარს დაიდო ¹13 ხელშეკრულება, რომლითაც ი/მ დ. A-ძე ვალდებული გახდა 171 600 ლარის ღირებულების 41 000 კგ. საქონლის ხორცი და 10 000 კგ. ხახვი მიეწოდებინა თავდაცვის სამინისტროსათვის. აღნიშნული ხელშეკრულებით მიწოდება 2005 წლის პირველ თებერვლამდე უნდა განხორციელებულიყო. 2005 წლის 1 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმი და ხელშეკრულებით მისაწოდებელი 41 000 კგ. პროდუქტიდან 10 000 კგ. საქონლის ხორცის სანაცვლოდ მოპასუხე ვალდებული გახდა მიეწოდებინა 8723,4 კგ. ხორცის კონსერვი. ამასთან, ხელშეკრულების 8.1 პუნქტი ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადის მოქმედებას მხარეთა მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდეც. ი/მ დ. A-ძე პროდუქციის მიწოდებას ახორციელებდა კონტრაქტის 5.1.1. პუნქტის შესაბამისად, რაც მოპასუხეს ავალდებულებდა ყოველი პარტიის მიწოდებამდე 2 დღით ადრე ეცნობებინა შემსყიდველისათვის მისაწოდებელი პარტიის რაოდენობა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს 2 დღის ვადაში უნდა უზრუნველეყო შეტყობინებაში მითითებული საქონლის რაოდენობის მიღება თავის საწყობში. აღნიშნული წესის დაცვით განხორციელდა და სრულად შესრულდა ხახვის მიწოდება. რაც შეეხება საქონლის ხორცს, ი/მ დ. A-ძის მიერ საქონლის ხორცის ბოლო მიწოდება განხორცელდა 2005 წლის 23 თებერვალს, ხოლო ხორცის კონსერვისა _ 2005 წლის 1 მარტს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ შეწყვიტა მიწოდება. ი/მ დ. A-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებული აქვს 65731.2 ლარის ღირებულების 16032 კგ. საქონლის ხორცი და 35512.97 ლარის ღირებულების 8661.7 კგ. ხორცის კონსერვი და მისაწოდებელი დარჩა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 14968 კგ. საქონლის ხორცი (6138.8 ლარის ღირებულების) და 61.7 კგ. ხორცის კონსერვი (252.97 ლარის ღირებულების).
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ი/მ დ. A-ძის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა მოეძებნა სხვა მიმწოდებელი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სასურსათო უზრუნველყოფის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ ი/მ დ. A-ძე უსაფუძვლოდ არ შეწყვეტდა პროდუქტის მიწოდებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან დაზოგავდა საქონლის ხორცის შესყიდვაზე 32557,5 ლარს, ხოლო ხორცის კონსერვის შესყიდვაზე _ 51040 ლარს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტმა 2007 წლის 28 თებერვალს ¹10/466 წერილით მიმართა მოპასუხეს და აცნობა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მოპასუხემ 2007 წლის 12 მარტის წერილში მიწოდების შეწყვეტის მიზეზად დაასახელა კვების პროდუქტების მენეჯერთან სიტყვიერი შეთანხმება. წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების ზეპირი ფორმით მოშლას ან შეწყვეტას არც კანონმდებლობა იცნობს და არც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. მოპასუხეს აღნიშნული წერილით ეცნობა ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ოდენობა, რაც გამოიხატა იმასში, რომ თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა მისთვის არასასურველი ტარიფით შეეძინა სამხედრო მოსამსახურის კვების რაციონის აუციელებელი კომპონენტი ხორცის პროდუქტების სახით და გასწია დაგეგმილზე ზედმეტი ხარჯი. საერთო ჯამში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 83597,5 ლარის ოდენობის ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები, კერძოდ, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 361-ე მუხლზე და 394-ე მუხლზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეეძლო მიმწოდებლისათვის _ ი/მ დ. A-ძისათვის დამატებით მიეცა დრო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად 2005 წლის 1 მარტს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ი/მ დ. A-ძისაგან მიწოდებული 8902,51 ლარის ღირებულების 2273 ხორცის კონსერვი.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლით განსაზღვრული მოვალის პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის სავალდებულო გარემოებების არსებობა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდებოდა 2005 წლის 1 მარტს ი/მ მ., ი/მ თ. ბ-ნთან და შპს “...” გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული ხარჯების რეალურად გაწევის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, მაგრამ ამავდროულად დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ დ. A-ძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2005 წლის 25 თებერვალს, რომელიც არ შესრულდა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოვალისათვის არ განუსაზღვრია დამატებითი ვადა ხელშეკრულების შესასრულებლად. საქმეში ასევე წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მიერ მოვალის გაფრთხილების შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ი/მ დ. ა-ძისაგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო 8 902,51 ლარის ღირებულების 22 273 ცალი ხორცის კონსერვი.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 1 მარტს, იმავე დღეს როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ი/მ დ. A-ძისაგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ახალი ხელშეკრულებები გააფორმა სხვა მიმწოდებლებთან იგივე პროდუქციის გაზრდილი ფასებით მიწოდების თაობაზე მაშინ, როდესაც ძველ მიმწოდებელს _ ი/მ დ. A-ძეს უარი არ უთქვამს პროდუქციის ძველი ფასების შესაბამისად მიწოდების გაგრძელებაზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი/მ დ. A-ძის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ იყო დადასტურებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დადგენილ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განეკუთვნება სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. სასკ-ის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2005 წლის 6 იანვარს ი/მ დ. ა-ძესთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹13 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების პროდუქტების მიწოდება. მართალია, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით (2005 წელს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფა, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, აღნიშნული გარემოება ასევე არ ქმნის დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე მეწარმე სუბიექტმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვების პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო თვით ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით, იგი არ აღჭურავს ი/მ დ. A-ძეს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, ხელშეკრულების დადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად თავისთავად არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს. ამასთანავე დავის საგანს წარმოადგენს არა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა, ან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულება თავად სამინისტროს მხრიდან, არამედ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება.
ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას მიეკუთვნება, შესაბამისად, მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251-ე მუხლის, სზაკ-ის 65.2, 651-ე მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.